-

ბოლო პერიოდში ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრი და მედია ლოქდაუნისას, პრემიერის რეზიდენციაში ჩატარებულ რამდენიმე წვეულებაზე საუბრობს. სკანდალი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ამის მიუხედავად ჯონსონის და კონსერვატორების მხარდაჭერის რეიტინგი ყოველდღიურად მცირდება.

სკანდალს ბრიტანულმა მედიამ უკვე უწოდა "Partygate".

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების რეიტინგი 41%-ია, კონსერვატორების მხარდაჭერა კი 31%-მდე შემცირდა. კიდევ უფრო მძიმეა პერსონალურად ბორის ჯონსონის მდგომარეობა - გამოკითხულთა 66% მის გადადგომას ემხრობა, მათ შორის 2019 წლის არჩევნებზე კონსერვატორთა მხარდამჭერების 42%.

პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა მისმა თანაპარტიელმა და შოტლანდიელი კონსერვატორების ლიდერმა დაგლას როსმა, თუმცა პარტიის სხვა ლიდერები ამ მოთხოვნას არ უერთდებიან.

სწორედ ამიტომ, საინტერესოა რატომ გამოიწვია ამ მასშტაბის სკანდალი და ხელისუფლების ასეთი დაზიანება კოვიდ-რეგულაციების დარღვევამ.

რა არის Partygate?

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეზიდენციაში 2021 წლის 16 აპრილს ორი წვეულება გაიმართა, რომელიც დილამდე გაგრძელდა.

ერთი პრემიერ-მინისტრის კომუნიკაციების დირექტორის, ჯეიმს სლეკის გაცილების წვეულება იყო. სლეკმა ბოდიში უკვე მოიხადა.

Daily Telegraph-ის ცნობით, მეორე ღონისძიება იმავე შენობაში, პრემიერის ერთ-ერთი ფოტოგრაფის სამსახურიდან გაცილებას მიეძღვნა.

გვიან საღამოს, ორი ღონისძიება Downing Street-ის ბაღში გაერთიანდა და ორმა ჯგუფმა წვეულება ერთად განაგრძო.

ბორის ჯონსონი წვეულებას არ ესწრებოდა, თუმცა იმ დროს რეზიდენციაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე დედოფალი ელიზაბეთი რეგულაციების დაცვით, ეკლესიაში მარტო იჯდა. მოგვიანებით პრემიერის ადმინისტრაციამ დედოფალს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამ ფაქტის გამო ბორის ჯონსონი განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

დედოფალი ელიზაბეთი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე

 

კოვიდ-რეგულაციები 2021 წლის 16 აპრილს

2021 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, ბრიტანეთში დახურულ სივრცეში შეკრება აკრძალული იყო. არსებობდა გამონაკლისი “სამსახურებრივი მიზნით” შეკრებაზე, თუმცა ეს არ გულისხმობდა სოციალურ შეკრებას.

რეგულაციების თანახმად, კერძო ბაღებსა და სკვერებში მხოლოდ 6 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი.

რომელ წვეულებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი?

ITV News-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, 2020 წლის 20 მაისს ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე კერი Downing Street-ის ბაღში 30 ადამიანთან ერთად წვეულებას ესწრებოდნენ.

წვეულებაზე ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელზეც პრემიერის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ალკოჰოლი თავად უნდა მიეტანათ.

ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა და ბრექსიტის კამპანიის ყოფილმა მენეჯერმა, დომინიკ ქამინგსმა 2022 წლის 7 იანვარს საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ 20 მაისის წვეულებაზე პრემიერ-მინისტრის პირადმა მდივანმა ელექტრონული ფოსტით 100-ზე მეტი ადამიანი მიიწვია, სადაც ის წერდა, რომ შესანიშნავი ამინდი იყო და სოციალური დისტანციის დაცვით ბაღში ალკოჰოლი დაელიათ.

ბორის ჯონსონი ლოქდაუნისას, საკუთარი რეზიდენციის ეზოში წვეულებაზე

 

კოვიდ-რეგულაციები 2020 წლის 20 მაისს

ბრიტანეთში 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით, რეგულაციების მიხედვით, სახლიდან გასვლა ადამიანებს არ შეეძლოოთ კონკრეტული მიზეზის გარეშე, როგორიცაა: დისტანციურად მუშაობის შეუძლებლობა, ვარჯიში, აფთიაქებსა და მაღაზიებში მედიკამენტებისა და საკვების შეძენა.

რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ დარღვევაზე 100 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა და ყოველ განმეორებაზე მისი ოდენობა ორმაგდებოდა.

წვეულება რეგულაციების დაცვით ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, რადგანაც ტექნიკურად პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე იმავე შენობაში ცხოვრობენ, მათი დასწრება ამ ღონისძიებაზე, საკუთარი სახლის დატოვებად შეიძლება არც ჩაითვალოს.

ამის მიუხედავად, მათ 2 ადამიანზე მეტის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს.

ბრიტანეთის პარლამენტში საკითხის განხილვისას, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ეს “საქმიანი ღონისძიება” იყო და რეგულაციები არ დაურღვევიათ. თუმცა, მისივე ხელისუფლების მიერ დაწერილ გაიდლაინებში ვკითხულობთ, რომ “დასაქმებულებმა შეხვედრების და შეკრებების მინიმალიზება უნდა სცადონ”. აღნიშნული შეკრების აუცილებლობა კი დასაბუთებული არ არის.

ჯამში რამდენი წვეულება ჩატარდა რეგულაციების დარღვევით?

2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში მინიმუმ 7 წვეულება ჩატარდა. ვრცელდება ცნობები, 2020 წლის მაისსა და 2021 წლის აპრილში ჩატარებულ წვეულებებზეც. ბრიტანული ტაბლოიდი The Mirror წერს, რომ პრემიერის რეზიდენციაში მსგავსი შეკრებები ღვინის თანხლებით რეგულარულად, ყოველ პარასკევს ტარდებოდა.

თუმცა, ეს სკანდალი პრემიერის რეზიდენციას სცდება და ზოგადად, კონსერვატორული პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლებს უკავშირდება.

წვეულებები პირველი და მეორე ლოქდაუნისას, ლონდონში დაწესებული შეზღუდვებისას და ბოლოს მესამე, ინგლისში დაწესებული ლოქდაუნის დროსაც ჩატარდა.

მაგალითად, 2020 წლის 14 დეკემბერს, ლონდონის მერობის კანდიდატმა შაუნ ბეილიმ საკუთარი კამპანიის გუნდთან ერთად წვეულება გამართა. ბაილიმ რეგულაციების დარღვევა აღიარა და ლონდონის საკრებულოს პოლიციის კომიტეტის თავმჯდომარეობიდანაც გადაგა.

იმავე წლის 16 დეკემბერს, საშობაო წვეულება ჩატარდა ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში. წვეულებას ტრანსპორტის მდივანი გრანტ შაპსი არ ესწრებოდა, თუმცა მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

საშობაო წვეულება ლოქდაუნისას კონსერვატორული პარტიის შტაბში

 

საზოგადოების რეაქცია სკანდალზე

წვეულებების სკანდალს ბრიტანული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მაშინ, როდესაც უბრალო მოქალაქეებს საკუთარი მშობლების და ოჯახის წევრების ნახვა არ შეეძლოთ და ათასობით ადამიანი იღუპებოდა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში და კონსერვატორული პარტიის სხვა წევრების ოფისებში წვეულებები ტარდებოდა.

2021 წლის 8 დეკემბერს, ბრიტანეთის პარლამენტში, პრემიერ-მინისტრთან დებატებისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კიერ სტარმერმა პროფესორი ტრიშ გრინჰალას მაგალითი მოიყვანა, რომელმაც საკუთარი დედა სიკვდილამდე საავადმყოფოში ვერ მოინახულა და ვერც მის დაკრძალვას დაესწრო. ოპოზიციის ლიდრის თქმით, ჯონსონის გადადგომა ქვეყნის ინტერესებშია, რადგან მას “არ შეუძლია გაუძღვეს ქვეყანას.”

“ჩვენ პრემიერ-მინისტრის ჩავარდნილი სპექტაკლის მოწმენი ვართ, რომელიც ტყუილებისა და სიცრუეშია ჩაძირული და არ შეუძლია გაუძღვეს ქვეყანას.” - თქვა სტარმერმა.

ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ვერნონ ბოგდანორმა თქვა: “როგორც ჩანს, ხელისუფლებას შეუძლია დაარღვიოს ის წესები, რომლებსაც უბრალო ადამიანები ემორჩილებიან.”

გასული წლის დეკემბერში, კონსერვატორები ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთი ოლქის, ჩრდილოეთ შროპშირის რიგგარეშე არჩევნებში დამარცხდნენ. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით კონსერვატორების მხარდაჭერა ამ მაჟორიტარულ ოლქში 31%-ით შემცირდა, რაც მკაფიოდ აჩვენებს ტენდენციას. ამ ოლქში ლიბერალ-დემოკრატმა ჰელენ მორგანმა გაიმარჯვა, მისი წარმატება ანალიტიკოსებმა სწორედ ამ სკანდალზე საზოგადოების ბრაზის გამოხატულებად აღიქვეს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კიერ სტარმერი ბორის ჯონსონის გადადგომას ითხოვს

 

ბორის ჯონსონის პასუხი ბრალდებებზე

პრემიერის რეზიდენციაში საშობაო წვეულებების შესახებ პირველად ინფორმაცია Daily Mirror-ში გავრცელდა. საპასუხოდ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ყველა შეკრება რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

მალევე, Downing Street-ზე ჩატარებული პრეს-კონფერენციის ვიდეო გავრცელდა, სადაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ლოქდაუნისას ჩატარებული წვეულების შესახებ ხუმრობენ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მას ესმის საზოგადოების აღშფოთება.

“ამას თქმა არ სჭირდება, რომ თუ წესები დაირღვა, დისციპლინური ზომებია მისაღები,” - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით მედიაში ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს რეზიდენციის ბაღში, მაგიდასთან მსხდომი პრემიერ-მინისტრი და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც ღვინოს და ყველს მიირთმევენ. ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ დროს ისინი “სამსახურში იმყოფებოდნენ” და რეგულაციები არ დაურღვევიათ.

რა ელის მოქმედ პრემიერს?

ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის მისი ადმინისტრაციის უფროსის, დან როზენფილდის და პირადი მდივნის, მარტინ რეინოლდსის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს.

იმისთვის, რომ კონსერვატორულ პარტიაში ლიდერის არჩევნები ჩატარდეს, თემთა პალატის კონსერვატორი დეპუტატების 15%-ის მიერ პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა.

პარტიის ლიდერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, YouGov-ის კვლევის თანახმად, კონსერვატორული პარტიის წევრების 33% მხარს ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს დაუჭერდა, 25% - საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ თრასს, 8% - ჯერემი ჰანტს, რომელიც 2019 წლის კონსერვატორული პარტიის ლიდერის არჩევნებზე ბორის ჯონსონის მთავარი ოპონენტი იყო და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.

სხვა კანდიდატების მხარდაჭერა ბევრად მცირეა.

ეყოლება თუ არა ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები