2021 წლის 23 მარტს ისრაელის მოსახლეობა ბოლო 2 წელიწადში რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქნესეთის 120 წევრს აირჩევენ.
ისრაელის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი საპარლამენტო რესპუბლიკის არჩევნები ჩვენთვის არაერთი თვალსაზრისით არის საინტერესო, თუმცა ყველაზე გამოსარჩევი მიზეზი სრულად პროპორციული სისტემაა, რაც საქართველოში წესით უკვე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, 2024 წელს დაინერგება.
ჩვენს ქვეყანაში პარტიებს შორის თანამშრომლობის, რეალურად კოალიციური მთავრობების არსებობის გამოცდილება არ გვაქვს და ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. მართლაც, რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება ქვეყანას ერთდროულად მართავდეს 5, 6 ან 8 პარტიისგან შემდგარი კოალიცია და ამის პარალელურად სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებდნენ, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს და მეტიც, ეს სახელმწიფო ახერხებდეს ვაქცინაციის მსოფლიო ლიდერი იყოს. ისრაელი ამის რეალურობაში გვარწმუნებს.
მეოთხე არჩევნები ბოლო ორ წელიწადში - რატომ?
2020 წლის არჩევნების შემდეგ მოქმედმა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მესამე ცდაზე კოალიციის ფორმირება შეძლო. მისი პარტნიორები მემარჯვენე, ე.წ. ეროვნულ-რელიგიური ბანაკის წარმომადგენელი პარტიები “შასი” და “გაერთიანებული თორას იუდაიზმი” გახდნენ. თუმცა, მათი ხმები ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდთან” ერთად მთავრობის შესაქმნელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მაშინ, როდესაც თითქმის ყველა იმედი გადაწურული იყო და ხელახალი არჩევნები თითქმის გარდაუვალი ჩანდა, მოულოდნელად ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა კონკურენტმა ბენი განცმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან კოალიციური შეთანხმება გააფორმა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწყებული კრიზისით ახსნა.
ამ შეთანხმებას მისი გაერთიანების “ლურჯის და თეთრის” (ისრაელის დროშის ფერები. - რედ.) დაშლა მოჰყვა, რადგან ეს გაერთიანება ნეთანიაჰუს შესაცვლელად შეიქმნა და მათი მთავარი დაპირება ის იყო, რომ ნეთანიაჰუსთან კოალიციაში არცერთ შემთხვევაში არ შევიდოდნენ. ბენი განცის გაერთიანება მაშინ ქნესეთში შესული 33 წევრიდან 17-მა დატოვა, თუმცა დარჩენილი ხმები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ბენი განცმა კოალიციის შექმნამდე ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოეს. შეთანხმების მთავარი პირობა იყო ის, რომ მოქმედი პრემიერი ამ პოზიციაზე მხოლოდ 18 თვის განმავლობაში დარჩებოდა, შემდეგ კი ქვეყნის მართვას ბენი განცი შეუდგებოდა. გარდა ამისა, ახალ მთავრობაში მინისტრების თანაბარი რაოდენობა ეყოლებოდათ პარტია “ლურჯ და თეთრს” და “ლიკუდს“, მის ტრადიციულ პარტნიორ პარტიებთან ერთად. ამ პირობის დასაკმაყოფილებლად ისრაელში სამინისტროების რაოდენობა 21-დან 27-მდე გაიზარდა. ბენი განცის “ლურჯმა და თეთრმა” მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროები, როგორიც არის იუსტიციის, ეკონომიკის, ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები. თავად ბენი განცი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
შეთანხმების თანახმად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები მთავრობის ჩამოყალიბებიდან 36 თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა, იყო პუნქტი, რომ თუ 2020 წლის 23 დეკემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დამტკიცდებოდა ახალი არჩევნები 2021 წლის 23 მარტს დაინიშნებოდა და მოვლენებიც სწორედ ამ სცენარით განვითარდა.
2020 წლის დეკემბერში ისრაელის ქნესეთის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადის გადაწევას და ახალი არჩევნები ავტომატურად დაინიშნა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანაში მისი კოალიციური პარტნიორი ბენი განცი დაადანაშაულა.
“ახლა ძალებს უნდა ვაერთიანებდეთ, რომ სრულიად არასაჭირო არჩევნები არ დავუშვათ. ბოლო მომენტში ბენი განცმა ჩვენი შეთანხმება დაარღვია,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ცენტრისტული პარტიის “იეშ ატიდის” ლიდერმა იაირ ლაპიდმა კი მის საპასუხოდ თქვა: “ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვის დასცინით? თქვენ არ გადარდებთ მუტაცია (ვირუსის), თქვენ მხოლოდ როტაციაზე დარდობთ.” ლაპიდმა ნეთანიაჰუს მიანიშნა, რომ მას არ სურდა დაპირების შესრულება და 18 თვის შემდეგ განცისთვის პრემიერ-მინისტრობის დათმობა.
კორონამენეჯმენტი: ნეთანიაჰუს მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა?
ისრაელის მოქმედი მთავრობის მთავარი გამოწვევა კორონავირუსთან ბრძოლა იყო. ვირუსის პირველი შემთხვევა 21 თებერვალს დაფიქსირდა, 11 მარტიდან სხვადასხვა ტიპის რეგულაციები დაწესდა, ხოლო 19 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და აუცილებელი მიზეზების გარდა სახლიდან გასვლა აიკრძალა. მალევე გამკაცრდა გადაადგილების შეზღუდვა და სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება. განსაკუთრებით მძიმე იყო მდგომარეობა ულტრა-ორთოდოქსებით დასახლებულ ქალაქებში, სადაც რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, მოსახლეობა რეგულაციებს პერმანენტულად არღვევდა.
პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კრიზისის საპასუხოდ 80 მილიარდი შეკელის ($22 მილიარდი) ეკონომიკური დახმარების პაკეტი წარმოადგინა, საიდანაც 10 მილიარდი შეკელი ჯანდაცვაზე, 30 მილიარდი შეკელი - სოციალურ დახმარებებზე და 32 მილიარდი შეკელი მცირე და დიდი ბიზნესის დახმარებაზე დაიხარჯა. გარდა ამისა დახმარებები შშმ პირებმა, მოხუცებმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს.
ამ ღონისძიებების მიუხედავად, ისრაელის ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას კრიზისის არაეფექტურად მართვაში ადანაშაულებდნენ. კორონავირუსს ქვეყანაში დაახლოებით 6000 ადამიანი შეეწირა, რაც ყველაზე უარესი შედეგების ცხრილში 55 მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ნეთანიაჰუ კრიტიკის ქვეშ იყო ულტრა-ორთოდოქსების მიერ რეგულაციების დარღვევაზე არასაკმარისი რეაგირების გამო. მას დარღვევების მიმართ ლმობიერებაში ადანაშაულებდნენ, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ მისი ტრადიციული კოალიციური პარტნიორები სწორედ ამ სექტორის წარმომადგენელი პარტიები “გაერთიანებული თორას იუდაიზმი” და “შასი” არიან.
თუმცა, კრიტიკული განწყობა სულ მალე ისრაელის მსოფლიოში სამაგალითო ქვეყნად ქცევამ შეცვლა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეძლო, რომ ყველაზე ადრე, საბაზროზე მაღალ ფასად შეეძინა Pfizer-ის ვაქცინის 8 მილიონი, AstraZeneca-ს - 10 მილიონი და Moderna-ს 6 მილიონი დოზა. ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის 9 დეკემბერს შევიდა და სადემონსტრაციოდ, პირადად პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა. ქვეყანამ უსწრაფესად აწარმოა ვაქცინაციის კამპანია. 2021 წლის 10 იანვარს უკვე ვაქცინის 700 000 დოზა იყო გაკეთებული.
დღეისთვის ისრაელში ვაქცინის პირველი დოზით 5 200 000 ადამიანია აცრილი, ორივე დოზით კი - 4 420 000-ზე მეტი. მათ შორის, აცრილია ექიმებისა და რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა. წინა კვირაში ისრაელში თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა და მომავალი კვირიდან ქვეყანაში უკვე ღამის კლუბების გახსნა იგეგმება. ბენიამინ ნეთნაიაჰუმ წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა, რომ მესამე ლოქდაუნის დასრულებით ქვეყანაში ბოლო ლოქდაუნი დასრულდა და მეტჯერ ამის საჭიროება არ დადგება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაცია ნეთანიაჰუს კამპანიის მთავარ საკითხად იქცა. ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ “გულწრფელად აღფრთოვანებულია პრემიერ-მინისტრის ჯიუტი” მცდელობებით დაერწმუნებინა ის, რომ ისრაელი იყო საუკეთესო ადგილი ვაქცინის დიდ პოპულაციაზე დასატესტად.
“მან 30-ჯერ დამირეკა,” - აღნიშნა ბურლამ.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქალაქე იყო, ვინც ვაქცინა გაიკეთა
როგორ ტარდება არჩევნები ისრაელში?
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ქნესეთის ყველა წევრს მოსახლეობა პროპორციული სისტემით ირჩევს. მინიმალური ბარიერი 3.25%-ია, რაც ავტომატურად 4 მანდატს უდრის. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჭარბი ხმების გადანაწილების წესიც მოქმედებს. ამ მეთოდით, ცალკე რეგისტრირებული ორი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთს არჩევნებამდე უთანხმდება, რომ ისინი მზად არიან, მათ მიერ მიღებული ხმების ის ნაწილი, რომელიც დამატებითი მანდატის მისაღებად საკმარისი არ არის, მეორე პარტიას გადასცენ. ამ მეთოდით შესაძლებელი ხდება, რომ ერთი პარტიისთვის არაფრის მომტანი ხმები არ დაიკარგოს, რაც წინასწარ შერჩეულ პარტნიორს, დამატებითი მანდატის მოპოვებაში ეხმარება.
ისრაელში პარტიები პირობითად ორ - მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკად იყოფიან. არჩევნებზე კონკურენცია არამხოლოდ პარტიებს, არამედ ბანაკებს შორისაც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა თუ რომელი ბანაკი შეძლებს უმრავლესობისთვის საკმარისი ჯამური 61 მანდატის მოპოვებას. მოსახლეობამ თითქმის ყველა პარტიისგან წინასწარ იცის, ვისთან აპირებენ პოლიტიკური ძალები კოალიციის შექმნას. შესაბამისად, ერთიდაიგივე ბანაკის წევრი პარტიების მიერ მსგავსი შეთანხმების გაფორმების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს და ეს უზრუნველყოფს, რომ არცერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს.
ისრაელი გამორჩეულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მეთოდით. ტრადიციული ბიულეტენების ნაცვლად, სადაც სასურველი პოლიტიკური სუბიექტის ნომერს ვხაზავთ, ისრაელში ამომრჩევლებს კაბინაში ბარათები ხვდებათ, რომელზეც პარტიის სიმბოლო - ასო და სრული სახელია დაწერილი.
ძირითადი პარტიების პლატფორმა და შესაძლო კოალიცია
საპარლამენტო არჩევნებში არაერთი პარტია მონაწილეობს, მაგრამ ოთხი მათგანი გამორჩეულია და მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. სწორად ამიტომ, ჩვენი ყურადღებაც ამ პარტიებზე გამახვილდა და რანგირებაც მათ საარჩევნო შანსებს დაეფუძნა.
ლიკუდი
პარტია “ლიკუდი” 2009 წლიდან ისრაელის მმართველი კოალიციის ყველაზე დიდი პოლიტიკური სუბიექტია, ბოლო 25 წელიწადში კი მათ ეს სტატუსი 20 წლის განმავლობაში ჰქონდათ. პარტიის ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი (15 წელია) პრემიერია.
“ლიკუდი” მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, ეკონომიკურად მემარჯვენე ლიბერალური, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში კატეგორიულად გამორიცხავს პალესტინური სახელმწიფოს შექმნასა და ტერიტორიულ დათმობებს. 2005 წელს ნეთანიაჰუ ეწინააღმდეგებოდა ღაზის ოკუპაციის დასრულებას, რის გამოც “ლიკუდი” პარტიის ლიდერობის უმრავლესობამ დატოვა, თუმცა ამის შემდეგ 2009 წელს ლიკუდმა ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლო. პარტია ემხრობა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული ახალშენების მშენებლობას.
2020 წლის საარჩევნო კამპანია მთლიანად ნეთანიაჰუს პერსონაზეა აგებული, როგორც ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწეზე ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის კამპანია და არაბულ ქვეყნებთან მშვიდობა მოუტანა. პარტიის მიზანია მაქსიმალურად დიდი მობილიზება გაუკეთოს მემარჯვენე ამომრჩევლებს და სხვა მემარჯვენე პარტიების - იამინას და ახალი იმედის შესაძლო მხარდამჭერები შეაშინოს, რომ მათთვის ხმის მიცემა იაირ ლაპიდის და მემარცხენეებს ხელისუფლებაში მოყვანას ნიშნავს.
წინასაარჩევნო კვლევებით “ლიკუდი” პირველ ადგილზეა და სავარაუდოდ 30-32 მანდატს მოიპოვებს, ხოლო კითხვაზე თუ ვინ არის პრემიერ მინისტრობის საუკეთესო კანდიდატი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 40%-ით პირველ ადგილს იკავებს.
იეშ ატიდი
ცენტრისტული პარტია “იეშ ატიდი” 2013 წელს ცნობილმა ჟურნალისტმა იაირ ლაპიდმა დააფუძნა. იმავე წელს პირველივე არჩევნებზე პარტიამ 19 მანდატი მიიღო, რითიც მეორე ადგილი მოიპოვა, რის შემდეგაც თავად იაირ ლაპიდი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფინანსთა მინისტრი გახდა. თუმცა მისი რეიტინგი მალევე დაეცა ფინანსთა მინისტრობისას მიღებული არაპოპულარული გადაწყვეტილებების გამო.
მისი მინისტრობის პერიოდს დაემთხვა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, გადასახადების ზრდა და თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების მოთხოვნის გამო, თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირება. სწორედ, ამ ნაბიჯების გამო უწოდებს ბენიამინ ნეთანიაჰუ ლაპიდს ისრაელის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფინანსთა მინისტრს, ხოლო საკუთარ თავს - საუკეთესოს. “იეშ-ატიდი” გაერთიანება “ლურჯი და თეთრის” ნაწილი იყო, თუმცა ნეთანიაჰუსთან კოალიციაში ბენი განცის შესვლის შემდეგ, ლაპიდის ჯგუფი ოპოზიციაში დარჩა.
პარტია განსაკუთრებულ აქცენტს სეკულარიზმზე აკეთებს. მათი მიზანი ისრაელის კანონმდებლობასა და ხელისუფლებაზე რელიგიური ჯგუფების გავლენის შემცირებაა. “იეშ-ატიდის” მოთხოვნაა, რომ ისრაელის ყველა მოქალაქე ჯარში გაიწვიონ, დღეს არსებული გამონაკლისების გარეშე. (ამჟამად ისრაელის ულტრა-ორთოდოქსი და არაბი მოქალაქეები არ არიან ვალდებული ჯარში იმსახურონ. - რედ.).
პარტიის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ულტრა-ორთოდოქსების სკოლებში სავალდებულო გახდეს მათემატიკისა და ინგლისურის სწავლა, რათა მათ საზოგადობასა და შრომის ბაზარზე ინტეგრირება შეძლონ და მხოლოდ რელიგიური წიგნები არ იკითხონ. ისინი სამინისტროების რაოდენობის 18-მდე და ზოგადად, ბიუროკრატიის შემცირებას ემხრობიან. ასევე ლაპიდის პარტია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისრაელის საშუალო კლასის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებზე - ტრანსპორტზე, ფასების ზრდასა და საცხოვრებელის ხელმისაწვდომობაზე.
იაირ ლაპიდი წინასაარჩევნო კამპანიაშია ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი ალტერნატივად პოზიციონირებს. ამჟამად “იეშ ატიდი” საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მეორე ადგილზეა და 18-20 მანდატს მოპოვების პერსპექტივა აქვს.
ამასთანავე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებში იაირ ლაპიდი მხოლოდ ნეთანიაჰუს ჩამორჩება და 21%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა.
იაირ ლაპიდი მკაცრი სეკულარული წყობის მომხრეა
იამინა
“იამინა” მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის ლიდერებიც ნეთანიაჰუს მთავრობის ყოფილი წევრები, ნაფტალი ბენეტი და აილეთ შაკედი არიან. პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინური სახელმწიფოს შექმნას და ახლანდელი დასავლეთ ნაპირის ნაწილების - იუდეის, სამარეის და მდინარე იორდანის ხეობის ანექსიას ემხრობა.
“იამინას” რეიტინგი კორონაკრიზისის პერიოდში გაიზარდა, როდესაც ნაფტალი ბენეტი ცოტა ხნით თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა. ის ითხოვდა კრიზისის მენეჯმენტი მას და თავდაცვის სამინისტროს აეღოთ, თუმცა მალევე ნეთანიაჰუმ ახალი სამთავრობო კოალიცია “იამინას” გარეშე ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, ბენეტი პრემიერ-მინისტრის კორონაპოლიტიკის მთავარ კრიტიკოსად იქცა. 2020 წლის მეორე ნახევარში მან წიგნი დაწერა “როგორ დავამარცხოთ პანდემია,” სადაც საუბარი იყო ვირუსთან ბრძოლაში ჯარისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე, თუმცა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წიგნში პრემიერ-მინისტრი პერსონალურად არცერთხელ არ გაუკრიტიკებია.
“იამინა” ერთადერთი პარტიაა, რომელიც წინასწარ არ ასახელებს რომელ პოლიტიკურ ბლოკთან გააკეთებს კოალიციას და ორივე ბანაკთან თანამშრომლობას უშვებს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაფტალი ბენეტს ნეთანიაჰუს კოალიციებში ყოფნის დიდი წარსული აქვს, იქამდე კი 2006-2008 წლებში ბენიამინ ნეთანიაჰუს შტაბის უფროსი იყო. ბენეტი პრემიერ-მინისტრობის ამბიციასაც გამოთქვამს, თუმცა მისი პარტიის რეიტინგიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამასთანავე, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ის აპირებს შექმნას სტაბილური მემარჯვენე მთავრობა პრემიერის როტაციის (როგორც ეს წინა არჩევნების შემდეგ, ბენი განცთან დადებული შეთანხმებით განისაზღვრა) გარეშე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, “იამინა” დაახლოებით 10 მანდატს მიიღებს, ხოლო ბენეტის პრემიერ-მინისტრობას გამოკითხულთა 10% ემხრობა.
ახალი იმედი
პარტია “ახალი იმედი” ლიკუდის ყოფილმა წევრმა და შსს მინისტრმა გიდეონ საარმა დაარსა. საარი საკუთარი ხედვებით მემარჯვენეა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინური სახელმწიფოს შექმნას და ემხრობა დასავლეთ სანაპიროს ანექსიას, პალესტინელებისთვის ავტონომიის მიცემის პირობით.
გიდეონ საარს წარსულში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შიდაპარტიული დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ბოლოს მან 2019 წლის ოქტომბერში გამოიწვია პრემიერ-მინისტრი ლიკუდის ლიდერობისთვის რიგგარეშე არჩევნებში. კამპანიისას ნეთანიაჰუ მას ბრალს დებდა მემარცხენეებთან და მედიასთან გარიგებაში, რათა ის მოეშორებინათ ქვეყნის ლიდერობიდან. საპირისპიროდ, საარის მას 1996-99 წლებში, პრემიერობის პირველ ვადაში პალესტინელებისთვის ტერიტორიულ დათმობებზე აკრიტიკებდა.
შიდაპარტიულ რბოლაში ნეთანიაჰუმ ის დიდი უპირატესობით დაამარცხა (72.5% VS 27.5%), რის შემდეგაც გიდეონ საარმა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნა.
“ახალი იმედის” წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ საარი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ყველაზე სოლიდურ ალტერნატივად ისე წარმოაჩინოს, რომ მემარჯვენე პრემიერი და კოალიცია იყოს ხელისუფლებაში. გარდა ამისა, პარტია აქცენტს ხელისუფლების მეტ დეცენტრალიზაციაზე აკეთებს.
კვლევებით, “ახალი იმედი” მომავალ პარლამენტში 10 მანდატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატად გიდეონ საარს გამოკითხულთა 9% მიიჩნევს.
არაბული უმცირესობის ხმებისთვის ბრძოლა
ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს 2019 წლის მონაცემებით ეთნიკური არაბების რიცხვი 1,9 მილიონამდე მერყეობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ზე მეტია. ისინი უმეტესად არაბული უმრავლესობის მქონე ქალაქებში არიან დასახლებული. აღსანიშნავია, რომ ისრაელის 10 ყველაზე ღარიბი ქალაქიდან 8 არაბულია.
ისრაელის არაბულ მოსახლეობას ქნესეთში ძირითადად 4 პარტია წარმოადგენს, ესენია: 1) “ბალადი” - მემარცხენე, ანტი-სიონისტური, არაბული ნაციონალიზმის მიმდევარი პარტია; 2) “ჰადაში” - ისრაელის კომუნისტური პარტიის და სხვა ულტრა-მემარცხენე ჯგუფების გაერთიანება; 3) “ტაალი” - არაბული ნაციონალიზმი; 4) “რაამი” - ისლამისტური, სოციალურად კონსერვატიული პარტია, რომლის ძირითადი მხარდამჭერებიც ბედუინები არიან.
აღნიშნული პარტიები 2015 წლიდან ორ ჯგუფად ან ერთიანი სიით მონაწილეობდნენ საპარლამენტო არჩევნებში, რათა 3.25%-იანი ბარიერი გარანტირებულად გადაელახათ. მათ ასევე აერთიანებთ ანტი-სიონიზმი და პალესტინურ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება. ამ პარტიებიდან არჩეული დეპუტატები ქნესეთის სხდომებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ, როცა ისრაელის ჰიმნი “ატიკვა” (იმედი. - რედ.) ირთვება.
ბოლო არჩევნებზე არაბული პარტიების გაერთიანებულ სიას ისტორიაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, რაც 581,507 მიღებულ ხმასა და 15 მანდატში გამოიხატა. ისრაელის არაბულ მოსახლეობაში სხვა პარტიებიდან ყველაზე მეტი ხმა ბენი განცის “ლურჯმა და თეთრმა” მიიღო, თუმცა ხმების ეს რაოდენობა (29 900) 1 მანდატისთვისაც კი არ ყოფილა საკმარისი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის არჩევნებზე არცერთი სიონისტური პარტიის სიის გამსვლელ ადგილას არ ყოფილა არაბი კანდიდატი. დაძაბული და მძიმე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში არაბულ სექტორში რევოლუციური ცვლილებები მოხდა.
ოთხი არაბული პარტიის გაერთიანება წარმატებული არჩევნების შემდეგ მალევე დაიშალა. ისლამისტური პარტიის “რაამის” ლიდერმა მანსურ აბასმა ღიად დაიწყო საუბარი ხელისუფლებასთან და კონკრეტულად ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდთან” თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა არაბულ სექტორში გადაიჭრას სიღარიბის, კრიმინალის და პოლიციის გამორჩეული სისასტიკის პრობლემა. მისი განცხადებები დანარჩენი 3 პარტიის წარმომადგენლებმა პრინციპების ღალატად და იმ ადამიანთან კოლაბორაციად ჩათვალეს, რომელიც წლების განმავლობაში არაბების მიმართ ქსენოფობიას აღვივებდა. განხეთქილების საბოლოო მიზეზი ე.წ “ჰომოსექსუალების მოქცევის თერაპიის აკრძალვის” კანონი იყო, რომლის მიხედვითაც ფსიქოთერაპევტებს და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ მსგავსი თერაპიის ჩატარება, თუმცა ეს აკრძალვა რაბინებზე არ მოქმედებდა.
კანონს მხარი “გაერთიანებული არაბული სიის” რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის სიის პირველმა ნომერმა აიმან უდემ დაუჭირა. ისრაელში მცხოვრები არაბების უმრავლესობა კონსერვატორული განწყობებისაა. ამიტომ მანსურ აბასმა ამ ადამიანების განწყობებზე კაპიტალიზება გადაწყვიტა და “გაერთიანებული არაბული სია” საბოლოოდ დაიშალა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი სოციოლოგიური კვლევით პრო-ნეთანიაჰუ და ანტი-ნეთანიაჰუ ბანაკები 58-58 მანდატს ფლობენ და გადამწყვეტ 4 მანდატი შესაძლოა არაბულ პარტია “რაამს” ჰქონდეს, რომელიც ბარიერის ზღვარზეა და მზაობას გამოხატავს ნეთანიაჰუს კოალიციასთან ითანამშრომლოს. მეტიც, პარტიის ლიდერმა მანსურ აბასმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ე.წ. “ფრანგულ კანონს,” რომლთაც ნეთანიაჰუ იმუნიტეტს მიიღებს და პროკურატურის დევნისგან განთავისუფლდება, თუ ამის სანაცვლოდ ის დამატებით რესურსებს მიიღებს არაბულ სექტორში არსებული პრობლემების დასამარცხებლად. ამ კანონის ინიცირება არ იგეგმება, რადგან ნეთანიაჰუ მას აღარ ემხრობა. თუმცა, “რაამთან” მემარჯვენე პარტიების კოალიცია ნაკლებად სავარაუდოა. ამ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს ნეთანიაჰუს ტრადიციული პარტნიორის, მისი ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის ულტრამემარჯვენე, რელიგიურ-სიონისტური პარტია.
რეკორდული 15 მანდატის მოპოვების შემდეგ, არაბულ სექტორში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა. “გაერთიანებული არაბული სიის” წევრები, როგორც წესი ქნესეთში ანტი-სიონისტურ და პრო-პალესტინურ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ნაკლებად აკეთებენ აქცენტს უბრალო არაბების პრობლემებზე. ეს მოცემულობა ბევრმა სიონისტურმა პარტიამ შანსად აღიქვა, რათა არაბული პარტიების ტრადიციული მხარდამჭერების და უბრალოდ პოლიტიკურად არააქტიური არაბების ხმები მოიპოვოს.
"ვის ასულელებს?" - ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო არაბულენოვანი ბილბორდი
არაბული ხმების გაზრდილ მნიშვნელობას თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები ადასტურებს. “მემარჯვენე ხელისუფლება საფრთხეშია. არაბი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ჯგუფურად მიდიან. მემარცხენე ორგანიზაციებს ისინი ავტობუსებით მოჰყავთ.” - ასეთი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა 2015 წლის 17 მარტს, არჩევნების დღეს, რის გამოც ის ქსენოფობიასა და ისრაელის არაბული მოსახლეობის “მეორეხარისხოვან” მოქალაქეებად წარმოჩენაში დაადანაშაულეს. მაშინ, ეს მოწოდება “ლიკუდის” ამომრჩევლების მობილიზებისთვისა და პატარა მემარჯვენე პარტიების მომხრეების გადმობირებისთვის გაკეთდა.
2021 წლის საარჩევნო კამპანია ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებულია. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის გარდა, ბოლო პერიოდის მთავარი მიღწევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებებია. ეს შეთანხმებები ისრაელისთვის გარდა უზარმაზარი დიპლომატიური მიღწევისა, მილიარდობით დოლარის ინვესტიციების წყარო შეიძლება გახდეს.
ამ ფონზე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო. “ახალი იმედთან” და “იამინასთან” დაკარგული ტრადიციული მემარჯვენე ხმების შესავსებად მან ახალი ამომრჩევლების ძებნა არაბული პარტიებით იმედგაცრუებულ არაბულ მოსახლეობაში დაიწყო. მისი ინიციატივით “ლიკუდის” სიაში 39-ე ნომრად მუსლიმი სკოლის დირექტორი ნაილ ზოაბი ჩაწერა. ზოაბი დიდი ალბათობით ქნესეთის წევრი ვერ გახდება, ამიტომ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ შეიქმნება “არაბული საზოგადოების პრობლემებთან ბრძოლის სამინისტრო”, რის შემდეგაც ზოაბი ისრაელის ისტორიაში პირველი მუსლიმი არაბი მინისტრი იქნება.
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არაბულ სექტორში კრიმინალთან ბრძოლაში 32 მილიონი დოლარი დაიხარჯება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად არაბულ ქალაქებში უკვე არაერთი პოლიციის შენობა გახსნა. ნეთანიაჰუს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველაზე დიდი არაბული ქალაქის, ნაზარეთის მერმა ალი სალამმა. მან განაცხადა : “გულწრფელად ვამბობ, რომ ბიბის მმართველობამ ყველა დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური განვითარება მოუტანა ისრაელის არაბ მოქალაქეებს.”
მოგვიანებით, ეს პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს “გაერთიანებული არაბული სიის” წარმომადგენლებმა.
ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, ისრაელის არაბი მოქალაქეების 31% ნეთანიაჰუს პრემიერობას ემხრობა. წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და წინა არჩევნებში არაბულ სექტორში მიღებული 10,000 ხმის ფონზე, ეს მაჩვენებელი ფენომენალური შედეგია.
დასკვნა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების შედეგზე საბოლოო ზეგავლენა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს. მათ შორის არის ბარიერის ზღვარზე მყოფი სამი პარტიის - “მერეცის”(ულტრა-მემარცხენე), “ლურჯი და თეთრის”(ბენი განცის პარტია) და “რაამის” (ისლამისტური) ფაქტორი. იმ შემთხვევაში, თუ “მერეცი” ან “ლურჯი და თეთრი” ბარიერს მიღმა დარჩება, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდება ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო კოალიციის ჩამოყალიბება, რაც მოქმედი პრემიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კვლევით, 10-დან 1 ისრაელის მოქალაქეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემს 23 მარტს გასამართ არჩევნებში ხმას. შესაბამისად, წინა სამი არჩევნების მსგავსად, საბოლოო რეზულტატის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.