ზეთისხილის რტო ბრიუსელიდან - რაზე შეთანხმდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი?

22 მაისს სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, რომელიც ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას ეთმობოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.

"ორი ქვეყნის ლიდერი მსამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა", - განაცხადა მიშელმა.

ევროკავშირის კომუნიკის თანახმად, ერევანი და ბაქო უახლოეს მომავალში საზღვრის დამდგენი კომისიის სხდომას ჩაატარებენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციას განიხილავს.

ალიევი და ფაშინიანი სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე მუშაობაზეც შეთანხმდნენ. 

სამშვიდობო პროექტი აზერბაიჯანს და მის ანკლავს, ნახიჩევანს, სომხეთის გავლით დააკავშირებს.

სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ მუშაობას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები "მომდევნო კვირებში" გააგრძელებენ, ნათქვამია კომუნიკეში.

მსგავსი ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში სავარაუდოდ ზაფხულში კიდევ გაიმართება. 


2020 წელს ორ ქვეყანას შორის ექვსკვირიან ომში აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის და მოსაზღვრე ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

მოსკოვის შუამავლობით ერევანმა და ბაქომ ხელი დროებით ზავს მოაწერეს, რომლის შედეგადაც ყარაბაღის ანკლავსა და სომხეთს დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორში 2 000 რუსი სამხედრო ჩადგა.

გასულ თვეში ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ევროკავშირის მედიაციით, ბრიუსელში შეხვდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების „მოსამზადებელი სამუშაო“ დასახეს.

ბაქომ მარტში გამოაქვეყნა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს - რაც, ფაქტობრივად, ერევნის მიერ მთიან ყარაბაღზე უარის თქმას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები