-

8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, რომელიც არმიას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა. 

ЗСУ-ს ახალ მთავარსარდლად ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ზალუჟნის ჩანაცვლება დაანონსებული და უკვე ნაწილობრივ განხორციელებული საკადრო გადახალისების ნაწილია. 

ზალუჟნის გარდა, თანამდებობები დატოვეს გაერთიანებული ძალებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებმა, ცვლილებებია ჯარების სახეობების მეთაურობაშიც.

ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან ЗСУ-ს ცოცხალი ლეგენდები, გამოცდილი გენერლები და ოფიცრები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. 

გიყვებით ЗСУ-ს განახლებულ სარდლობის შემადგენლობაზე. 

ვადიმ სუხარევსკი

 

39 წლის ვადიმ სუხარევსკი უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლო და ЗСУ-ს ცოცხალი ლეგენდაა. 2014 წლის 13 აპრილს ქალაქ სლავიანსკში რუსი ბოევიკების ინფილტრაციის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (CБУ) სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლები და საჰაერო-სადესანტო ძალების 80-ე ბრიგადის მებრძოლები გაგზავნეს. 

წინა დღით, ქალაქ სლოვიანსკის პოლიციის განყოფილება იგორ გირკინის რაზმმა დაიკავა. სტრელკოვის ფსევდონომით მოქმედი ФСБ-ს პოლკოვნიკის მისია აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. რუსული გაზაფხულის პროცესების ინსპირირება იყო. მოგვიანებით სტრელკოვი სიამაყით ამბობდა, რომ სწორედ მან გამოჰკრა ხელი ომის სასხლეტს, თუმცა  მოვლენებს სხვა მონაწილეებიც ჰყავდა და მასში ცენტრალური როლი სწორედ ვადიმ სუხარევსკის ჰქონდა. 

პოლიციის შენობის დაკავების შემდეგ, სტრელკოვის რაზმი თავს დაესხა CБУ-ს დანაყოფს, ვითარებას რამდენიმე ასეული მეტრიდან ადევნებდა თვალს სუხარევსკის ასეული. უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობდა ომის თავიდან აცილებას, სამხედრო მეთაურებს ნაბრძანები ჰქონდათ არ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი მათზე თავდასხმის შემთხვევაშიც. 

სუხარევსკი სტრელკოვის თავდასხმის დროს ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იმყოფებოდა რა დროსაც გამმიზვნელს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძანება მისცა. 

 - რა *ეს უყურებ?! დაადუღე
 - რომელი ტყვიამფრქვევით? 
 - ორივეთი...

ამ ტყვიამფრქვევების ჯერი რუსეთ-უკრაინის 10-წლაინ ომში ЗСУ-ს პირველი გასროლა იყო. ვადიმ სუხარევსკიმ დაარღვია მეთაურებისგან მიღებული ბრძანება და პირველი უკრაინელი სამხედრო გახდა, რომელმაც საკუთარი რისკის ფასად თანამოქალაქეების გადასარჩენად მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. 

СБУ-ს ავტომობილზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 უკრაინელი მებრძოლი და რამდენიმე მძიმედ დაიჭრა, რომ არა სუხარევსკის რეაქცია გირკინის ბოევიკები უკრაინელ სპეცრაზმელებს მარტივად გაუმკლავდნენ. 

სუხარევსკის ასეული აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ანტი-ტერორისტული ოპერაციაში (AТО). დანაყოფი იგერიებდა თავდაპირველად ბოევიკებისა და შემდეგ უკვე რუსეთის რეგულარული ჯარების შეტევებს ბლოგპოსტებზე დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში. 

2014 წლის 16 აგვისტოს რუსეთის არმიის რეგულარულ ნაწილებთან შეტაკების დროს სუხარევსკი მძიმედ დაიჭრა და გათიშულს ბრძოლის ველიდან ევაკუაცია დასჭირდა. კიევის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 2016 წლიდან სუხარევსკი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის 503-ე ბატალიონს ჩაუდგა სათავეში. 

ბატალიონის მეთაურის პოსტზე მუშაობა სუხარევსკიმ დისციპლინარულ დარღვევებში გამოჭერილი ჯარისკაცების გათავისუფლებით დაიწყო. ბატალიონის ბრძოლისუნარიანობის გაზრდის მიზნით, სუხარევსკიმ რეკრუტირების ახალი სისტემა შეიმუშავა, ბატალიონში მოხვედრა მკვეთრად გართულდა. 

2017-2018 წლებში სუხარევსკის მეთაურობით ბატალიონი მონაწილეობდა გაერთიანებული ძალების ოპერაციაში (ООС) დონეცკის ოლქში. ჯარისკაცები, რომლებთანაც ნამსახურები აქვთ სუხარევსკის მეთაურობის ქვეშ, მას ახასიათებენ როგორც კომპეტენტურ, გულისხმიერ და მამაც მეთაურს. 

"სუხარევსკის ესმის, რომ ნებისმიერი დანაყოფის მთავარი ფასეულობა მებრძოლია, გაწვრთნილები, აღჭურვილები და მომზადებულები ნებისმიერი სცენარისთვის",- ამბობს უკრაინულ Forbes-თან საუბარში უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი. 

სხვა მეთაურების მსგავსად სუხარევსკის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კიევზე იერიშით დაწყება მისთვისაც მოულოდნელი იყო. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სჯეროდათ, რომ რუსეთი ომს აღმოსავლეთ რეგიონებში გამწვავებით დაიწყებდა.

დიდ ომს სუხარევსკი 35-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსის პოსტზე შეხვდა, რომელზეც 1 წლით ადრე დაინიშნა. უკვე 2022 წლის მარტში სუხარევსკი 59-ე მოტო-ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოსტზე დააწინაურეს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტში ამ ბრიგადის ძირითადი დანაყოფები ხერსონისა და მიკოლაივის მისადგომებთან ალყაში აღმოჩდნენ. ალყიდან დანაყოფები ბრძოლებით გამოვიდნენ, თუმცა დიდი დანაკარგებით. 

ბრიგადის მეთაურის პოსტზე დანიშვნიდან მალევე სუხარევსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა 2 ბატალიონის მეთაური და რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც მისი თქმით, ბრიგადის მოწინავე პოზიციებზე ნამყოფებიც არ იყვნენ. სუხარევსკი პერიოდულად პირადად ჩადიოდა მოწინავე პოზიციებზე და ამოწმებდა თავდაცვის ზღუდეების ორგანიზების პროცესს. 

უკვე განახლებული და შევსებული ბრიგადა ქალაქ ხერსონის გათავისუფლების ოპერაციაში ჩაერთო. სწორედ სუხარევსკის დანაყოფებმა დაიკავეს სოფელი ზელიონი გაი 9 ნოემბერს რის შემდეგ ქალაქი უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში მოექცა. უკვე 14 ნოემბერს პრეზიდენტის ოფისმა სუხარევსკი 30 მებრძოლთან ერთად ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაზე მიიწვია. 

სუხარევსკის სამუშაო დღე 5 საათსა და 30 წუთზე ბალატიონის მეთაურების ანგარიშების გაცნობით იწყება. უკვე თითქის 1 წელია სუხარევსკის ინიციატივით ბრიგადამ FPV დრონების საკუთარი წარმოება და რემონტი დამოუკიდებლად დაიწყო. სუხარევსკის თქმით, მისი დანაყოფი დრონებით სხვა ბრიგადებსაც ამარაგებს. 

სწორედ დრონები და სხვა ტიპის უპილოტო სისტემები იქნება სუხარევსკის პასუხისმგებლობა ახალ თანამდებობაზე. 8 თებერვალს ის ახლადშექმნილი და პრაქტიკულად ჯერ კიდევ არარსებული უპილოტო ძალების მეთაურად დანიშნეს. 

სუხარევსკის დაწინაურებას პოზიტიურად აფასებენ უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტები - "სუხარევსკი უკრაინული არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო ოფიცერია, მისი დაწინაურება სასიხარულოსთან ერთად იმედისმომცემია"- ამბობს იური ბუტუსოვი. 

მიხაილო დრაპატი

 

მიხაილო დრაპატი უკრაინის ახალი სამხედრო თაობის კიდევ ერთი გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიცერია. დრაპატი უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კუსდამთავრებულია, მეტიც ის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების დონით გამოშვების საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს. 

ბევრი კოლეგის მსგავსად დრაპატისთვის ომი 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო. იმ დროს დრაპატი უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაური იყო. დრაპატიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა - მისი ბატალიონი ქალაქ მარიუპოლში რუსი ბოევიკების მიერ პოლიციის განყოფებილების შენობაში დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად გაგზავნეს. პირადად დრაპატი იჯდა იმ საბრძოლო მანქანის საჭესთან, რომელმაც სწრაფად გაარღვია ბოევიკების მიერ აგებული ბარიკადები. იმ დროისთვის ოკუპირებულ ქალაქში ბარიკადის გარღვევის კადრი მალევე გახდა ვირუსული მთელ უკრაინაში. 

მალევე დრაპატიმ პოპულარობასთან ერთად სამხედროებს შორის დიდი პროფესიული პატივისცემა მოიპოვა. ამჯერად საქმე გაცილებით უფრო რთულ და სარისკო საკითხს ეხებოდა. 2014 წლის აგვისტოში 2 უკრაინული ბატალიონი რუსეთის რეგულარული არმიის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა საზღვრისპირა სოფელ იზვარინოსთან ალყაში მოაქციეს. 

ალყაში მოქცევის შემდეგ ერთ-ერთმა ბატალიონმა იარაღის დაყრა და რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ამჯობინა. დრაპატიმ კი ბრძოლა გადაწყვიტა - ბატალიონი გარღვევაზე წავიდა. კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად დრაპატიმ ალყიდან 260-მდე მებრძოლი და 60 ერთეული ჯავშანტექნიკა გამოიყვანა. 

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირების შემდეგ, 2016 წელს დრაპატი 58-ე მოტო-ქვეითი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 2019 წლიდან დრაპატი ЗСУ-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დრაპატი ჯარების ოპერატიული დაჯგუფება ხერსონის მეთაურად მსახურობდა. ამ თანამდებობაზე დრაპატი ხერსონის გათავისუფლების ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საკვანძო ფიგურა იყო. 

დრაპატის ყოფილი ქვეშერმდომები გენერალს ახასიათებენ როგორც გამოცდილ ოფიცერს, რომელიც ყოველთვის ცდილობს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენას და ყველაფერს აკეთებს დანაკარგების შესამცირებლად. 

"ეს არის მასშტაბური, გამბედავი და კრიტიკული აზროვნების ადამიანი, მას აქვს ყველაფერი რაც თანამედროვე მეთაურს სჭირდება",- ამბობს იური ბუტუსოვი მიხაილო დრაპატის შესახებ.

ЗСУ-ს მთავარსარდლის მოადგილის პოსტზე დრაპატის პასუხისმგებლობის ზონა მობილიზებულების მომზადება და წვრთნა იქნება, რაც ამ დრომდე ЗСУ-ს ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად რჩება. 

იგორ სკიბიუკი

 

ЗСУ-ს საჰაერო-სადესანტო ძალების ახალ მეთაურად მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად, გენერალ იგორ სკიბიუკი დაინიშნა. სკიბიუკი უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, მისი სამხედრო კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. სკიბიუკი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. 

სკიბიუკის კარიერა თავიდანვე უკრაინის 80-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადას დაუკავშირდა. ამ დანაყოფმა სკიბიუკთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის ყველა ეტაპი გაიარა - სლავიანსკში მომხდარი შეტაკებებიდან, ლუჰანსკის აეროპორტის ბრძოლამდე და ავდიივკის ინდუსტრიულ ზონამდე. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტში ბრიგადა შიროკოლავინსკის პოლიგონზე იმყოფებოდა და რამდენიმე საათში ქალაქ ხერსონის დასაცავად გადაისროლეს, თუმცა ძალების დისპროპორციის გამო ქალაქის ადეკვატური დაცვა შეუძლებელი იყო. 

2022 წლის შემოდგომაზე სკიბიუკი თავის დანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხარკივის კონტრიერიშში. სკიბიუკი ხელმძღვანელობდა პირველ იერიშს ქალაქ ბალაკლეაზე, კუპიანსკსა და რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმ, იზიუმზე. სკიბიუკის მეთაურობის ქვეშ 80-ე ბრიგადამ უკრაინის ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ხარკივის კონტრიერიშში მონაწილეობისთვის იგორ სკიბიუკს მიენიჭა უკრაინის უმაღლესი, ეროვნული გმირის ჯილდო. 

80-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა ЗСУ-ს ერთ-ერთ საუკეთესო შენაერთად მიიჩნევა, რომელიც უკრაინული წყაროების ცნობით, ფრონტის მთელ სიგრძეზე "სახანძრო რაზმის" ფუნქციას ასრულებდა. 

2023 წელს სკიბიუკს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა და საჰაერო-სადესანტო ძალების შტაბის მეთაურად დააწინაურეს. გენერლთან ნამუშევარი ოფიცრები და ჯარისკაცები სკიბიუკს ახასიათებენ როგორც რბილ და მშვიდ მეთაურს, რომელიც ფრონტის ცხელ წერტილებში ხშირად ჩადის და პირადად ხელმძღვანელობს საბრძოლო შეტაკებებს. 

არმიაში უფრო არაერთგვაროვანი რეპუტაცია ჰქონდა სკიბიუკის წინამორბედს, მაქსიმ მირგოროდსკის - საჰაერო-სადესანტო ჯარებში სკიბიუკის დანიშვნას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. 

ანდრეი გნატოვი

 

ზელენსკის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში ანდრეი გნატოვის სახელიც დასახელდა. სხვებისგან განსხვავებით ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა თანამდებობაზე განიხილება მისი კანდიდატურა. გნატოვის სამხედრო კარიერის გათვალისწინებით მაღალი ალბათობით მისი მომავალი პოსტი საზღვაო-ქვეით ძალებთან იქნება დაკავშირებული. 

უკრაინული წყაროების ცნობით, სწორედ გნატოვი ხელმძღვანელობდა საზღვაო-ქვეითთა კორპუსის შექმნის პროცესს იმ დანაყოფებისგან, რომლებიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მუდმივი დისლოკაციის წერტილისა და სამხედრო ნაწილის გარეშე დარჩნენ.

გნატოვმა უმაღლესი სამხედრო განათლება ხარკივის სატანკო სასწავლებელში მიიღო. 2016-18 წლებში გნატოვი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის შტაბს მეთაურობდა. 2019 წლიდან კი ამავე ბრიგადის მეთაურის პოსტზე გადაინაცვლა. 

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 36-ე ბრიგადა ერთ-ერთი უკრაინული დანაყოფი იყო, რომელიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლს იცავდა. მარიუპოლის დაცემის შემდეგ, ანდრეი გნატოვი მიკოლაივის დაცვის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე გნატოვმა გენერალი დმიტრი მარჩენკო ჩაანაცვლა. 

2022 წლის მეორე ნახევარში გნატოვი სამხრეთ ფრონტის სარდლობის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამავე პოსტზე მუშაობისას მიიღო ბრიგადის გენერლის წოდება. გნატოვი ხერსონის გათავისუფლების კამპანიის ერთ-ერთი მეთაური იყო. 

ხერსონის კამპანიის შემდეგ, მოკლე ვადით გნატოვი ბახმუტის დაცვის კამპანიას ჩაუდგა სათავეში. ამ დროს ქალაქს 93-ე ბრიგადის ნაწილები იცავდნენ, ხოლო ფრონტის მეთაური ალექსანდრ სირსკი იყო. 

"ის ცნობილი ადამიანია საზღვაო ქვეითებში, ძალიან მყარი ავტორიტეტით",- ამბობს იური ბუტუსოვი. 

პავლო პალისა 

 

ანდრეი გნატოვის მსგავსად ჯერჯერობით, უცნობია თუ კონკრეტულად რა თანამდებობაზე განიხილება პოლკოვნიკ პავლო პალისას კანდიდატურა. 

პოლკოვნიკის შესახებ ცნობილია, რომ ის სამხედროების ოჯახში დაიბადა. მისი უმცროსი ძმა უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბატალიონის მეთაურია, საჰაერო-სადესანტო ძალებში. 

პალისამ სამხედრო განათლება ლვივის სამხედრო სასწავლებელში მიიღო. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტში პალისა აშშ-ის არმიის საშტაბო კოლეჯში სწავლობდა. პალისამ სწავლა შეწყვიტა და უკრაინაში დაბრუნდა. 

რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში პალისა იხსენებს, რომ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ჩერნიჰივში დისლოცირებული 58-ე ბრიგადაში გაწევრიანებას გეგმავდა, თუმცა გზაში ზარი მიიღო 93-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურისგან. პალისამ დიდი ომის პირველი წელი სწორედ ამ ბრიგადის პოლკოვნიკის პოსტზე გაიარა, სადაც 5-ე მოიერიშე პოლკს ჩაუდგა სათავეში. 

უკვე 2023 წელს პალისა ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. ამ პოსტზე პალისა რამდენიმე თვის განმავლობაში ბახმუტის დაცვის ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბახმუტის კამპანიაზე საუბრისას პალისა ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე სისხლიანი ბრძოლა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას. 

იური სოდოლი 

 

სამხედროების ოჯახში დაბადებული იური სოდოლმა კარიერა არტილერისტად დაიწყო, თუმცა 30 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სახეობის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე იმსახურა. ЗСУ-ში მსახურობს სოდოლის 2 ვაჟიც. 

პირველი სამხედრო განათლება იური სოდოლმა სუმის საარტილერიო სასწავლებელში მიიღო. მოგვიანებით კი კიევის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულიც გახდა. სოდოლმა კარიერა დაიწყო არტილერისტად, გააგრძელა მედესანტედ და ბოლოს საზღვაო ქვეითიც გახდა. სწორედ საზღვაო-ქვეითების კორპუსს ხელმძღვანელობდა სოდოლი ამ დრომდე. 

სოდოლის კარიერის ყველაზე დიდი მონაკვეთი უკრაინის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადას უკავშირდება. ამ ბრიგადასთან ერთად სოდოლმა გაიარა ე.წ. ანტი-ტერორისტული ოპერაციის პირველი 2 წელი. "ჩვენ საბრძოლო განწყობა გვაქვს, ეს ჩვენი მიწა და არ გვჭირდება, რომ ვიღაცამ გვიკარნახოს როგორ ვიცხოვროთ, აქ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ დავბრუნდებით და დავასრულებთ დაწყებულ საქმეს",- ამბობდა სოდოლი 2014 წელს მას შემდეგ რაც მისი ბრიგადა როტაციაზე გაიყვანეს. 

2015 წელს სოდოლი საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. უკვე 2018 წელს როდესაც საზღვაო-ქვეითების კორპუსის რესტრუქტურიზაცია და ნატოს სტანდარტებზე გადასავლის პროცესის დაიწყო, სოდოლი კორპუსის მეთაურად დაინიშნა. 

ზღვის ტალღისფერი ბერეტის მისაღებად 47 წლის სოდოლმა სრულად ჩააბარა დაწესებული ნორმატივები მრავალკილომეტრიანი მარშის ჩათვლით. 

უკრაინელი ჟურნალისტები სოდოლს ყურადღებიან და კომპეტენტურ მეთაურად ახასიათებენ, რომელიც ხშირად სტუმრობს მისი დანაყოფების მოწინავე პოზიციებს. 

საზღვაო-ქვეითთა კორპუსი ამ დროის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ელიტალურ დანაყოფად ჩამოყალიბდა, რომლებსაც გასული 2 წლის განმავლობაში ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე მოუწიათ ბრძოლა. საზღვაო-ქვეითებმა შეასრულეს მდინარე ინგულეცისა და დნეპრის ფორსირების მისია. დანაყოფები მონაწილეობდნენ ЗСУ-ს კონტრიერიშში დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზე, ხოლო ამ დროისთვის ისინი ამაგრებენ ЗСУ-ს ერთადერთ პლაცდარმს დნეპრის მარცხენა ნაპირზე, სოფელ კრინკიში. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით იური სოდოლი გაერთიანებული ძალების მეთაურად დაინიშნა - შენაერთი ამ დრომდე შედარებით უფრო სუსტ დანაყოფად მიიჩნეოდა, რომელსაც არ ჰქონდა გამოკვეთილი ფუნქცია და სტრუქტურა. 

ალექსანდრ პავლიუკი 

 

ЗСУ-ს მთავარსარდლად დანიშვნამდე ალექსანდრ სირსკი სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტს იკავებდა. ამ ჯარების მეთაურის განკარგულებაში დაახლოებით 600 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ სირსკის დაწინაურების შემთხვევაში ამ თანამდებობას მისი გარემოცვის უახლოესი წევრი დაიკავებდა. სწორედ ასეთ ადამიანად მიიჩნევა 53 წლის ალექსანდრ პავლიუკი. 

ახალ თანამდებობაზე პავლიუკის წარდგენისას სირსკიმ განაცხადა, რომ "მას ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არც განუხილავს."

პავლიუკი ვალერი ზალუჟნის თანაქალაქელია - ორივე მათგანი ქალაქ ზვიაგელში დაიბადა. მისი სამხედრო კარიერა 1991 წელს ხარკივის გვარდიული სატანკო სამეთაურო სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაიწყო. 1991-93 წლებში მსახურობდა გერმანიაში განლაგებულ სატანკო დანაყოფში. მშობლიურ ზვიაგელში დაბრუნების შემდეგ პავლიუკი 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. 

2006-2007 წლებში პავლიუკი კოსოვოში უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის პოსტს იკავებდა. სამშვიდობო მისიის შემდეგ პავლიუკი კვლავ ზვიაგელში დაბრუნდა, სადაც ამჯერად იმავე ბრიგადის შტაბის მეთაურის პოსტი დაიკავა. 

2010 წლიდან პავლიუკი ლვივში განლაგებული 24-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურად გადაიყვანეს. აღნიშნული ბრიგადა მონაწილეობდა სლოვიანსკის, ლიმანის, კრამატორსკისა და ლისიჩანსკისთვის გამართულ ბრძოლებში, რუსეთის პირველი შეჭრის დროს. 

2017 წელს კიევის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ალექსანდრ პავლიუკი ჯარების ტაქტიკური დაჯგუფება Захід-ს ჩაუდგა სათავეში. 2020 წელს პავლიუკი ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მომზადების შტაბის უფროსად გადაიყვანეს, ხოლო 2021 წელს გაერთიანებული ძალების ოპერაციის (ООС) სარდლად დაინიშნა. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე პავლიუკი ბრიტანული Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა რუსეთის სავარაუდო შეტევების მიმართულებებზე და არამხოლოდ დონბასში. 

2022 წლის მარტში კიევზე მიმდინარე იერიშის დროს პავლიუკი გაერთიანებული ძალების ოპერაციის მეთაურიდან კიევის სამხედრო ადმისნიტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე პავლიუკი დედაქალაქის დაცვის ორგანიზებასა და მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი. 

პავლიუკი არმიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, გენერალს პოზიტიური რეპუტაცია აქვს მთავრობაშიც. ალექსანდრ პავლიუკი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ანატოლი ბარგილევიჩი

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი მეთაური ჟიტომირის ოლქის სოფელ ომილიანოვკაში დაიბადა. სამხედრო განათლება მიღებული აქვს ტაშკენტი უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი. მოგვიანებით ისწავლა კიევის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაშიც. ბარგილევიჩი ამ დრომდე ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. 

2014 წელს რუსეთის პირველი შეჭრის დროს ბარგილევიჩი გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ოპერატიული მომზადების დეპარტამენტს. 2 წლის შემდეგ ბარგილევიჩი სახმელეთო ჯარების მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ბარგილევიჩი მთავარი მისია ტერიტორიული თავდაცვის ძალების შექმნა იყო. 

2022 წელს ბარგილევიჩი ოპერატიულ-სტრატეგიულ საჯარისო დაჯგუფება Хортица-ს შტაბის მეთაურად დაინიშნა, რომლის სარდალიც ალექსანდრ სირსკი იყო. სირსკისა და ბარგილევიჩის საერთო სამუშაო გამოცილების გათვალისწინებით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე ბარგილევიჩი პრაქტიკულად უკონკურენტო კანდიდატურა იყო. 

ბარგილევიჩი თანამდებობას თითქმის 2 წლის განმავლობაში იკავებდა, რის შემდეგაც კვლავ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში დაბრუნდა. ჯერ კიდევ ბარგილევიჩის დაბრუნებამდე უკრაინაში გავრცელდა ხმები, რომ იგეგმებოდა ამ ჯარების სახმელეთო ძალებში გაერთიანება. 

უკრაინსკა პრავდას წყაროს ცნობით, ბარგილევიჩი ტერიტორიული თავდაცვის ძალებში დაბრუნების შემდეგ ამ შენაერთს მიზანმიმართულად ასუსტებდა. თავად ბარგილევიჩი საუბრობდა ამ შენაერთის განვითარების აუცილებლობაზე და აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვის ძალების წინაშე მდგომი ამოცანების გადახედვა. 

 

მსგავსი სიახლეები