-

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ესტონეთის მთავარი საფიქრალი, რუსული ორბიტიდან მოწყვეტა იყო, რაც სწრაფი და წარმატებული რეფორმების გარდა, ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გამოყენებით იყო შესაძლებელი.

Შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ გამოწვევაზე პასუხის გაცემით, ესტონეთმა შეძლო საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნატოში ინტეგრაციის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.

ის, რომ ნატოში ინტეგრაცია, არ ჰგავს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში კარგად იციან, ამიტომ, ესტონეთის მაგალითი, ორმაგად საინტერესოა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ ქვეყანამ წარმატებით გაიარა დემოკრატიზაციის გზა, გაატარა ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

წარმატებულმა ეკონომიკურმა რეფორმება, ესტონეთს კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუჩინა - მუდმივად გაეზარდა თავდაცვის ხარჯები, რასაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, აქტიურად აკეთებდა.

გარდა ამისა, ესტონეთი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გახდა, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა - ავღანეთი, ბოსნია, კოსოვო თუ ლიბანი.

შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთი ძალიან კარგ მაგალითია ჩვენთვის. ამ ქვეყნის მიერ განვლილი გზა გვიჩვენებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის, ორგანიზაციის მიერ გაწერილი მოთხოვნების შესრულების გარდა, საჭიროა ინსტიტუციური მზაობა და შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია.

პირველი ნაბიჯები 

ანტისაბჭოთა განწყობები, ესტონეთში, ყოველთვის ძლიერი იყო, ხოლო 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან, ეროვნული მოძრაობა, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. 1988 წლის მაისში, ტარტუს პოპ ფესტივალზე, ესტონელი კომპოზიტორის, ალო მატიისენის 5 პატრიოტული სიმღერა შესრულდა, რაც მალევე იქცა საბჭოთა ოკუპაციის წინააღდმეგ ბრძოლის ჰიმნად და მომდევნო წლების განმავლობაში, თითქმის ყველა ფესტივალზე, მუდმივად სრულდებოდა.

1991 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ, ესტონელების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ჩახშობა სცადა, მას შემდეგ, რაც ესტონეთის კონგრესმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საბჭოთა ჯარებმა ქვეყანაში არსებული რადიოების, ტელევიზიების და პარლამენტის შენობების აღება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მოვლენები უსისხლოდ დასრულდა, რასაც საბოლოოდ, ესტონეთის საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.

ამ მოვლენას, მოგვიანებით - “რევოლუცია სიმღერით” ეწოდა.

დამოუკიდებელ ესტონეთს, თავიდანვე სურდა ისეთი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური გარანტიების მიღება, რაც გამორიცხავდა 1940 წლის ოკუპაციის მსგავს სცენარებს.

ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლება, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე ნატოს გაფართოვებას, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 1990-იან წლებში, ამ საკითხზე დასავლეთშიც საკმაოდ დიდი ორაზროვნება არსებობდა. თუმცა, საგარეო პოლიტიკური მოვლენების ერთობლიობამ, რუსეთში არსებულმა მძიმე ვითარებამ და ესტონეთისა და სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სწორმა პოლიტიკამ, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, შესაძლებელი გახადა.

ესტონეთის გზა ნატომდე

ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროს, ესტონეთისთვის, ერთ-ერთი მთავარი წინაღობა - რუსული ეთნიკური უმცირესობის უფლებების საკითხი იყო (ესტონეთის მოსახლეობის 23%  ეთნიკურად რუსია. - რედ.).

უმცირესობების საკითხის გამოყენება, პოლიტიკური მიზნებისა და არეულობის შესაქმნელად, რუსეთისთვის კარგად დაცდილი ქმედება იყო, რასაც ესტონეთში სიფრთხილით მოეკიდნენ. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ესტონეთს მოქალაქეობისა და ენის კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოსთხოვეს.

გაცემული მოთხოვნები, რაც ნატურალიზაციის პროცესის გამარტივებას, ახალშობილი რუსი ბავშვებისთვის ესტონეთის მოქალაქეობის მიღებასა და ესტონური ენის სწავლების პასუხისმგებლობას მოიცავდა, ქვეყანამ წარმატებით შეასრულა.

რამაც შესაძლებელი გახადა, რომ პოტენციურად რთული პოლიტიკური დილემა, წარმატებით დაძლევადი გამხდარიყო. 

ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ 1990-იანი წლების მიწურულს, ეუთომ, ესტონეთში არსებული ვითარება, დამაკმაყოფილებლად მიიჩნია.

ყველას კარგად ესმოდა, რომ ბალტიის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები, რადგანაც თავდაპირველად, არსებობდა შიშები, რომ ეს ქვეყნები, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს ვერ შეიტანდნენ, რაც პირველ რიგში - მოსახლეობის სიმცირითა და ლიმიტირებული სამხედრო შესაძლებლობებით იყო გამოწვეული.

აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ესტონეთს, საბჭოთა არმიის ნარჩენების ტრანსფორმირება არ უცდია და შეიარაღებული ძალების მშენებლობა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნულიდან დაიწყო.

მოსახლეობასთან ერთად, სამხედრო პერსონალის სიმცირე, კიდევ ერთი გამოწვევა იყო. 1996 წლისთვის, ესტონეთის შეიარაღებული ძალების აქტიური სამხედრო პერსონალის რაოდენობა 3,450 ადამიანისგან შეადგენდა.

სწორედ ამიტომ, ბალტიის ქვეყნებმა, მარტივი და გონივრული გზა მოიფიქრეს, მათ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების კონსოლიდაცია დაიწყეს, რათა ნატოს წევრი ქვეყნების თვალში, ღირებულება გაეზარდათ.

ამ გზაზე, ერთ-ერთი ასეთი პროექტი “ბალტიის ქვეყნების ერთობლივი ბატალიონი” იყო, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა, ხოლო მხარდამჭერები დანიის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობები იყვნენ.

მოგვიანებით, ამ ბატალიონს აშშ-მ, ნორვეგიამ და გერმანიამ მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს. ბატალიონმა მონაწილეობა მიიიღო ნატოს სამშვიდობო მისიებში - ბოსნიაში, კოსოვოსა და ლიბანში.

ეს ბატალიანი ჩართული იყო, მათ შორის ქართველი სამხედროების წვრთნებშიც.

საწყის ეტაპზე, ბატალიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ოფიცრებში ინგლისური ენის არცოდნა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, ეს პრობლემა მოგვარდა.

აღნიშნული პროექტის წარმატების შემდეგ, სამმა ბალტიურმა სახელმწიფომ, სხვა მიმართულებითაც დაიწყო ერთობლივი სამხედრო პროექტები.

ამის მაგალითებია - ბალტიის საზღვაო ესკადრონი, ბალტიის ერთობლივი საჰაერო მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც შემდგომში, ბუნებრივად გახდა ნატოს ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილი და ბალტიის თავდაცვის კოლეჯი, რომელსაც დანიელი გენერალი ხელმძღვანელობდა.

ერთობლივი ქმედებების გარდა, ესტონეთი დამოუკიდებლადაც ცდილობდა, ნატოს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, რაც წარმატებით გამოუვიდა.

MAP-ის მიღების შემდეგ, 2002 წლისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართლებით, ესტონეთი უკვე ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რაც ნატოს სტანდარტით არის გათვალისწინებული, თუმცა ბლოკის ბევრი ქვეყანა, ამას, წლების განმავლობაში არ ასრულებდა.

ესტონეთის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობამ, სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანმა ზრდამ და თავდაცვის სფეროში გატარებულმა რეფორმებმა, მნიშვნელოვანი სიგნალი მისცა დასავლეთს, რომ ეს ქვეყანა, მხოლოდ ნატოს რესურსების მომხარებელი არ გახდებოდა და მსოფლიო უსაფრთოხების დაცვაში, თავადაც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ესტონელი სამხედროები ბოსნიაშიესტონელი სამხედროები ბოსნიაში

რუსულ-ესტონური ურთიერთობები ნატოში ინტეგრაციის გზაზე

1990-იან წლებში, ბორის ელცინმა მხარი დაუჭირა ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობას, რისი მიზეზიც, მისი და ჯერ კიდევ არსებულ საბჭოთა ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება იყო.

რუსულ-ესტონური ურთიერთობების მშვიდობიან განვითრებას, ხელი შეუწყო 1994 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ, ქვეყნის დატოვებამაც. საბჭოთა კავშირმა, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ოკუპაცია 1940 წელს მოახდინა, ხოლო 1991 წლისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, დაახლოებით 150,000 საბჭოთა სამხედრო იყო, რაც თავისთავად, დიდი რისკის შემცველი იყო.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას, ქვეყნის შიგნით მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპოზიცია ელცინს, ესტონეთში მცხოვრები რუსების მიტოვებაში ადანაშაულებდა.

თუმცა, ცხადია, რომ ელცინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დიდწილად არსებული სიტუაციითა და რუსეთის სისუსტით იყო გამოწვეული, რადგანაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, მეგობრული ნამდვილად არ ყოფილა.

კრემლი მუდმივად ცდლიობდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ მოექცია. ამის მაგალითია პერიოდული მუქარა, რომელიც გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტას გულისხმობდა. ასევე, ხაზგასასმელია ნავთობის ტერმინალების მშენებლობა პრიმორსკში და ფინეთის ყურის სხვა რუსულ პორტებში, რაც ესტონეთს, სატრანზიტო ფუნქციის გარეშე ტოვებდა.

2000 წელს, რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები “ნებაყოფლობით, საერთაშორისო სამართლის თანახმად” შეუერთდნენ საბჭოთა კავშირს და საბჭოთა ჯარებიც, თავად “მიიწვიეს.”

ისტორიის გაყალბების მცდელობას, მწვავე პასუხი მოჰყვა ბალტიის რეგიონის ქვეყნებისგან. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთს ისევ არ მოუხდია ოფიციალურად ბოდიში ლიეტუველების, ლატვიელების და ესტონელების მიმართ ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

სიტუაციას ისიც ამწვავებდა, რომ რუსული პროპაგანდა, მუდმივად ცდილობდა საბჭოთა მმართველობის პოზიტიურად წარმოჩენასა და იმ “სიკეთეებზე” ხაზის გასმას, რაც ესტონეთმა ოკუპაციის დროს მიიღო.

ხოლო 2001 წლის მარტში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ღიად განაცხადა, რომ ბალტიიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის “გავლენის სფეროში” უნდა დარჩენილიყვნნენ.

მიუხედავად ამისა, რუსეთს მალევე მოუწია იმის გააზრება, რომ ნატოს გაფართოება გარდაუვალი იყო, რასაც იმ მომენტში, ვერაფრიტ დაუპირსპირდებოდნენ და პოზიციებიც, დროებით, უფრო ზომიერი გახდა.

ამ საკითხთან მიმართებით, კრემლის პოზიციის დანახვა შესაძლებელია რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის მიერ 2002 წლის განცხადებაში, სადაც მან ნატოს გაფართოებას შეცდომა უწოდა, თუმცა ეს ალიანსის “შიდა საქმედ” მიიჩნია.

შეიძლება ითქვას, რომ სურვილის მიუხედავად, რუსეთს არ გააჩნდა იმის ძალა, რომ ნატოში ესტონეთის ინტეგრაციას დაპირისპირებოდა, რითიც გადასარევად ისარგებლეს ბალტიურ ქვეყანაში და ყველა ძირიტადი სამუშაო იქამდე გასწიეს, სანამ კრემლი, ძალას მოიკრებდა. 

დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბება

ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაფართოებაზე ფიქრი დაიწყეს. 1995 წლის სექტემბერში, ახალი წევრების მისაღებად, პოლიტიკური და სამხედრო კრიტერიუმები დაწესდა. მათ შორის არის დებულება, რომელიც ყველა წევრისგან ითხოვს დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და მეზობლებთან არსებული სასაზღვრო დავების მოწესრიგებას. 

მნიშვენლოვანი იყო 1997 წლის მადრიდის სამიტი, სადაც ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო შეიქმნა და გამოქვეყნდა დეკლარაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნატო უახლოეს წლებში, ახალი წევრების მიღებისთვის მზად იყო.

ინტეგრაციის გზა რომ უფრო კონკრეტული ყოფილი, 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე, ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) დაინიცირდა, რაც ორგანიზაციაში გაერთიანების მსურველებზე, ყოველწლიური ანგარიშის წარმოებასა და კრიტერიუმების შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

თავის მხრივ, საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის ტრანსფორმაციაც. 1990-იან წლების პირველ ნახევარში, აშშ-ში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, სკეპტიკური წარმოდგენები არსებობდა.

თუმცა მოგვიანებით, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ამ თვალსაზრისით შეიცვალა, რასაც 1998 წელს, ბალტიის პარტნიორობის ქარტიის გაფორმება მოჰყვა.

ეს დოკუმენტი, ესტონეთს ნატოში ინტეგრაციის გარანტიას არ აძლევდა, მაგრამ ამ გზაზე წარმატებულად სიარულისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

მნიშვნელოვანი გამოდგა 2001 წლის ამერიკის არჩევნებიც, რომლის შემდეგაც, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გახდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა, საწყის პერიოდში, მკაფიო არ ყოფილა, მაგრამ ეს ბუნდოვანება, მოკლე დროშივე - პარტნიორობის ძლიერმა სურვილმა შეცვალა.

2001 წლის ივნისში, ჯორჯ ბუშმა, ვარშავის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს, მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა: “ევროპის ყველა ახალ დემოკრატიას, ბალტიის ზღვიდან - შავ ზღვამდე, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ იმ ინსტიტუტებს, რომლის წევრებიც ევროპის ძველი დემოკრატიები არიან. Ჩვენ გავანადგურებთ იმ ცრუ ხაზებს, რომელიც ევროპას დიდი ხნის განმავლობაში ჰყოფდა.”

ამ გამოსვლის შემდეგ, ბუშმა ხელი მოაწერა თავისუფლების კონსოლიდაციის აქტს, რომლის ფარგლებშიც - ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ $21 მილიონის დახმარება მიიღეს.

ის პროგრესი, რომელიც ესტონეთმა და მთლიანად, ბალტიის რეგიონის სახელმწიფოებმა გაიარეს, კარგად ჩანს გავლენიანი სენატორების, ჯონ მაკკეინისა და რიჩარდ ლუგარის საერთო სტატიაში, სადაც მათ, “შეუძლებლად მიიჩნიეს” ნატოში გაწევრიანებაზე ბალტიისპირეთის დემოკრატიების სურვილის იგნორირება ან გადადება.

რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება, დასავლეთთან გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა იყო. თუმცა, თუკი ისტორიას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იმ პერიოდში, ვლადიმერ პუტინი წინააღმდეგობას მკაფიოდ ვერ გამოხატავდა და ნატოს გაფართოებას “რუსეთისთვის ტრაგედიად” არ მიიჩნევდა.

“ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ხალხებს გააკეთონ რომელიმე არჩევანი, თუ მათ სურთ თავიანთი უსაფრთხოების ამ გზით გაზრდა.” - 2001 წელს ამას ამბობდა პუტინი, National Public Radio-სთან ინტერვიუში.

ესტონეთის დროშის აღმართვა ნატოს შტაბ-ბინასთან

ნატოს წევრობა

2002 წელს, პრაღის სამიტზე, ესტონეთი ნატოში მიიწვიეს. პატარა ბალტიური ქვეყნის ეს წარმატება, სამი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორების როლი, ასეთი პროცესების დროს უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი პატარა სახელმწიფოების შემთხვევაში, პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ თავად ამ ქვეყნის მტკიცე სურვილსა და განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ძალიან სწრაფად და ხისტად მოხდა.

ესტონეთმა, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა ყველა მტკივნეული რეფორმის გატარება, “საშინაო დავალების” შესრულება და სკეპტიკური მოსაზრებებისთვის დამაჯერებელი პასუხის გაცემა, რამაც დასავლური ინტეგრაციაზე ოცნება, შესაძლებელი გახადა.

რუსული შანტაჟისა და პირდაპირი თუ ირიბი მუქარების ფონზე, ესტონეთის მთავრობამ წარმატებული ეკონომიკური რეფორმებისა გატარება და ქვეყნის დემოკრატიზაცია შეძლო, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაზრდილიყო. 

ასეთი ჩქარი ტემპებით მიღწეული პროგრესის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებისთვის შეუძლებელი გახდა, რომ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროგრესი, ყურადღების გარეშე დაეტოვებინათ.

მალევე გამოჩნდა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, სასურველი მიზნიდან, ხელშესახებ რეალობად გადაიქცეოდა.

მეორე მნიშვნელოვან გარემოებად, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტე შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბორის ელცინის შემდეგ, რა დროსაც რუსეთი დაქსასული და ეკონომიკურად არასტაბილური იყო, ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, რომელიც დასავლეთთან ღია კონფრონტაციაში არ იყო შესული და შესაბამისად, ნატოს პრაღის სამიტზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ზემოქმედების მოხდენა ვერ შეძლო.

ამავდროულად, რუსეთის ახალი პრეზიდენტის მიმართ, დასავლეთში პოზიტიური მოლოდინები იყო და საწყისი პერიოდის პარტნიორობის ილუზორული პერსპექტივა, ესტონეთისთვის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა.

ისტორიული პარალელის სახით, შეიძლება ითქვას, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ შემთხვევას წარმოადგენს ნატოს ბუქარესტის სამიტი, რომელსაც წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინის ცნობილი გამოსვლა უძღვოდა და რასაც კრემლის ღიად კონფრონტაციული პოლიტიკა მოჰყვა, რომლის მსხვერპლიც ჯერ საქართველო, ხოლო შემდგომ უკრაინა აღმოჩნდა.

მესამე ფაქტორი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეცვლილი ვითარებაა. ამ ტრაგიკულმა მოვლენის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში, სახელმწიფოებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააღრმავეს თანამშრომლობა, რამაც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის სკეპტიკოსებს, გაუქარწყლა არგუმენტი, რომ ეს ქვეყნები, გეოგრაფიულად მოწყვეტილები იყვნენ.

ესტონეთის პრემიერის, იუჰან პარტსის შეხვედრა ჯორჯ ბუშთან, თეთრი სახლი, 2004

საბოლოოდ, 2004 წლის 29 მარტს, ესტონეთი ნატოს წევრი გახდა. ამ წელს, ალიანსის გაფართოების ყველაზე დიდი ტალღა შედგა. ორგანიზაციას ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია შეუერთდნენ.

2004 წლის სტამბოლის სამიტს, ეს სახელმწიფოები უკვე წევრის სტატუსით ესწრებოდნენ. არადა, ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც 5 წლით ადრე, ძალიან რთული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ნატოს გაფართოების ახალი ტალღა, ასე მალე იქნებოდა.

ესტონეთი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეძლოს რთული გეოგრაფიული არეალის მქონე ქვეყანამ, წარმატებული რეფორმების განხორციელება, რაც სახელმწიფოს, მოულოდნელი პერსპექტივების გამოყენების შესაძლებლობას უჩენს.

საერთაშორისო პოლიტიკაში, შესაძლებლობების ფანჯარა, ხშირად მოულოდნელად და მცირე დროით ჩნდება, რაც თავის დროზე, ესტონეთმა შესანიშნავად გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები