-

გუშინ, 11 მაისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, დაადასტურა, რომ უკრაინას პირველად გადაეცა შორი რადიუსის რაკეტები. საუბარია Storm Shadow-ის ტიპის ფრანკო-ბრიტანულ სისტემებზე. 

ამგვარად ბრიტანეთი გახდა პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც 24 თებერვლიდან მოქმედი კიდევ ერთი ტაბუ დაარღვია, რომელიც შორი რადიუსის შეიარაღების მიწოდებაზე მოქმედებდა. ოკუპანტების ლოჯისტიკის გასანადგურებლად უკრაინელები პრაქტიკულად ომის დაწყების დღიდან ითხოვდნენ ნებისმიერი შორი რადიუსის შეიარაღებას. ძირითადად აქცენტები ამერიკულ ATACMS-ებზე კეთდებოდა. 

კონფლიქტის ესკალირების რიდით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე უარს ამბობს შორი სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს აღწევს. აშშ-ს მხრიდან უარის მიუხედავად, უკრაინელებს არ შეუწყვეტიათ პარტნიორებთან ამ საკითხზე მუშაობა და უკვე მიმდინარე წლის თებერვალში რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გახდებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორი რადიუსის შეიარაღებას მიაწვდიდა. 

რთული გზა 

განცხადებაში სუნაკს არ დაუკონკრეტებია შეიარაღების ტიპი ან ვადები. გადაწყვეტილებასთან მიახლოების პირველი ნიშანი უკრაინის დახმარების ფონდის (IFU) საიტზე გამოქვეყნებული ტენდერი გახდა.

30 აპრილს გამოქვეყნებული ტენდერის მოთხოვნებში ეწერა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაკეტა 100-დან 300 კილომეტრის მოქმედების რადიუსით, საზღვაო, საჰაერო, ან სახმელეთო ბაზირების, ხოლო ასაფათქებელი მასალის წონა 20-დან 490 კილომეტრის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა რაკეტას უნდა ჰქონოდა მაღალი სიზუსტე, მდგრადობა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობების წინააღმდეგ. 

ამგვარ აღწერილობაში ჯდებოდა ATACMS-ებიც, აქედან გამომდინარე მედიის ყურადღება კვლავ ამერიკულმა სისტემებმა მიიპყრო. იმის შესახებ, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის სწორედ Shadow Storm-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდა პირველად Washington Post-მა 9 მაისს დაწერა

უკვე დღეს დილით, CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ტიპის რაკეტები უკრაინამ ბრიტანეთისგან უკვე მიიღო. რამდენიმე საათში ეს ცნობები პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა ბენ უოლესმაც. გამოცემის ცნობით, უკრაინას მოუწია ბრიტანელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის არ გამოიყენებდა.

უოლესის თქმით, ამგვარი სისტემების გადაცემის მიზეზი რუსეთის მოქმედებებია - "ვფიქრობ ეს არის გათვლილი და პროპორციული პასუხი რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე." ლეიბორისტი დეპუტატის კითხვაზე თუ რატომ დაჭირდა პროცესს ამდენი ხანი უოლესმა ტექნიკურ ასპექტებზე ისაუბრა. 

უოლესის თქმით, საავიაციო ბაზირების რაკეტის ინტეგრირება საბჭოთა წარმოების გამანადგურებელთან საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, რამაც დიდი დრო წაიღო. 

რას წარმოადგენს Storm Shadow

"ეს არის ძალიან მძლავრი შეიარაღება უფრო შორეული ოპერაციებისთვის განსაკუთრებით კი, კარგად გამაგრებული სამიზნეების წინააღმდეგ ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში",- წერს ოსლოს ბირთვული პროექტის სკოლის უფროსი მკლევარი ფაბიან ჰოფმანი.

ამ ტიპის რაკეტები გაერთიანებული სამეფოს არმიის შეიარაღებაში პირველად 2002 წელს გამოჩნდა. მწარმოებელი რაკეტების ევროპული კომპანია MBDA Group-ია, რომლის ფრანგული ექვივალენტიც SCALP-EG-ის სახელით არის ცნობილი. ტექნიკური მახასიათებლებით Storm Shadow ისეთი სისტემების მსგავსია როგორიცაა AGM-158 და JASSM-ის ტიპის ამერიკული რაკეტები. ასევე შეილება შედარება შვედურ-გერმანული წარმოების TAURUS-თან. 

ამ ტიპის რაკეტები TR60-30-ის ტურბოძრავზე მუშაობს, რაც მას 250-დან 490 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსს აძლევს. სავარაუდოა, რომ უკრაინას Black Shaheen-ის მსგავსი მოდიფიკაციის სისტემა გადასცეს, რომლის მოქმიდების მაქსიმალური სიშორე 290 კილომეტრია. 

რაკეტის ქობინს 400 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების ტარება შეუძლია. სპეციფიკური დიზაინის მეშვეობით რაკეტას შეუძლია გამაგრებულ ზედაპირებში ღრმა პენეტრაცია, რაც ზრდის პოტენციურ ზიანს. მყარი სამიზნის პენეტრაციის ეფექტურობის კუთხით Storm Shadows ხშირად ადარებენ გრავიტაციულ, ლაზერულ ბომბებს. 

"როგორც ასეთი, რაკეტა წარმოადგენს ძალიან მაღალი ეფექტურობის შეიარაღებას გამაგრებული სამიზნეების წინააღმდეგ",- წერს ჰოფმანი. საუბარია მიწისქვეშა მდებარე სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის სამეთაურო ბუნკერებზეც. 

Storm Shadow იყენებს სამი ტიპის ნავიგაციას, მათ შორის ინერციულს და GPS ნავიგაციას. ის აღჭურვილია ასევე სამიზნის აღმოსაჩენად საჭირო ინფრაწითელი სხივების გენერატორით და სამიზნის ამომცნობი კომპიუტერულ პროგრამით. 

ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ  სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ, რაკეტები მაინც მოწყვლადია. მათ შორის რუსული დანადგარების წინააღმდეგაც. მკვლევრების აზრით, Storm Shadow-ს ჩამოგდება რუსულ C-300-ებსაც შეუძლიათ. 

ეს სისუსტე დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სისტემა უკვე 20 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოძრაობის სიჩქარე ხმის სიჩქარეს ჩამოუვარდება. თუმცა ფრანგულ-ბრიტანულ რაკეტებს რუსულ ანალოგებთან შედარებით სერიოზული უპირატესობები აქვს.

სიჩქარეში ჩამორჩენის მიუხედავად Storm Shadow-ს, ამერიკულ ATACMS-ებთან შედარებით ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ - გამაგრებული სამიზნეში ღრმა პენეტრაციისა და მაღალი სიზუსტის შედეგად ამ ტიპის რაკეტა შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური იყოს ისეთი ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად როგორიცაა ყირიმის ხიდია. 

ამ შეიარაღების მიღების შემდეგ HIMARS-ის წვდომის არეალის მიღმა მყოფი სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები და ლოჯისტიკური კვანძები აღარ არის დაცული და ეს ყველაფერი ახლა უკვე ЗСУ-ს წვდომის არეალში მოექცა. 

მთავარი ინტრიგა 

Storm Shadow საავიაციო რაკეტაა, ხოლო ოფიციალური ცნობებით, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია გამანადგურებლები, რომელთაც ამ რაკეტის გაშვება შეუძლია - ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი კითხვა სწორედ ეს არის. 

ზოგადად ამ ტიპის რაკეტის ოპერირების სულ 3 ვარიანტი არსებობს: 

  • უკრაინის საჰაერო ძალები დაიწყებენ უკვე არსებული თვითმფრინავების მოდერნიზებას. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, ვინაიდან სპეციალური საბორტო აპარატურის გარდა, დროსაც მოითხოვს;

  • შეიქმნება სახმელეთო ბაზირების გამშვები დანადგარი;

  • უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ დასავლური წარმოების თვითმფრინავებს;

ბენ უოლესმა განაცხადა, რომ საბჭოთა თვითმფრინავების მოდერნიზების პროცესი უკვე დაწყებულია და პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა კვლავ რჩება ერთი სირთულე - ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებისთვის საჭიროა ეკიპაჟის დამატებით 1 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი 2-ადგილიანი უნდა იყოს. უკრაინის განკარგულებაში კი ოფიციალურად 2-ადგილიანი თვითმფრინავებიდან მხოლოდ ძველი CУ-24 ჰყავს, რომლის ზუსტი რაოდენობაც უცნობია. 

რაც შეეხება დასავლურ გამანადგურებლებს, ამ საკითხზე დასავლეთში მსჯელობა გრძელდება და ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. 

საყურადღებოა, რომ 2 დასავლური წარმოების ყველაზე ხშირად ნახსენებ თვიმფრინავს: ამერიკულ F-16-სა და შვედური წარმოების Gripen-ს ამ ტიპის რაკეტების გაშვება არ შეუძლიათ. 

სამაგიეროდ აღნიშნული რაკეტების გაშვება შეუძლია გერმანული წარმოების Panavia Tornado-ს ტიპის თვითმფრინავს. იანვარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლაფ შოლცს ამ ტიპის თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა. ფედერალურლმა კანცლერმა წინადადების განხილვაზე უარი განაცხადა. 

კარგი ამბავი ის, რომ მსგავსი თვითმრინავები არის გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების განკარგულებაშიც - 2019 წლიდან მოყოლებული სამეფო ავიაციამ უარი თქვა Panavia Tornado-ს გამოყენებაზე. შესაბამისად ტექნიკურად ბრიტანეთს პრობლემას გადასაწყვეტად საჭირო ყველა პირობა აქვს. 

მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბენ უოლესი უკვე განიხილავდა უკრაინისთვის ბრიტანული წარმოების Typhoon-ის თვითმფრინავების გადაცემის საკითხს, რომელსაც ასევე შეუძლია Storm Shadow-ს რაკეტების ტარება. 

სხვა სიტყვებით, ინტრიგა ნარჩუნდება - ამ ტიპის რაკეტების ფასიდან გამომდინარე ნაკლებად სავარუდოა, რომ მათ უკრაინას უბრალოდ შესანახად გადასცემენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გამოინახება. 

როგორ შეიძლება შეცვალოს ომის ტრაექტორია

როგორც კი უკრაინა დაიწყებს Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებას ЗСУ-ს წვდომის არეალი 3.5-ჯერ გაიზრდება, წვდომის არეალშია ოკუპირებული ყირიმის მთლიანი ტერიტორია, მათ შორის სევასტოპოლის სამხედრო პორტი და ყირიმის ხიდი. 

ამგვარად, უკრაინის წვდომაში აღმოჩნდა ოკუპანტების როგორც ფრონტის პირა, ასევე მტრის ზურგში მდებარე პოზიციები. რაც მთავარია როგორც გასულ ზაფხულს HIMARS-ების შემთხვევაში მყისიერი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის ლოჯისტიკური კვანძები, უზრუნველყოფის ხაზები, სამეთაურო პუნქტები და საბრძოლო მასალების საწყობები.

სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთი იძულებული იქნება კიდევ ერთხელ თავიდან დააორგანიზოს ლოჯისტიკა როგორც ოკუპირებულ მიწებზე, ასევე მათ არიერგარდში.

საინტერესოა ისიც, რომ Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენება საზღვაო აკვატორიაშიც შეიძლება და ის ეფექტურია გემების წინააღმდეგაც. უკრაინას შეეძლება ამ რაკეტების ზღვის ნაპირიდან მოშორებით ისე გაშვება, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს მყისიერი საფრთხე შეუქმნას. 

რა სამიზნეებიც არ უნდა აირჩიონ უკრაინელებმა, მათი პოტენციური დატყმის ქვეშ რუსეთის მიერ კონტროლირებადი საკმაოდ დიდი ტერიტორია ექცევა, რომლის გამაგრებაც რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოუწევს. ფრონტის მოცულობით მონაკვეთზე რუსეთს მოუწევს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ლოჯისტიკის რეორგანიზება, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება. 

სამხედრო ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბის ომებში არ არსებობს ე.წ. ვერცხლის ტყვიები, ერთი ცალკეული შეიარაღება რომელიც მყისიერად დაასრულებდა ომს, თუმცა Storm Shadow-ს გადაცემა ომის დასასრულს ნამდვილად მოაახლოებს. 

მსგავსი სიახლეები