-

ესტონეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არაერთი მიმართულებითაა გამორჩეული. რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სწორად ის საკითხია, რაც საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, შესაძლოა სამაგალითო იყოს.

ესტონეთის 1.3 მილიონი მოქალაქიდან, 300 ათასი ეთნიკურად რუსია, რაც ერთი შეხედვით, რუსულ პროპაგანდის გავრცელებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს და რისი მცდელობაც არაერთხელ ყოფილა.

რუსეთი ჯერ კიდევ 1918 წლიდან ცდილობდა დამოუკიდებელი ესტონეთის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, ხოლო 1924 წელს, სახელმწიფო გადატრიალებას წარუმატებლად შეეცადა.

საბჭოთა კავშირის დანგრევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კრემლი ათწლეულების განმავლობაში, აგრესიულად ცდილობს ესტონეთის ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნო-ლინგვისტური კონტექსტის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და მტრული ნარატივების გავრცელებას, თუმცა ამ დრომდე, ყველას ეს მცდელობა დიდწილად წარუმატებლია. 

ამ პერიოდში, მოსკოვი სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდა, იქნება ეს ესტონეთის რუსულ ეკონომიკასა და ენერგეტიკაზე მიბმა თუ ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობისთვის, ესტონეთის სახელმწიფოს მიმართ მტრული განწყობის შექმნა, რაზეც კრემლთან ერთად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც აქტიურად მუშაობს.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორამციული კამპანიები და სპეცსამსახურების აქტივობები. 2007 წელს, “ბრინჯაოს ჯარისკაცის კრიზისის” სახელით ცნობილი კრიზისი, რუსული ჰიბრიდული ომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

ეს ოპერაცია მოიცავდა კიბერშეტევებს, დეზინოფრმაციულ ოპერაციებსა და ტალინის რუსული მოსახლეობის მიერ მასობრივი არეულობის მოწყობას.

დასავლეთთან რუსეთის იდეოლოგიური დაპირისპირების გამწვავებამ, პუტინის მიერ წარმოებულმა სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში (2014 წლიდან), ესტონეთის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომი კიდევ უფრო გაამძაფრა.

თუმცა, უმოქმედოდ არც ტალინში იყვნენ, მეტიც - სწორედ ამ მოვლენების პარალელურად, ესტონეთი ეფექტურ ზომებს იღებდა რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად: საგანმანათლებლო სისტემაში მედიაწიგნიერების დანერგვა, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი ბიუროს შექმნა, კრემლის პროპაგანდისტული ტელევიზიების აკრძალვა და იმ მედიების ხელშეწყობა, რომლებიც ესტონეთის მოქალაქეებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ცდილობენ.

მოკლედ, მცირერიცხოვან ესტონეთში, ამ პრობლემის მოგვარება საძირკველიდან გადაწყვიტეს და მას ყველაზე მთავარი იარაღი - ინფორმირებული და განათლებული მოქალაქე დაუპისირპირეს. 

რუსული უმცირესობა - კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე

1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ესტონეთის მიზანი ქვეყნის შიგნით ეროვნული იდენტობის გაძლიერება იყო. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოში მოქალაქეობის მიღების კრიტერიუმად ესტონური ენის ცოდნა დაწესდა.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობის კონტექსტშიც.

ესტონეთში მცხოვრები, დაახლოებით 300,000 რუსიდან (მოსახლეობის 23% - რედ.) 80,000 რუსეთის მოქალაქეა, 76,000 კი არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის (ე.წ. “ნაცრისფერ პასპორტიანები”). იმ ადამიანებს, რომლებმაც ესტონური ენა არ იციან და შესაბამისად ესტონეთის მოქალაქეობაც არ აქვთ, მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ. 

თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, როომ 1990-იანი წლებიდან, კრემლი ცდილობდა ესტონეთში მცხოვრები რუსების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა მათი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა, ყველა ჯერზე უშედეგოდ დასრულდა, რადგანაც თავად რუსეთი იყო სერიოზულ კრიზისში და ბალტიისპერითს ქვეყნებში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის შექმნა ვერ მოახერხა.

რუსები ესტონეთის უმაღლესი საბჭოს მიერ სსრკ-სთან ურთიერთობის გაწყვეტას აპროტესტებენ

გარდა ამისა, აქ ხაზგასასმელია ბალტიური ქვეყნის გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც დასუსტებული მოსკოვის ჰიბრიდული შეტევები, წარმატებით უკუაგდო.

გასული საუკუნის დასასრულს, ყოფილი იმპერიის სხვა ქვეყნების მსგავსად, რუსეთ-ესტონეთის ურთიერთობები არასტაბილური იყო. კრემლი ესტონეთზე ეკონომიკური ბერკეტებით გავლენის მოხდენას ცდილობდა, თუმცა რუსეთში არსებულ კრიზისს და ზეწოლის მცდელობებს, ესტონელები საკუთარი ინტერესების მისაღწევად იყენებდნენ.

1994 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ესტონეთის ტერიტორია დატოვა. ბორის ელცინის ხელისუფლების ამ ქმედებას, განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა მოსკოვში, კომუნისტებსა და რუს ნაციონალისტებში. ჯარების გასვლის პროცესი ძალიან მიუღებელი იყო ესტონეთში მცხოვრები რუსებისთვისაც, რადგან რუსული არმია, რუსეთს გარეთ დარჩენილი რუსების დამცველად აღიქმებოდა.

1999 წლით დათარიღებულ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია: “საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უფლება აქვთ დაეყრდნონ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას თავიანთი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განხორციელებაში და იდენტობის შენარჩუნებაში.“

სწორედ ამ პერიოდში დაიწყო რუსეთის პროპაგანდამ, ესტონეთში მცხოვრებ რუსებში იმ აზრის კულტივირება, რომ ისინი მარგინალიზირებული, ჩააგრული უმცირესობა არიან, რომელთა იდენტობასაც ტალინის მთავრობა ებრძვის, რის მაგალითსაც ენის წართმევის მცდელობა წარმოადგენდა.

თუკი კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ესტონეთში რუსულ პროპაგანდას რამდენიმე ძირითადი მესიჯი აქვს:

  • ესტონეთი არღვევს ადამიანის უფლებებს და მისი რეჟიმი რუსოფობიური და ფაშისტურია.
  • ესტონეთის ეკონომიკა ძალიან მყიფეა და ქვეყანას მუდმივად ცუდი ხელისუფლებები მართავენ.
  • ესტონეთი სრულად არის დამოკიდებული ბრიუსელისა და ვაშინგტონის ინსტრუქციებზე.
  • ესტონეთი ხელს უშლის ევროპას, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს.
  • ნატოში ყოფნა ესტონეთისთვის საფრთხეა, რადგან ორგანიზაციის წევრობას ქვეყანა რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შეჰყავს.

რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ, ესტონეთისთვის რისკები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო "საფრთხის" ამ ჩამონათვალს, სხვადასხვა ქვეყნების კონტექსტში, პირველ რიგში - უკრაინის კონტექსტში, მოგვიანებითაც შევხდებით. 

2004 წელს ესტონეთი ნატოს წევრი გახდა, თუმცა რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებით, ქვეყანაზე გავლენის მოხდენას დღემდე აქტიურად ცდილობს.

ბრინჯაოს ღამე

ესტონეთში მცხოვრები რუსებისთვის სენსიტიურია საბჭოთა მონუმენტების და საბჭოთა წარსულის საკითხები.

წლების განმავლობაში, ესტონეთის სხვადასხვა ხელისუფლება ცდილობს, რომ რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ მონუმენტებს ადგილი შეუცვალოს, რაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ცხადია, ამ “შანსს” იმედის თვალით უყურებდა კრემლი. რუსული პროპაგანდისტული მანქანისა და ჰიბრიდული ომის მძიმე პრაქტიკული შედეგი ქვეყენამ 2007 წელს იგრძნო, როდესაც ესტონეთის მთავრობამ, ტალინის ცენტრში არსებული საბჭოთა განმათავისუფლებელი ჯარისკაცის ბრინჯაოს ძეგლისთვის, ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

ეს ძეგლი ესტონელებისთვის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ნაციზმის დამარცხების სიმბოლოდ აღიქვამდა.

სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ ძეგლის გადატანის შემთხვევაში, კრემლი ესტონეთის მთავრობას “დამღუპველი შედეგების” დადგომით დაემუქრა.

ამ მონუმენტთან ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა, ყოველი წლის 9 მაისს იკრიბებოდა და მას პატივს მიაგებდა.

1994 წელს, რუსული ჯარების მიერ ესტონეთის დატოვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა ტალინის მუნიციპალიტეტს ძეგლის აღება შესთავაზა, თუმცა მაშინ, ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.

ამასთანავე, ხაზგასამელია ის ფაქტიც, რომ ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა, რუსულ ტელევიზიებსა და მედიას აქტიურად ეცნობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათთვის კრემლში შექმნილი გაყალბებული რეალობა სარწმუნო და დამაჯერებელი იყო.

Известия-ს გარეკანი: “ესტონეთმა ისტორიას ომი გამოუცხადა”

ამას ცხადყოფს 2007 წლის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც ესტონეთის რუსულად მოსაუბრე მოქალაქე, საშუალოდ 4 საათისა 49 წუთის განმავლობაში უყურებდა ტელევიზორს და მათ შორის ყველაზე პოპულარული ტელევიზიები რუსული იყო - Первый балтийский канал (28.9%) და РТР Планета (9.6%).

2007 წლის 10 იანვარს, ესტონეთის პარლამენტმა საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის და მასთან არსებული საფლავების ქალაქის ცენტრიდან სამხედრო სასაფლაოზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დღიდან - აპრილის ბოლომდე, რუსულ მედიას ეს საკითხის დღისწესრიგიდან არ მოუხსნია.

17 იანვარს, რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Известия-მ ახალი ნომრის გარეკანზე საბჭოთა ქანდაკება გამოსახა და დაწერა: “ესტონეთმა ისტორიას ომი გამოუცხადა.”

2007 წლის 21 იანვარს, ვლადიმერ პუტინმა ესტონეთი ღიად გააკრიტიკა, რასაც მალევე მოჰყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცნობილი გამოსვლა, სადაც გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა მოითხოვა.

ძეგლის გადატანის საბოლოო სამუშაოები 25 აპრილს, ღამით დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში, რუსული პროპაგანდისტული მედიის აქტივობა მაქსიმალურად გაიზარდა.

მაგალითად, თუკი 16-24 აპრილის დღეებში Интерфакс ესტონეთის შესახებ 2-8 სიახლეს აშუქებდა, 25-26 აპრილს 52 მასალა გამოაქვეყნა.

მასშტაბური მედიააქტივობებისა და რუსეთის საელჩოს პირდაპირი ჩართულობით, 26 აპრილს, საღამოს 10 საათზე, ტალინში ათასობით რუსი გამოვიდა და ძალადობრივად სცადა პროცესისთვის ხელის შეშალა, რასაც 1 ადამიანი შეეწირა, 171 - დაშავდა, ხოლო 1000-ზე მეტი დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა.

ბრინჯაოს ღამე, დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

პოლიციასა და ეთნიკურად რუსებს შორის დაპირისპირების პერიოდში, აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია ონლაინ გამოცემა Delfi-ს ესტონურენოვანი და რუსულენოვანი მასალების კომენტარებში. 27 აპრილს, Delfi-მ და სხვა ესტონურმა გამოცემებმა კომენტარების დაწერის ფუნქცია საერთოდ გააქუმეს.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის კამპანიის პარალელურად, 2007 წელს რუსეთმა მასშტაბური კიბერშეტევა დაიწყო ესტონეთის პარლამენტის, ბანკების, სამინისტროების, პრესისა და ტელევიზიების ვებ-გვერდებზე.

ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ეს იყო მეორე ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა ისტორიაში.

2009 წელს, კონსტანტინ გოლოსკოკოვმა, კრემლის მიერ შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობა “ნაშის” ე.წ კომისარმა, ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო.

კიბერთავდასხმას ნატომ მყისიერი პასუხი გასცა და ტალინში ციფრული უსაფრთხოების ცენტრი Cooperative Cyber Defence Centre of Excellence გახსნა, რომელიც დღემდე წარმატებით საქმიანობს.

ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრემლმა ეთნიკურად რუსი მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანა გადაწყვიტა. უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2003 წელს, ერაყში ამერიკული ჯარის შესვლის შემდეგ, ესტონეთში მცხოვრებმა რუსებმა აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართეს, რაც მალე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, რასაც პოლიციის მიერ 17 ადამიანის დააკავება მოჰყვა.

მედიაწიგნიერება - პასუხი რუსული პროპაგანდის მანქანას

2007 წლის მოვლენები და 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოში, ესტონეთისთვის გამოფხიზლების მიზეზი აღმოჩნდა. ქვეყანაში გააცნობიერეს, რომ ნატოს წევრ ესტონეთში, რუსეთი დესტაბილიზაციას ჰიბრიდული მეთოდებით, რუსული ეთნიკური უმცირესობის გამოყენებით ეცდებოდა, ამიტომ საჭირო იყო კონტრ-ზომების მიღება.

2010 წლიდან, ესტონეთმა საჯარო სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლება დაიწყო. მე-10 კლასიდან, მოსწავლეები სავალდებულო, 35 საათიან კურსს გადიან. ესტონეთის მთავრობის სტრატეგიული კომინაკაციების ყოფილმა მრჩეველმა, სიმ კუმპასმა BBC-ს განუცხადა, რომ მედიაწიგნიერება ისეთივე მნიშვნელოვანი საგანია ესტონურ სკოლებში, როგორც მათემატიკა. 

მედიის თავისუფლების და მედიაწიგნიერების თვალსაზრისით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. 2022 წლის მედიაწიგნიერების ინდექსით (Media Literacy Index 2022), ესტონეთი ევროპის 35 სახელმწიფოს შორის, მე-4 ადგილს იკავებს.

ესტონეთის მაღალი პოზიცია განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფრო წინ, მხოლოდ სამი ძალიან მდიდარი ქვეყანა - ფინეთი, ნორვეგია და დანიაა.

სწორი პოლიტიკის შედეგად, მედიაწიგნიერება და ციფრული კომპეტენცია ესტონური საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ესტონელები ელექტრონულად აძლევენ ხმას არჩევნებზე, იხდიან გადასახადებს და ახოცრიცელებენ მათთვის სასურველ აქტივობებს.

ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას განვითარებული ქვეყნებიც ცდილობენ. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ესტონეთში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რათა რუსეთის კიბერშეტევების სტრატეგიას გაცნობოდნენ.

ესტონეთის ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტები, სკოლებს მიზნებსა და სასწავლო კურსის მოსალოდნელ შედეგებს უსახავს, ხოლო სკოლები თავად წყვეტენ, რა გზით მიაღწიონ დასახულ შედეგებს. ამიტომაც, მასწავლებლებს სწავლის მეთოდის და სასწავლო მასალის არჩევის თავისუფლება გააჩნიათ.

“მედია და გავლენა” - მედიაწიგნიერებისთვის განკუთვნილი სავალდებულო კურსი ფოკუსირებულია მედიისა და ჟურნალისტიკის როლზე საზოგადოებაში. ყურადღება ისეთ საკითხებსაც ეთმობა, როგორიცაა სოციალური მედიის მუშაობის სტილი, ინტერნეტ ბოტებისა და ტროლებისგან თავის დაცვა და მათი მუშაობის მეთოდები.

მოსწავლეები ფაქტებისა და მოსაზრებების, სანდო და საეჭვო წყაროების ერთმანეთისგან გარჩევას სწავლობენ.

სავალდებულო კურსის გარდა, ესტონურ სკოლებში შესაძლებელია მედიის შესახებ დამატებითი გაკვეთილის არჩევა, სადაც მოსწავლეებს სიმულაციური გაკვეთილები უტარდებათ, მაგალითისთვის - ისინი თავად ქმნიან მედიას, რათა გაიგონ, თუ როგორ იქმნება შინაარსი და როგორ დაიცვან თავი მედია მანიპულაციისგან.

მედიაწიგნიერების გაკვეთილები პოლიტიკაზე ორიენტირებული არ არის. გაკვეთილები დაფუძნებული უნდა იყოს იმ საკითხებზე, რაც მოსწავლეებს აინტერსებთ, შესაბამისად, სასწავლო კურსში აქტიურად განიხილება ე.წ “მიმები”, სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და ანიმაციები, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის გადაცემა ხდება.

ერთ-ერთი ესტონური ვებ-გვერდი მედიაწიგნიერების შესახებ

ერთ-ერთი ასეთი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი, ანიმაციების და მულტფილმების დახმარებით ესაუბრება ბავშვებს, თუ რამდენმად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის გარჩევა: “გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ინფორმაცია ყოველთვის სანდო არ არის. შეადარეთ მოძიებული მონაცემები სხვა წყაროებს,” - ნათქვამია ამ პლათფორმაზე.

მედიაწიგნიერება ესტონეთში მხოლოდ სკოლის დონეზე არ არის გათვალისწინებული, ეს კურსი სტუდენტებისთვის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ისწავლება. თუმცა, კიდევ არის ერთი პროფესია, სადაც ამ კურსის გავლა სავალდებულოა - საუბარია მომავალ მასწავლებლებზე. ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ უნდა შეძლონ ისეთი უნარების გამომუშავება, რომლითაც თავს დაიცავენ მანიპულაციისგან. 

მედიაწიგნიერების მიმართლებით, ესტონეთს ორი ძირითადი გამოწვევა აქვს - რუსულენოვანი სკოლები და შუახანს გადაცილებული მოსახლეობა. ზედა ასაკში მყოფი ადამიანები, პროპაგანდის მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან, რადგანაც მათ, საგანმანათლებლო სისტემასთან ნაკლები შეხება აქვთ და ასეთ კურსებს გავლა არ უწევთ.

რაც შეეხება რუსულენოვან საშუალო სკოლებს, მედიაწიგნიერების კურსები რუსულ სკოლებში სავალდებულო არ არის. თუმცა, რუსული სკოლები, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს სთავაზობენ არჩევით გაკვეთილებს მედიის შესახებ.

უკრაინაში ომი და რუსული დეზინფორმაცია

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსული დეზინფორმაცია პრინციპულად ახალ ეტაპზე გადავიდა. პროპაგანდიტული ნარატივები “უკრაინელ ნაცისტებზე”, რომლებიც საბჭოთა წარსულსა და მონუმენტებს ებრძვიან, ასევე დასავლურ ცივილიზაციაზე, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსა და ქრისტიანობას ებრძვის, კარგად უნდა მორგებოდა ესტონეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების წუხილებს.

ესტონელი მკვლევარი დმიტრი ტეპერიკი, რომელიც ტალინში თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრს ხელმძღვანელობს აცხადებს, რომ ესტონეთის რუსული მოსახლეობა, შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: პრო-რუსები, პრო-უკრაინელები და გადაუწყვეტელები.

მისი თქმით, მესამე ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია და მათი პოზიციაა, რომ ეს “ჩვენი ომი არ არის.” სწორედ ამ ჯგუფის გადასარწმუნებლად მუშაობს ორივე მხარე.

ესტონეთის მთავრობამ, რუსული პროპაგანდის შესაკავებლად, გარკვეული ზომების გადაგმა 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო.

2015 წელს შეიქმნა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი მაუწყებლობა, რასაც მოსახლეობისთვის ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის რუსულ ენაზე მიღების საშუალება უნდა შეექმნა.

კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის მარტიდან დაიწყო. ესტონეთის კულტურის სამინისტრომ $2.8 მილიონი გამოყო სახელმწიფო და კერძო მედიის დასაფინანსებლად. ამ თანხით, ესტონეთის რუსულენოვანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, ობიექტური და კრემლის პროპგანდისგან განსხვავებული ინფორმაციის მიწოდება დაიწყო.

ამ პოლიტიკის ფარგლებში, ყველა ესტონურ მედიასაშუალებას ჰყავს რუსული ენის მაღალ დონეზე მცოდნე ჟურნალისტები და წამყვანები. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც წარსულში, ესტონურ მედიაში რუსულად მოსაუბრე პირები ხშირად ცუდი აქცენტითა და შეცდომებით საუბრობდნენ, რის გამოც, რუსულ მოსახლეობას ასეთი გადაცემების ყურება არ სურდა და არჩევანს კრემლიდან მართულ მედიაზე აკეთებდა.

ასევე აქტიურად შეიმჩნევა რუსულენოვანი პოდკასტების რაოდენობის ზრდა, რაც ახალგაზრდებში, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გაზრდის.

სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ესტონეთში, რუსულ სახელმწიფო მედიას “ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ” 9%-ით ნაკლები ადამიანი ასახელებს.

2023 წელს, ესტონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსულენოვანი მედიის მხარდასაჭერად კიდევ $1 მილიონს გამოყოფს.

ერთ-ერთი მედია, რომელიც რუსულ პროგანადასთან ბრძოლის ფრონტის ხაზზეა, ყველაზე დიდი რუსულენოვანი რადიო - Raadio 4-ია. მისმა რედაქტორმა NBC News-ს განუცხადა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის კრიტიკულად გაშუქების და რუსულ ნარატივებთან დაპირისპირების გამო, რადიომ მსმენელების 30% დაკარგა.

მისი თქმით, რადიოგადაცემებში ხშირია ესტონეთში მცხოვრები რუსების ზარები, სადაც ისინი ჟურნალისტებს “ნაცისტებს”, “ფაშისტებს” და “სახელმწიფო დეპარტამენტის” მონებს უწოდებენ.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს რუსული დეზინფორმაციისგან მომავალი საფრთხეების მიმართ. 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევით, ესტონელთა 71%-ს დეზინფორმაცია მსოფლიოში, მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიაჩნია.

ცალკე საუბრის თემაა ესტონეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი ნარვა (მოსახლეობა 55, 000), რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ამ ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად რუსია, ხოლო დაახლოებით 30%-ს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია.

რუსული ტელევიზიების აკრძალვის მიუხედავად, ისინი სხვადასხვა საშუალებებით, იქნება ეს სატელიტური თეფშები თუ VPN-ის გამოყენება, მაინც ახერხებენ კრემლისტური ტელევიზიების ყურებას.

ამ ქალაქში, ესტონურ რუსულენოვან მედიასა და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიას შორის, კონკურენცია განსაკუთრებით მწვავეა.

ესტონეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული პოსტერი პოტენციური რუსი ჯაშუშების შესახებ

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ესტონეთის მთავრობამ ნარვაში პოსტერები გააკრა რუსულ, ესტონურ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე შეკითხვით: “ხომ არ გქონიათ კონტაქტი ან ხომ არ იცით ვინმე, ვისაც აქვს კონტაქტი რუსულ ან ბელორუსულ სპეცსასმაურებთან? შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეთ ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურს.”

ესტონეთის დაზვერვა თვლის, რომ ამ გზით მათ შეუძლიათ დაეხმარონ რუსულენოვან მოქალაქეებს, თავი დააღწიონ რუსული სპეცსამსახურების მიერ მათ გამოყენებას.

ესტონეთში დიდი ხანია რუსულენოვან მოსახლეობას უბრალო ეთნიკურ უმცირესობად არ აღიქვამენ და მათ ეროვნული უსაფრთოხების ჭრილში უყურებენ. უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი არის “შესაძლებლობა, რათა საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია - ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.”

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ესტონეთმა ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. მათი ნაწილისთვის ესტონეთი ტრანზიტული ქვეყანა იყო და ისინი ევროპის სხვა სახელმწიფოებში გადავიდნენ, მაგრამ 1.3 მილიონი მოსახლის ქვეყანაში, დაახლოებით 30,000 ლტოლვილი დარჩა, რაც მოსახლეობის 2%-ზე მეტია.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება, სწორად უკრაინელი ლტოლვილების საწინააღმდეგო განწყობების კულტივირებაა.

რუსეთის კრახი 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

2014 წლიდან რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობაში არსებული განსხვავებებიც გამოკვეთა. ნარვაში და რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებებში მცხოვრები რუსები პროპაგანდის მიმართ უფრო მეტად მოწყვლადები აღმოჩდნენ, ხოლო ტალინში მცხოვრები ეთნიკური რუსები ესტონურ საზოგადოებაში მეტად არიან ინტეგრირებული. ეს დაყოფა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც აისახა.

5 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა მოქმედი პრემიერის, კაია კალასის “ესტონეთის რეფორმების პარტიამ”, ასევე ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ახლად შექმნილ ლიბერალურ პარტიას, სახელად “ესტონეთი 200”, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა და სავარაუდოდ, კალასის კოალიციაში იქნება.

კაია კალასმა და ესტონეთის ლიბერალურმა პარტიებმა არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვეს

თუმცა, ამ არჩევნებზე უკრაინის ომის შემდეგ წარმოშობილი ახალი ტენდენცია გამოჩნდა. ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იდა-ვირუში, სადაც ქალაქი ნარვა მდებარეობს, ტრადიციულად ძლიერი იყო ყოფილი პრემიერის, იური რატაისის ცენტრისტული პარტია.

თუმცა, პარტიამ რეგიონში ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი პრო-რუსულ პარტიასთან დაკარგა, რომლის ლიდერიც ცენტრისტული პარტიის ყოფილი წევრი, მიხაილ სტალნუხინია. თავის დროზე, პარტიიდან მისი გაძევების მიზეზი ის გახდა, რომ სტალნუხინმა ესტონელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საბჭოთა მონუმენტების გადატანას ემხრობიან, ფაშისტები უწოდა.

ამის გარდა, ცენტრისტების რეიტინგის კლებით “გაერთიანებულმა მემარცხენე პარტიამ” ისარგებლა, რომელიც ესტონელი კომუნისტების მემკვიდრე პარტიად ითვლება და ღიად პრო-რუსულ პოზიციებს გამოხატავს. პარტიას წინა არჩევნებზე ხმების 0.1% ჰქონდა, 2023 წელს კი 2.4% მიიღო (იდა-ვირუს რეგიონში, სადაც ქალაქი ნარვა მდებარეობს - 14.9%), რაც ქვეყანაში 5%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი არ აღმოჩნდა და რეიტინგის ზრდის მიუხედავად, პრო-რუსი ელექტორატის ხმები პრაქტიკულად დაიკარგა.

რეგიონის საარჩევნო შედეგებმა ააჩვენა, რომ ცენტრისტული პარტიის მიერ მკაფიო პრო-უკრაინული პოზიციის დაკავება, ამომრჩევლის ამ სეგმენტისთვის სრულიად მიუღებელია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ცენტრისტული პარტია ერთადერთია ესტონურ საპარლამენტო პარტიებს შორის, რომელიც რუსული სკოლების შენარჩუნებას ემხრობა.

იდა-ვირუში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას თან ერთვის ის საკითხიც, რომ ესტონეთის მოქალაქეობის არმქონე რუსებს, რომლებიც ათწლეულებია ქვეყანაში ცხოვრობენ, საპარლამეტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, მაგრამ მათ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.

ამით შესაძლოა, კრემლის მხარდამჭერმა პარტიებმა ისარგებლონ და ქალაქების თუ რეგიონის დონეზე ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ.

ასეთი შედეგების ფონზე, ნაციონალისტურ ჯგუფებში უკვე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ესტონეთის პასპორტის გარეშე მცხოვრებმა რუსებმა, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც დაკარგონ.

განსხვავებული ვითარებაა ტალინში, რომლის მოსახლეობის 35% ეთნიკურად რუსია. ესტონეთის დედაქალაქს ცენტრისტული პარტია 2005 წლიდან მართავს და რუსულ მოსახლეობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მათ დედაქალაქში კვლავ კარგი შედეგი ჰქონდათ.

დასკვნა

რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ესტონური გამოცდილება მთელ მსოფლიოში სამაგალითოდ ითვლება. ესტონეთმა შეძლო, რომ რუსული ტელევიზიების აკრძალვა, ობიექტური რუსულენოვანი მედიის დაფინანსება და განათლების სისტემაში მედიაწიგნიერების ინტეგრირება, რუსეთის ჰიბრიდული ომისთვის ეფექტურად დაეპირისპირებინა.

თუმცა, ესტონეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ალბათ საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა ესტონეთში არსებული ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ყოფნა. ესტონეთში მცხოვრები რუსებისთვის კულტურლად და პოლიტიკურად ტალინის ბევრი გადაწყვეტილება შეიძლება მიუღებელია, მაგრამ ესტონური სახელმწიფოს სოციალური სიკეთეებით ისინი აქტიურად სარგებლობენ, და მათ შორის ამიტომ, ძალიან რთულია რუსული პროპაგანდისთვის მოქალაქეების დესტაბილიზაციაში ჩართვა.

2022 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ესტონელების 66% კმაყოფილი იყო დემოკრატიის მუშაობით, ხოლო 80% მხარს უჭერდა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და გამოხატვის თავისუფლებას. ასევე 80% აცხადებდა, რომ ამაყობს ესტონეთში ცხოვრებით და ამ ქვეყნისადმი მიკუთვნებულობით.

საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსულ ეთნიკურ უმცირესობაზე გათვლილი დეზინფორმაციის კამპანიები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ესტონეთში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, რადგან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს საფრთხეები და თავისი სახელმწიფოს მიმართ ერთგულია.

მსგავსი სიახლეები