ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის საზღვაო ანალიზის ცენტრის [CNA] რუსეთის დეპარტამენტის დირექტორმა და სამხედრო კომენტატორმა მაიკლ კოფმანმა საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის [FPRC] მიერ ორგანიზებულ ვებინარზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა.
კოფმანის შეფასებით რუსეთს სწრაფად ეწურება ომის გაგრძელების რესურსი და მაღალი ალბათობით, დონბასის ბრძოლის მიმდინარე ფაზის დასრულების შემდეგ, რუსეთი მასშტაბურ შეტევას ვეღარ წამოიწყებს.
"რამდენადაც ვხედავთ დონბასში არსებულ ვითარებას - მიმდინარე შეტევა არის რუსეთის ბოლო დიდი თავდასხმითი ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში. რუსეთს არმიას უბრალოდ არ ჰყოფნის ძალა." - ამბობს კოფმანი.
სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის არმიის პოტენციალის დიდი ნაწილი უკვე აღარ არსებობს და ამის მიზეზი ომის პირველ ფაზაში, პირველი სამი კვირის განმავლობაში განცდილი დანაკარგებია.
რუსეთის არმიის ზოგად მდგომარეობაზე
კოფმანის თქმით, ომის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთის არმიის მდგომარეობის შესახებ ბევრი ისეთი დეტალი გაირკვა, რომელზეც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაშიც არაფერი იცოდნენ.
"არაერთ სამხედრო ოლქში საბრძოლო შენაერთების მზაობის ზოგადი დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე მეთაურები თვითონ ელოდებოდნენ. მათ საბრძოლო მზაობის მაჩვენებელი თავად შეამცირეს - ისინი უფრო მოქნილი სტრუქტურის შექმნას ცდილობდნენ და ბრიგადები გადააკეთეს დივიზიებად", - ამბობს კოფმანი.
სამხედრო ექსპერტის ცნობით, რუსეთის არმიაში მნიშვნელოვნად შემცირებულია ცოცხალი ძალის რაოდენობა. მაგალითად - ბატალიონში სულ 600-მდე სამხედრო მოსამსახურეა. შედარებისთვის, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ბატალიონში 700-დან 900-მდე ჯარისკაცი იყო.
კოფმანის თქმით, საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 350-მდე ჯარისკაცს არ აღემატება.
კოფმანის განმარტებით, რუსეთის არმიის რეგიონული ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ხელოვნურად ზრდიდა ქაღალდზე არმიის საბრძოლო მზაობის დონეს.
ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის არმიის რეფორმირების მეორე ტალღის პროცესში მნიშვნლონად შემცირდა ქვეითი დანაყოფების რაოდენობა.
"მათ ბატალიონებში და ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებში ქვეითების რაოდენობა შეამცირეს. იქ სადაც რეფორმამდე იყო ქვეითების ბატალიონი ახლა არის ასეული. რუსეთის არმიაში არ არსებობს დესანტირებადი ქვეითები", - ამბობს კოფმანი.
არსებითად რუსეთის არმიის დესანტირებად ნაწილები მხოლოდ БМП-ების და БТР-ების ეკიპაჟია. სწორედ ამით იხსნება ტანკების კოლოსალური დანაკარგები - კოფმანის თქმით, რუსეთმა უკვე დაკარგა 600-მდე ტანკი, რაც რუსეთის აქტიური სატანკო დანაყოფების 20%-ს უტოლდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ომი ძალიან ვიწრო წრეში დაიგეგმა და ამის შესახებ ინფორმაცია ლოკალურ სამხედრო ხელმძღვანელებს არ ჰქონდათ, მათ ვერ მოასწრეს ვითარების გამოსწორება და ომის დაწყებას მოუმზადებლები შეხვდნენ - როგორც ტექნიკური, ასევე საბრძოლო სულისკვეთების თვალსაზრისით.
კოფმანის აზრით, ეს რუსეთის სამხედრო კამპანიის წარუმატებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო.
ომის ოპერატიული მდგომარეობა
კოფმანის თქმით, იზიუმის მიმართულებით განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების დარტყმა კრამატორსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებითაა კონცენტრირებული.
"რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სევეროდონეცკის დაჯგუფების ალყაში მოქცევას და ლუჰანსკის სრულად დაკავებას. ეს ლუჰანსკის ბოლო ნაწილია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ."
კოფმანი ამბობს, რომ ეს ტაქტიკური მარცხის აღიარებას წარმოადგენს, რადგანაც თავდაპირველად რუსები გაცილებით უფრო ფართო ალყის ორგანიზებას ცდილობდნენ, რომელიც იზიუმიდან სევეროდონეცკისა და დონეცკის მახლობლად შეხების ხაზზე ჩაივლიდა და უკრაინელი მებრძოლების მსხვილ დაჯგუფებას მოაქცევდა ალყაში:
"მათ ამისთვის ძალები არ ჰყოფნით."
კოფმანის თქმით, რუსებმა დაკარგეს რიცხობრივი უპირატესობაც და ძალთა შეფარდება 1/1-ზეა მაშინ, როდესაც წარმატებული შეტევისთვის მოიერიშე მხარეს როგორც მინიმუმ სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა უნდა ჰყავდეს.
სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთი ომის პირველ ფაზისგან განსხვავებით მსხვერპლის შემცირებას ცდილობს.
კოფმანი ასევე ამბობს, რომ ეს ძირითადად არტილერიის ომია და მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებისა, ორივე მხრდიდან მსხვეპლის უდიდესი ნაწილი საარტილერიო დარტყმებზე მოდის.
მობილიზაციაზე
კოფმანის აზრით საბჭოთა არმიისგან განსხვავებით რუსეთის თანამედროვე ჯარს არ შეუძლია საერთო მობილიზაციის ორგანიზება. ამგვარად, რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაციის რესურსი გააჩნია, თუმცა აქაც რამდენიმე მწვავე პრობლემა არსებობს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ კიევთან განცდილი მარცხისას რუსეთმა მინიმუმ 30 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება გამოიყვანა, რომლებიც აღარ არიან ბრძოლისუნარიანები. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვინ დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ცენტრებში, ვინც უნდა გაწვრთნას რეზერვისტები ან წვევამდელები ომში გასაგზავნად?"
კოფმანის თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაციას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებიც უშლის ხელს - "პუტინი ცდილობს ეს ომი ისე აწარმოოს როგორც სპეცოპერაცია, ის არ აცხადებს საომარ მდგომარეობას, რაც უფლებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს თავი აარიდონ ომში წასვლას."
სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილისა თავიდან აირიდოს საომარი მდგომარეობის ან საერთო მობილიზაციის გამოცხადება, კრემლი იძულებული იქნება ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
"პუტინს მოუწევს რამის გამოცხადება, ჩემი აზრით ეს მომდევნო 30-60 დღის განმავლობაში მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის არმიის ეს ზოგად-სტრატეგიული მარცხი გარდაიქმნება რეალურ მარცხად ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ რუსეთის ჯარი ვერ შეძლებს ამ ომის გაგრძელებს. და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად იმისა თუ როგორ დასრულდება მიმდინარე შეტევა დონბასში."
კოფმანის თქმით, რუსეთს უბრალოდ არ ჰყოფნის რესურსი როტაციისთვის, რის გამოც გარღვევის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვისაა განწირული.
ამასთანავე, კოფმანის აზრით, რუსეთში საერთო მობილიზაციას არ გამოაცხადებენ, რადგანაც ეს უბრალოდ უაზრო და არაფექტური ნაბიჯი იქნება:
"პირველ რიგში ეს სრულიად უაზროა, რუსეთის არმიას არ შეუძლია ახალი ხალხის მიღება. ამასთანვე არავინ იცის, რა მდგომარეობაა რუსეთის სამხედრო საწყობებზე - იქ იქნება ტექნიკა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ტექნიკის 80% მუშა მდგომარეობაში არ არის".
კოფმანის თქმით, ამ დროისთვის რუსეთს არ აქვს კარგი არჩევანი და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელები "სტრატეგიული პროკრასტინაციის" ფაზაში იმყოფებიან.
გარღვევის შესაძლებლობა სამხრეთში
სამხედრო ექსპერტის თქმით, უკრაინის სამხრეთში - ხერსონის, ნიკოლაევის ან ოდესის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გარღვევის პოტენციალი უბრალოდ არ გააჩნიათ და ასეთი რამ უახლოეს მომავალში უბრალოდ გამორიცხულია.
კოფმანის განმარტებით, ხერსონში რუსები უკვე თავდაცვით მდგომარეობაში არიან და უახლოეს მომავალში მარტივი წარმოსადგენია, რომ მათ ხერსონის დიდი ნაწილის დატოვება მოუწიოთ.
ვითარება ხარკოვის ირგვლივ
კოფმანის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მთავარი ამოცანის შესრულება და რუსული არტილერიას პოზიციები შეაცვლევინეს - ქალაქის დიდი ნაწილი რუსული არტილერიისთვის უკვე ხელმიუწვდომელია.
სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინის ცალკეული დანაყოფები უკვე ავიდნენ რუსეთის საზღვართან და უახლოეს დღეებში რუსები მაღალი ალბათობით დაკარგავენ იმ საბუფერო ზონას, რომლის შექმნასაც ხარკოვის ირგვლივ ცდილობდნენ:
"აქ არავინ არის ვისაც უკრაინელების შეჩერება შეუძლია, იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი სევეროდონეცკის მიმართულებითაა კონცენტრირებული."
უკრაინის არმიის მდგომარეობაზე
კოფმანის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ წარმატებული კონტრშეტევების ორგანიზება შეუძლიათ.
კოფმანი საუბრობს უკრაინის სამობილიზაციო უპირატესობაზეც:
"მათ უკვე გამოაცხადეს სრული მობილიზაცია, მათ ძალიან დიდი სამობილიზაციო რეზერვი აქვთ. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის დანაკარგები სერიოზულია, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით უკრაინელებს ამ დანაკარგების შევსება შეუძლიათ. ახალი ბრიგადების შესაქმნელად საჭირო კონვენციურ შეიარაღებას და საბრძოლო მასალას უკრაინა დასავლეთისგან და უმთავრესად აშშ-სგან იღებს."
კოფმანი ამბობს, რომ უკრაინას ამ დაპირისპირებაში დიდი სტრატეგიული უპირატესობა აქვს:
"უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი დღითიდღე იზრდება, ხოლო რუსეთის საომარი პოტენციალი კვირიდან-კვირამდე მცირდება."
კოფმანის თქმით, უკვე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი დაკარგავს იმ ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავეს.
სამხედრო ექსპერტის აზრით, მიმდინარე დაპირისპირებაში გარდამტეხი დასავლეთის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა იქნება.