-

ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF] მიმდინარე კვირას ორჯერ სცადეს ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურის, მოჰამად დაიფის განეიტრალება, თუმცა ტერორისტი ორივე თავდასხმას უვნებლად გადაურჩა. 

დაიფზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა IDF-ის პრესსპიკერმა, ჰიდაი ზიბერმანმაც. უწყებას არ გაუვრცელებია დამატებითი დეტალები თუ კონკრეტულად როდის და სად განხორციელდა შეტევა. ცნობილია, რომ ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში ისრაელის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰამასის სამხედრო მეთაურების, მათ შორის მოჰამად დაიფის განეიტრალებაა. 

ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე ისრაელი უკვე 25 წელია ნადირობს, ამ დროის განმავლობაში ისრაელი რვაჯერ შეეცადა მოჰამად დაიფის ლიკვიდაციას, თუმცა ჰამასის ლიდერი ამ დრომდე აქტიურია. მის სახელს ხშირად გაიგონებთ ღაზის სექტორის დანგრეულ ქუჩებსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართულ პალესტინელების მიტინგებზე. ლიბანში მდებარე პალესტინელი დევნილების 12 ბანაკიდან ერთ-ერთის კედელზე ნახავთ მის უზარმაზარ პორტრეტს ჰამასის ლოგოს ქვეშ. ვინ არის მოჰამად დაიფი, რომელსაც იცნობენ როგორც ტერორისტს ცხრა სიცოცხლით?

მოჰამად დაიფი 

მოჰამად დაიფი ისრაელის ერთ-ერთ ციხეში 1989 წელი

ცნობილია, რომ მოჰამად დაიფი 1965 წელს ღაზის სექტორში მდებარე ხან იუნისის დევნილთა ბანაკში დაიბადა. მოჰამად დაიფი ტერორისტის საბრძოლო ფსევდონიმია, ხოლო მისი ნამდვილი სახელი მოჰამად დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრია. დაიფის ოჯახი 1948 წლის ებრაულ-არაბულ ომამადე, სოფელ კოჩავაში ცხოვრებდა, დღეს ამ ადგილას ქალაქი აშკელონი მდებარეობს. როგორც მრავალი ათასი პალესტინელი, ომის შემდეგ დაიფის ოჯახიც დევნილად იქცა. 

თინეიჯერობისას მოჰამად დაიფი ღაზაში მოქმედ "მუსლიმთა საძმოს" შეუერთდა, იგი პოლიტიკურად აქტიური სტუდენტი იყო ღაზის სექტორში მოქმედ ისლამურ უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰამასის სულიერი მამა შეიხ მოჰამად იასინი იყო. 

1987 წელს პირველი პალესტინური ინტიფადას დაწყების შემდეგ, დაიფი ჰამასის სამხედრო დაჯგუფებას შეუერთდა, თუმცა ის 1989 წელს ისრაელის პოლიციამ დააპატიმრა. ექსტრემისტული საქმიანობისთვის მოჰამად დაიფს 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის მოხდის შემდეგაც იგი პირდაპირ ალ-ქასამის ბრიგადებს შეუერთდა - ჰამასის სამხედრო ფრთა დღემდე ამ სახელწოდებას ატარებს. 

თავის მხრივ, ეს სახელწოდება დაკავშირებულია ისლამისტ მოძღვართან, იზ ად-დინ ალ ქასამთან, რომელმაც 1930-იან წლებში მაშინდელ ბრიტანულ პალესტინაში გასამხედროებული ალ-ქასამის ბრიგადები ჩამოაყალიბა. ალ-ქასამის ორგანიზაცია შავი ხელი ებრძოდა როგორც ბრიტანელებს, ასევე, პალესტინაში მყოფ სიონისტებსაც. 1935 წელს ალ-ქასამის სიკვდილამდე ორგანიზაციამ გადაიბირა და გაწვრთნა 800 მებრძოლი, სწორედ ისინი იქცნენ დღევანდელი ჰამასის წინამორბედებად. 

იზ ად-დინ ალ-ქასამი

1991 წელს ებრაული საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ღაზაში დაბრუნებული მოჰამად დაიფი თავის მომავალ მენტორს და ჰამასის სამხედრო ფრთის იმდროინდელ ხელმძღვანელს, იაჰია აიაშს შეხვდა. ინჟინრის მეტსახელით ცნობილი აიაში, წლების განმავლობაში ისრაელისთვის ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა. ინჟინრის განათლების მქონე აიაში წლების განმავლობაში გეგმავდა და აორგანიზებდა 'ინოვაციურ' ტერორისტულ აქტებს ისრაელში. ამ ტერაქტების მიზანი იმ დროს პალესტინურ ავტონომიასა და ისრაელს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის კომპრომეტირება იყო. 

1994-1996 წლებში აიაშის მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1996 წელს აიაში ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით მოკლეს, თუმცა მანამდე აიაშმა თავისი ცოდნა და უნარები მოჰამად დაიფს გაუზიარა. სწორედ დაიფი ხელმძღვანელობდა თავდასხმას ებრაელ ჯარისკაცებზე 1994 წელს, რა დროსაც მისმა დაჯგუფებამ 3 ებრაელი ჯარისკაცი მოკლა. 

იაჰია აიაში

აიაშის მკვლელობის საპასუხოდ, დაიფმა 1996 წლის მარტში ისრაელში ტერორისტული აქტების სერია განახორციელა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში 58 ისრაელელი შეეწირა. ცხადია, ამ დროიდან მოჰამად დაიფი ებრაული სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა, აქედან გამომდინარე, 1996 წლის მიწურულს, დაიფი საერთოდ გაუჩინარდა და არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. 

დაიფის 9 სიცოცხლე

ინტენსიური ძებნის მიუხედავად, მოჰამად დაიფის შესახებ ახალი ინფორმაცია მალევე გაქრა. მიმალვის წლებში მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა ჰამასის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც. 

1990-იანი წლების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისში მოჰამად დაიფი ძირითადად ჰამასის სამხედრო ფრთის გაძლიერებით და რესტრუქტურიზაციით იყო დაკავებული. დაიფის მიერ დაორგანიზებული წვრთნების და ტაქტიკის შედეგად ჰამასის სამხედრო ფრთა ანგარიშგასაწევ და ბრძოლისუნარიან დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. 

სწორედ დაიფი და მისი ფრაქცია დაუახლოვდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რომელიც მომდევნო წლებში ჰამასის მთავარი სპონსორი და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელი გახდა. დაიფის სახელს უკავშირდება ახალი რაკეტების წარმოება, რომელსაც ტერორისტები ღაზის სექტორში ამზადებდნენ. გარდა ამისა, სწორედ დაიფი მოიაზრება ჰამასის კომპლექსური გვირაბების ქსელის ორგანიზატორად, რომელსაც დაჯგუფება შეიარაღების კონტრაბანდისა და ისრაელში შესაღწევად იყენებს. 

მოჰამად დაიფის სახელი ფოკუსში მოექცა მეორე ინტიფადის დროს, მას შემდეგ, რაც ებრაულმა სპეცსამსახურებმა სალაჰ შეჰადე მოკლეს. შეჰადეს გარდაცვალების შემდეგ მოჰამად დაიფმა ოფიციალურად ჩაიბარა ჰამასის მთელი სამხედრო ფრთა. ამ დროისთვის დაიფი ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობდა, თუმცა მის მიერ ორგანიზებული ტერორისტული შეტევები ისრაელში 2005 წლამდე გრძელდებოდა. 

ისრაელის სპეცსამსახურებმა დაიფის მოკვლა პირველად 2002 წელს სცადეს. 2002 წლის 26 სექტემბერს, როდესაც დაიფი ღაზაში, შეიხ რადვანის რაიონში პანაშვიდზე იმყოფებოდა, უკანა გზაზე მას ისრაელის თავდაცვის ძალების ვერტმფრენი ელოდა. ვერტმფრენიდან დაიფის ავტომობილს რაკეტა ესროლეს, დაიფი თავში დაიჭრა, ტერორისტმა დაკარგა თვალი, თუმცა ის მაინც სასწაულებრივად გადარჩა. 

დაიფის მოშორება მეორედ სცადეს 2003 წლის აგვისტოში, როდესაც ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში ჰამასის ხელმძღვანელები მოიყარეს თავი. დაიფის გარდა ადგილზე იმყოფებოდა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე და ორგანიზაციის სულიერი მამა, შეიხ აჰმედ იასინიც. ისრაელის ავიაციამ მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან არიდების მიზნით, შენობაში 250-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდო. ტერორისტები, რომლებიც მიწისქვეშა სართულზე იყვნენ შეკრებილები, უვნებლად გადარჩნენ. 

2006 წელს სწორედ დაიფის მიერ ორგანიზებული შეტევის შედეგად ჰამასის წევრებმა იერიში მიიტანეს ებრაელ ჯარისკაცებზე, რომლებიც ღაზის სექტორის მიმდიბარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ. შეტევის შედეგად გარდაიცვალა 2 ებრაელი ჯარისკაცი, ხოლო ერთი მათგანი, გილად შალიტი ისლამისტებმა ტყვედ აიყვანეს. 

გილად შალიტი ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ

ებრაულმა სპეცსამსახურებმა დაიფის განეიტრალება გადაწყვიტეს 2006 წლის ზაფხულშიც. შეტევის შედეგად, დაიღუპა დაიფის გარემოცვის რამდენიმე წევრი, ხოლო თავად მეთაური მძიმედ დაიჭრა. შეტევის შედეგად დაიფმა დაკარგა კიდურები, თუმცა ის კვლავ გადარჩა. როგორც ცნობილია 2006 წლის შემდეგ, მოჰამად დაიფი ეტლით გადაადგილდება, ამგვარად დაიფი ფაქტობრივად პარალიზებულია. 

მძიმე დაზიანების შედეგად, მოჰამად დაიფი სამკურნალოდ იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც სამთვიანი კურსი გაიარა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაიფი გამოეთიშა ორგანიზაციის ყოველდღიურ გამოწვევებს. ჰამასის სამხედრო ფრთაზე ფაქტობრივი კონტროლი დაიფის მოადგილემ, აჰმად ჯაბარიმ გადაიბარა, თუმცა ნამდვილ ხელმძღვანელად კვლავ მოჰამად დაიფი მოიაზრებოდა. 

2012 წელს ჯაბარის მკვლეობის შემდეგ დაიფის გავლენა ორგანიზაციაში კიდევ უფრო გაიზარდა. ამ დროიდან მოყოლებული, მოჰამად დაიფის კონტროლი ორგანიზაციაზე გამუდმებით იზრდებოდა, მის დაქვემდებარებაშია არამხოლოდ სამხედრო ოპერაციები, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, რომელსაც თავისი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციისთვის დაიფის კურთხევა ჭირდება. 

დაიფის კონტროლი განსაკუთრებით გამყარდა მას შემდეგ, რაც 2011 წელს ისრაელმა ჰამასის მიერ დატყვევებული გილად შალიტის სანაცვლოდ საპატიმროებიდან ტერორიზმში მხილებული 1 027 პალესტინელი  გამოუშვა. გათავისუფლებულ ტერორისტებს შორის აღმოჩნდნენ, დაიფის ახალგაზრდობის მეგობრებიც, მათ შორის, იაჰია სინვარიც. სინვარი ებრაულ საპატიმროში 22 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სწორედ სინვარის მეთაურობით მოკლეს 20-ზე მეტი პალესტინელი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ისრაელთან თანამშრომლობა. თავის მხრივ, იაჰია აიაშთან ერთად, სწორედ დაიფი და სინვარი მოიაზრებიან ჰამასის სამხედრო ფრთის დამფუძნებლებად. 

იაჰია სინვარი

გათავისუფლების შემდეგ, სინვარი ჰამასში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში მოჰამად დაიფის მხარეს ჩაერთო. ჰამასის ხელმძღვანელობაში დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა 2012-2013 წლებში დაძაბულობამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. საქმე ის არის, რომ ჰამასში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე  რამდენიმე ლიდერი და ფრაქციაა წარმოდგენილი. წლების განმავლობაში ჰამასის უმაღლეს ლიდერად ხალედ მაშალი მიიჩნეოდა, რომელიც უკვე წლებია თავს კატარს აფარებს. მაშალი დაიფისგან განსხვავებით უფრო პრო-არაბულ ფიგურად მიიჩნევა, ის აქტიურად მუშაობდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ფულის მოსაზიდად, ამ ფონზე მაშალს ცუდი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ირანის შიიტურ რეჟიმთან. 

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ, როდესაც არაბული გაზაფხულის ტალღამ სირიაში ჩააღწია. დამასკოში მოკალათებულმა ჰამასის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მაშალის მოწოდებით, ბაშარ ასადის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, ეს კი მიუღებელი იყო ირანისთვის, რომლისთვისაც ასადის რეჟიმი და სირია არაბულ სამყაროში მთავარი მოკავშირეები არიან. მაშალისგან განსხვავებით, პრო-ირანული განწყობები ჭარბობს ჰამასის ლიდერებში, რომლებიც ღაზაში იმყოფებიან. 

დაპირისპირება საბოლოოდ 2012 წელს, ჰამასის უმაღლესი საბჭოს შურას არჩევნებზე გადაწყდა. მაშალის მცდელობების მიუხედავად, არჩევნებში დაიფის ფრაქციამ გაიმარჯვა, რის შემდეგაც საკვანძო თანამდებობები სწორედ მის მიერ შერჩეულმა კადრებმა დაიკავეს. 

ისრაელში ბევრი მიიჩნევდა, რომ დაიფის განკითხვის დღე 2014 წლის 19 აგვისტო იქნებოდა. ამ დროს ჰამასსა და ისრაელს შორის 50 დღიანი ომი მიმდინარეობდა. მოჰამად დაიფის ადგილსამყოფლის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის სექტორში შეიხ რადვანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. 

შეიხ რადვანი, ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთი სახლი მოჰამად დაიფზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, 2014 წელი

სარაკეტო შეტევის შედეგად სახლი, რომელშიც დაიფი იმყოფებოდა განადგურდა, გარდაიცვალა დაიფის ცოლი და ორი შვილი. მომდევნო დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ შეტევის დროს მოკლეს თავად დაიფიც, მეტიც, პალესტინურ მედიაში ღაზის ერთ-ერთი საავადმყოფოს მიერ მოჰამად დაიფის გარდაცვალების ცნობის სურათებიც გავრცელდა. შეტევიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ დაიფი კიდევ ერთხელ დაუსხლტა ხელიდან ებრაულ სახელმწიფოს, მოგვიანებით დაიფის გადარჩენის შესახებ გავრცელებული ხმები ოფიციალურად დაადასტურა ისრაელმაც. 

პალესტინური წინააღმდეგობის სიმბოლო და ღირსების საკითხი 

 

მისი წარსულისა და ებრაულ სახელმწიფოსთან "შეურიგებელი" ბრძოლიდან გამომდინარე მოჰამად დაიფი პალესტინური წინააღმდეგობის განსხეულებად და ცოცხალ სიმბოლოდ გადაიქცა. უპირობოდ, მოჰამად დაიფი ორგანიზაციის ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ლიდერია, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობას არამხოლოდ ორგანიზაციის შიგნით, არამედ ღაზის სექტორის მოსახლეობაშიც. 

ეს უპირველესად განპირობებულია დაიფის ბიოგრაფიით - დევნილთა ბანაკში დაბადებული პალესტინელი, რომელმაც "მთელი ცხოვრება სიონისტ მტრებთან ბრძოლას შეალია", ის გაცილებით უფრო მიმზიდველ ლიდერად აღიქმება, ვიდრე ხალედ მაშალი, რომელიც პალესტინურ წინააღმდეგობას კატარის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიდან ეხმარება. 

ებრაული სპეცსამსახურების შეტევებისგან რვაჯერ გადარჩენამ და ჰამასის ორგანიზებულმა პროპაგანდამ დაიფს რჩეულის მისტიკური მანტია მოასხა - რჩეული მებრძოლის, რომელიც უვნებელი და გაძლიერებული გამოდის ყველა ბრძოლიდან. დაიფის წინასწარ ჩაწერილი აუდიო მიმართვები ბევრად უფრო ავთენტურად აღიქმება პალესტინელებში, ვიდრე ხალედ მაშალის და ისმაილ ჰანიეს მოწოდებები, რომლებიც დაიფთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი იმუნიტეტით სარგებლობენ.

ერთ-ერთი ბოლო აუდიო მიმართვა 2014 წელს ღაზასა და ისრაელს შორის მიმდინარე 50-დღიანი ომის დროს გავრცელდა. ეკრანზე გამოსახული კაცის სილუეტი, რომელშიც მოჰამად დაიფი იგულისხმებოდა ყურანის ენით საუბრობდა, დაიფის ხმა დამუშავებული იყო და პერიოდულად ისმოდა ექო, თითქოს პალესტინელებს არა ტერორისტი, არამედ ცოცხალი წმინდანი მიმართავდა. ამგვარ პოზიციონირებას ერთადერთი მიზანი აქვს: მოჰამად დაიფი წინასწარმეტყველ მოჰამადის პირდაპირ მემკვიდრეს წარმოადგენს, რაც ლეგიტიმაციის არნახულ ხარისხს ნიშნავს. 

დაიფის ამგვარ პოზიციას ხილვად სარგებელთან ერთად თან ახლავს სასიკვდილო რისკიც - მოჰამად დაიფის განადგურება ებრაული სახელმწიფოსთვის ღირსების საკითხია. ღირსების და მართლმსაჯულების უმაღლესი პრიორიტეტია აღსრულდეს სამართალი და განადგურდეს ადამიანი, რომელიც თავად ათობით ებრაელის სიკვდილის მიზეზი გახდა.

ჰამასთან მიმდინარე კონფლიქტიდან ისრაელისთვის რამდენიმე დამაკმაყოფილებელი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მთავარი მოჰამად დაიშის და იაჰია სინვარის აღსასრულზე გადის.  ისრაელისთვის ომის გაგრძელების არანაირი ობიექტური საფუძველი აღარ არსებობს გარდა ერთადერთისა და ეს სწორედ დაიფის განადგურებაა - ყველაფერთან ერთად ეს მიმდინარე ესკალაციის უკიდურესად სწორი ფინალიც იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები