„თუ რამე მოხდება, არ დაგვივიწყოთ. ჩვენ ალყაში ვართ“. ეს სიტყვები მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ ჯარისკაცს ეკუთვნის. ბოლო 28 საათის განმავლობაში, ქალაქი ორი მხრიდან, სხვადასხვა სახისა და კალიბრის არტილერიით იბომბება. თითქმის 2 დღის განმავლობაში, ქალაქში არ არის შუქი, წყალი, გათბობა, მობილური და ინტერნეტ კავშირი.
მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქი, რომელშიც 430 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პრაქტიკულად, მოწყვეტილია დანარჩენი უკრაინისგან. მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი, რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილზე იტყობინება, თუმცა, ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგანაც, ზოგი დასახლებული პუნქტი უკვე რუსეთის არმიისა და „დონეცკის სახალხო მილიციის“ შენაერთებმა დაიკავეს, ზოგი კი, განუწყვეტლივ იბომბება.
„ჩვენ არ შეგვიძლია მოკლულების დათვლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ასობით იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია მათი გამოტანა. ბოლო რამდენიმე საათი მამასაც ვერ ვუკავშირდები. არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა“ ამბობს ორლოვი.
ალყის მიუხედავად, ქალაქიდან გასასვლელი გზა არსებობს; ფიზიკურად შეუძლებელია ყველა გზასა და დასახლებულ პუნქტში მტერმა შენაერთები განალაგოს. თუმცა, მათზე მოძრაობა საშიშია განუწყვეტლივი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების გამო.
მერის მოადგილის თქმით, ისინი მუშაობენ საერთაშორისო ინსტიტუტებთან „მწვანე კორიდორისა“ და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, მაგრამ უშედეგოდ.
ორლოვის თქმით, ისინი ცდილობენ აღადგინონ წყლისა და ელექტროენრეგიის მომარაგება, თუმცა, მათი მცდელობა უშედეგოა განუწყვეტელი საარტილერიო დაბომბვების გამო. ვიდეო მიმართვაში იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას სთხოვს.
რუსეთის ფედერაციამ, 24 თებერვალს, დილით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით შეიჭრა - კიევის, ხარკოვი/სუმის და ხერსონი/მარიუპოლის.
ამ დროისთვის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ტერიტორიული დანაკარგების თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამხრეთ უკრაინაშია.
ყირიმიდან დაწყებულ ინტერვენციას სათავეში 22-ე საარმიო კორპუსი და ყველასთვის ცნობილი, 58-ე არმია უდგას სათავეში. იგი ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შენაერთად ითვლება. ხარკოვისა და სუმის მიმართულებისგან განსხვავებით, ოკუპანტები სამხრეთში გაცილებით ორგანიზებულად მოქმედებენ, შედარებით მცირეა მათი დანაკარგებიც.
ეს, გარკვეული გაგებით, იმითაც არის განპირობებული, რომ უკრაინას სამხრეთ მიმართულებით ყველაზე მეტად ორი ქალაქი - მარიუპოლი და ხერსონი ჰქონდა გამაგრებული. ეს უკანასკნელი 2 მარტს დაეცა.
მარიუპოლზე დიდი ძალებით დარტყმას რუსეთის მხრიდან ლოგიკური ახსნა აქვს. ეს მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებსაც არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
მარიუპოლის აღებით, იგი ერთ-ერთ ქვეამოცანას ასრულებს - რუსეთის ფედერაცია ყირიმს ხმელეთით დაუკავშირდება და დამატებით, ორ პორტსაც მიიღებს (ბერდიანსკის და მარიუპოლის). ამას ემატება ისიც, რომ ყირიმიდან წასული რუსული არმიის მიერ ხერსონის დაკავება და მდინარე დნეპრთან მისვლამ ყირიმის წყლით მომარაგების პრობლემაც გადაჭრა.
მდგომარეობა ამ წუთისთვის
მარიუპოლს უკრაინის შეიარაღებული ძალების 58-ე მექანიზებული, 36-ე საზღვაო ქვეითების და 12-ე ოპერატიული ბრიგადები იცავენ. ქალაქის აღმოსავლეთის მიმართულებას, ნაციონალური გვარდიის პოლკი „აზოვი“ ამაგრებს. მათ ქალაქის ყველა მიმართულებით უწევთ ბრძოლა.
ღამით, ქალაქში, რუსების დივერსიულ/სადაზვერვო ჯგუფების რეიდების მოგერიება უწვეთ, მუდმივად მუშაობენ სნაიპერები, რის გამოც, უკრაინელები, მცირე რაზმებით ქალაქს ტოვებენ და სპეციალურ ოპერაციულ ამოცანებს ასრულებენ, რათა ჩააქრონ საცეცხლე წერტილები. ამ ამოცანების შესრულება უკრაინელ მებრძოლებს განუწყვეტლივი საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვების ქვეშ უწევთ.
მარიუპოლში ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც, ყირიმიდან წამოსულმა რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ჯერ ქალაქი მელიტოპოლი დაიკავა, ხოლო, შემდეგ, საპორტო ქალაქი ბერდიანსკი და დაიძრნენ მარიუპოლის მიმართულებით. მათ დიდი ბრძოლები გზად არ შეხვედრიათ, რადგანაც, უკრაინელებს ეს მიმართულება მოშიშვლებული ჰქონდათ. ქალაქ ბერდიანსკის აღების შემდეგ, მტერი მარიუპოლის ზურგში აღმოჩნდა და მალევე, ალყაშიც მოაქცია.
ე.წ. „დონეცკის სახალხო მილიციის“ შენაერთები, რუსეთი რეგულარული არმიის დახმარებით, მარიუპოლის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვალნოვაჰას უტევს, ხოლო, აღმოსავლეთ მიმართულებით დაიკავა დასახლებული პუნქტები შიროკინო და სარტანა. უკრაინის ძალებს სარტანა-მარიუპოლის დამაკავშირებელი ხიდის აფეთქება მოუწიათ.
რუსული სამხედრო კოლონების ფოტო/ვიდეო ამსახველი მასალები სოციალურ ქსელებში ბლომად ვრცელდება. ეს დაგვეხმარება დაახლოებით წარმოვიდგინოთ, თუ რას უნდა ელოდოს მარიუპოლი უახლოეს დღეებში.
აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან წასული სამხედრო კოლონების ვიდეო მასალებში შემდეგი სახის ტექნიკა ფიქსირიდება:
- მძიმე რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა TOC-1A "სოლნცეპიოკი", რომელიც 220 მმ კალიბრის თერმობარულ რეაქტიულ რაკეტებს 6 კმ-ის მანძილზე ისვრის და ფარავს 40 ათას მ² ფართობს.
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ჩებურაშკა“, რომელიც 217 მმ კალიბრის 64 უმართავ რაკეტას ისვრის;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „Grad-21“ – 122 მმ კალიბრის 40 უმართავ რაკეტას ისვრის;
- თვითმავალი ჰაუბიცები 2C3 “აკაცია“- რომელიც, 152 მმ კალიბრის ჭურვებს 20 კმ სიშორეზე ისვრის;
- მრავალფუნქციური, შეჯავშნული, დივერსიულ/სადაზვერვო მანქანები „ტიგრი“, რომელიც ამერიკული „ჰამერის“ ანალოგს წარმოადგენს;
- ბრონირებული ტრანსპორტერები - ბტრ-82-ები;
- ქვეითთა საბრძოლო მანქანები- ქსმ-2/3;
- დესანტის საბრძოლო მანქანები - ბმდ-2/3/4;
- მოდერნიზირებული - T-72B3 ტანკები;
- თვითმავალი ანტისატანკო სარაკეტო კოპლექსი - "ხრიზანტემა" 9K123;
- საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - Buk-m1;
- უახლესი სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულფრენი - Ka-52 „ალიგატორი“
- საარმიო საფრონტო-ბომბდამშენი - Su-24;
- უახლესი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი - Su-34;
ჩამონათვალი, ბუნებრივია, არასრულია, რადგანაც, ყველა სახის ტექნიკისა თუ ძალების ამსახველი ვიდეო მასალა არ მოიპოვება. სიაში არ შედის მარიუპოლთან ახლოს, რუსეთის ფედერაციის მხარეს განლაგებული სხვადასხვა კალიბრისა და სახეობის საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და სხვა.
როგორც ვხედავთ, ამ მიმართულებით, სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მათი ფუნქციებისა და დანიშნულების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის დაბომბვა გაგრძელდება იქამდე, სანამ უკრაინელების თავდაცვა სრულად არ მოიშლება, რათა სახმელეთო ძალებმა შეძლონ ქალაქის მეტნაკლებად უსაფრთხოდ დაკავება.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოჩენის მიზანი უკრაინული ავიაციისთვის ცის ჩაკეტვაა, რომლებიც მარიუპოლში და მის მიმდებარედ შენაერთებს საცეცხლე მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა უკრაინელებს ქალაქის მომარაგების უკანასკნელ საშუალებას წაართმევს.
თუმცა, მიმდინარე ომის ტემპებიდან გამომდინარე, ვითარება ყოველ საათში იცვლება. 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვალნავაჰაში, უკრაინელებმა, რუსეთის ფედერაციის საფრენი აპარატი (სხვადასხვა წყაროთი, Su-34) ჩამოაგდეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ იგივე ტერიტორიის მიმდებარედ უკრაინელებმა Ka-52 ტიპის ვერტმფრენიც ჩამოაგდეს. თუ ეს ინფორმაციები უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მარიუპოლის სიახლოვესაა განლაგებული და სრული დატვირთვით მუშაობს, რაც იმის მანიშნებელიც არის, რომ იქვე, ახლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალებიც უნდა იმყოფებოდნენ.
მიუხედავად მარიუპოლში არსებული მძიმე ვითარებისა, მებრძოლები აგრძელებენ ქალაქის ღირსეულად დაცვას. ისინი, მათ ირგვლივ არსებულ რუსულ დაჯგუფებებს საარტილერიო ცეცხლით ანადგურებენ და ქალაქგარეთ, რუსულ შენაერთებს ჩასაფრებებს უწყობენ.
პირველ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ბერდიანსკის პორტი დაბომბეს, სადაც, რუსული არმიაა განლაგებული. ასევე, სხვადასხვა ინფორმაციით დასტურდება, რომ მარიუპოლის მიმართულებიდან, ტაქტიკურ-სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა-უ“-თი, რუსეთის ქალაქ ტაგანროგში არსებული ავიაბაზა დაიბომბა, რის შედეგადაც, სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76 განადგურდა.
ფრონტის ხაზზე ვითარება სწრაფად იცვლება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მარიუპოლსაც შეეხება და ამ ქალაქის დაცემასა და მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფასაც უკრაინა თავიდან აიცილებს.