ტრამპი და მასკი ზელენსკის ესაუბრნენ, ზარი ზელენსკისთვის იმედისმიმცემი იყო
6 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარში ელონ მასკიც მონაწილეობდა, ხოლო საუბრის შინაარსი უკრაინელი პრეზიდენტისთვის იმედისმიმცემი იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე გამოცემა Axios ავრცელებს.
საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის მისალოც სატელეფონო ზარზე.
"სატელეფონო საუბრის ახალი დეტალები ხაზს უსვამს, თუ რამდენად გავლენიანი შეიძლება იყოს ელონ მასკი და გაურკვევლობას თუ რა მიდგომას აირჩევს დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე"- ნათქვამია მასალაში.
წყაროების ცნობით, ტრამპის არაერთგვაროვანი განცხადებების მიუხედავად ბოლო თვეებში ტრამპის გუნდისა და უკრაინული ხელმძღვანელობის კომუნიკაცია იმედისმიმცემი იყო უკრაინელი პრეზიდენტისთვის, მათ შორის პირველ რიგში 6 ნოემბერს გამართული ზარი.
ტრამპისა და ზელენსკის საუბარი 25 წუთი გაგრძელდა. წყაროების ცნობით, მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ამერიკელი პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ გააგრძელებდა უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
"ვითარებაში გაცნობიერებული 3 წყარო გვეუბნება, რომ სატელეფონო საუბარი კარგ ტონალობაში წარიმართა და არ გაუძლიერებია ზელენსკის შფოთვა ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებულ რისკებზე. წყარო გვეუბნება, რომ საუბრის შემდეგ ზელენსკის არ ჰქონდა უიმედობის განცდა",- ნათქვამია მასალაში.
ამავე წყაროების ცნობით, Starlink-ების მეშვეობით უკრაინის დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა ზელენსკის ელონ მასკიც.
პუბლიკაციის ავტორების ცნობით, პრეზიდენტებს არ განუხულიათ კონკრეტული გეგმები და ბევრი დეტალი კვლავ გაურკვეველია.
კონტექსტი
სექტემბერში ამერიკაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპსაც შეხვდა. შეხვედრის დეტალებში გაცნობიერებულ 3 წყაროზე დაყრდნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ არ შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, მაგრამ დიპლომატიისთვის შანსის მიცემა სურდა.
"გპირდებით, თქვენ ბედნიერი იქნებით ჩემი პრეზიდენტობით"- უთხრა წყაროების ცნობით, ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტს სექტემბრის შეხვედრის დროს.
შეხვედრას ესწრებოდა ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი რიჩარდ გრენელი, რომელსაც მომავალ ადმინისტრაციაში უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნას უწინასწარმეტყველებენ. მაღალი ალბათობით, სწორედ გრენელს ექნება წამყვანი როლი უკრაინის ირგვლივ დაწყებულ დიპლომატიურ პროცესში.
წყაროების ცნობით, სექტემბრიდან მოყოლებული ზელენსკისა და ტრამპის გუნდებს შორის მუდმივი კომუნიკაციაა. 6 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ის საკუთარ საგარეო გუნდს დააკომპლექტებს.
"ზელენსკისა და მის გარემოცვას ტრამპთან კერძო კომუნიკაციაში ტრამპისგან არ გაუგიათ არაფერი ისეთი, რაც მათ აგრძნობინებდა, რომ პოტენციური შეთანხმების ფასს უკრაინა გადაიხდიდა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.