-

უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას, კრემლი 10 დღეში გეგმავდა. ამავე პროგნოზის თანახმად, ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დეკაპიტაციის შემდეგ, უკრაინის ანექსია, აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. 

ამ გეგმის შესახებ, ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ მომზადებულ ვრცელ კვლევაშია საუბარი

აღნიშნული ნაშრომის ავტორები არიან RUSI-ს უფროსი მკვლევარები - ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ყოფილი უფროსი, ალექსანდრ დანილიუკი და უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების ყოფილი მეთაური, მიხაილო ზაბროდსკი. 

აღნიშნული დოკუმენტი, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გამოქვეყნებულ ყველაზე ვრცელ აკადემიურ ნაშრომად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც კი აქამდე გვინახავს.

ანგარიშის ავტორებმა, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ შეგროვილ ოპერატიული მონაცემებზე დაყრდნობით, გააანალიზეს 24 თევერვლიდან - 1 ივლისამდე არსებული პერიოდი და წარმოადგინეს მთავარი მიგნებები, რომელიც ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა. 

კვლევის ავტორების ცნობით, უკრაინაში შეჭრის გეგმა, უკიდურესად ვიწრო გარემოში შემოშავდა და მის შექმნაში, უმთავრესად, მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ), მაღალჩინოსნების გუნდი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ზედა რგოლი. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ  რუსეთის გენერალური შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილეების დონეზეც კი, უკრაინაში შეჭრის შესახებ, არაფერი იყო ცნობილი. 

კვლევის ავტორების ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, ФСБ-ს მეხუთე განყოფილება გაფართოვდა და სწორედ ამ განყოფილებას დაევალა უკრაინის ოკუპაციის გეგმის მომზადება. 

საოკუპაციო გეგმის მზადების პროცესში, ФСБ უმთავრესად უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების შედეგებს ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები პოლიტიკურად აპათიურები იყვნენ და არ ენდობოდნენ ქვეყნის ლიდერებს. ამ მონაცემების მიხედვით, უკრაინელები ნაკლებად ფიქრობდნენ რუსეთთან მასშტაბური ომის შესაძლებლობაზე. 

თავის მხრივ, სამხედრო მზადების კომპონენტში, კვლევის ავტორების აზრით, საკვანძო იყო რუსეთის გენშტაბის, კერძოდ კი ვალერი გერასიმოვის პოზიცია - გერასიმოვი ამტკიცებდა, რომ 10-წლიანი მოდერნიზაციის შედეგად, რუსეთის არმია დამაჯერებლად და უპრებლომედ დაამარცხებდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 

"ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გერასიმოვმა თავის დასავლელ კოლეგებთან შეხვედრაზე განაცხადა - მე ვხელმძღვანელობ მსოფლიოს მეორე ყველაზე ძლევამოსილ არმიას. გარდა ამისა, გერასიმოვმა ბრიტანელ კოლეგებს უთხრა, რომ რუსეთმა აშშ-სთან კონვენციურ სახმედრო პარიტეტს მიაღწია",- ნათქვამია კვლევაში.

ამგვარად, რუსეთის შეჭრის და უკრაინის ოკუპაციის კონცეფცია, შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 

  • შეჭრის სიჩქარე წარმოადგენდა ოპერაციის საკვანძო მიმართულებას, რასაც საერთაშორისო რეაქციისთვის, ადგილი აღარ უნდა დაეტოვებინა;

  • უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განეიტრალება, პრო-რუსულად განწყობილ რუსებს მისცემდა საშუალებას, გაემყარებინათ პოზიციები და მხარი დაეჭირათ ოკუპაციისთვის;

  • კომუნალური სერვისებსა და ფინანსურ სისტემაზე კონტროლის დამყარებით, რუსები, მტრულად განწყობილი რეგიონების დამორჩილების შესაძლებლობას გაიჩენდნენ;

  • რუსეთის არმიას შეეძლო, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება ბრძოლის ველზე;

ამ ფონზე, რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული გეგმის კრიტიკული მიმართულებები იყო: 

  • მინუმამდე დაეყვანათ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობა, რაც გულისხმობდა ქვეყნის საჰაერო, საზღვაო და საჰერო თავდაცვის სისტემების სწრაფ განადგურებას;

  • უკრაინის სახმელეთო ჯარების განადგურებას, მათი დონბასში დაკავებით;

  • უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ფიზიკური განადგურება, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცენტრების დამორჩილება, უკრაინელების წინააღმდეგობის ნებისყოფისა და შესაძლებლობის განადგურება;

  • უკრაინის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა, რუსეთის იერიშის დაწყების მომენტის, მასშტაბისა და შეტევის მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით.

რუსეთის თავდაპირველი გეგმით, უკრაინული არმია 10 დღეში უნდა დამარცხებულიყო, ხოლო უკვე აგვისტოსთვის, ქვეყნის ანექსია უნდა დასრულებულიყო. ამ გეგმაზე სხვა მონაცემების გარდა, კიევის შემოგარენში დამარცხებული რუსული დანაყოფების შტაბებში აღმოჩენილ დოკუმენტებშია საუბარი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის გეგმაში ბევრი წინააღმდეგობრივი მომენტი იკვეთებოდა - გეგმა ერთდროულად მოიაზრებდა უკრაინის პოლიტიკური ერთობის დარღვევას და პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას, რაც, თავის მხრივ, შეჭრამდე, მოცულობით საქმიანობას გულისხმობდა, ხოლო თავად შეჭრის ოპერაცია კი აგებული იყო დამანგრეველ სისწრაფეზე. 

კვლევის ავტორების აზრით, კრემლი დაგეგმვის ეტაპზე ოპტიმისტურად მიკერძოებული იყო, რაც დაფუძნებული იყო სწრაფ დაწინაურების დამაბნეველ ეფექტზე, რასაც ძირი უნდა გამოეთხარა უკრაინელების ნებისყოფისთვის. 

ამგვარად, რუსებმა ე.წ. შოკისა და თროთლვის ტაქტიკა აირჩიეს, რასაც წინ არ უძღოდა წარმატებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. 

აღნიშნული გეგმის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალებს, უკრაინაში შეჭრიდან 10 დღის შემდეგ, ძირითადად მხარდამჭერი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ, ხოლო - უკრაინის საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნა და გამართვა კი სპეცსამსახურების მოვალეობა იყო. 

რუსეთის გეგმის საფუძველს წარმოადგენდა რწმენა, რომ რუსეთის ელვისებური იერიშის ფონზე, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ან ქვეყნიდან გაიქცეოდა ან მოხერხდებოდა მათი ნეიტრალიზება. ამავდროულად, ელვისებურ იერიშს, ჩანაშასხშივე უნდა ჩაეკლა უკრაინული სახელმწიფოს და საზოგადოების მობილიზება. 

თავის მხრივ, შესაძლო საზოგადოებრივი უკმაყოფილების და საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავება და უკრაინის სამოქალაქო სექტორის დეზინტეგრაცია, წერტილოვანი დარტყმებით უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ფუნქცია როსგვარდიის ნაწილებს უნდა შეესრულებინათ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების დაშლაში სპეციალიზდებიან. ხოლო,  ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განეიტრალება, ФСБ-ს მოვალეობაში შედიოდა. 

რუსეთის კონტრდაზვერვამ, უკრაინელები 4 კატეგორიად დაყო: 

  • უკრაინელები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ფიზიკურ ლიკვიდაციას;

  • უკრაინელები, რომლებიც უნდა დაქვემდებარებოდნენ რეპრესიებს და დაშინებას;

  • უკრაინელები, რომლებიც მიიჩნეოდნენ ნეიტრალურებად, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყვნენ კოლაბორაციონისტები;

  • უკრაინელები, რომლებიც მზად იყვნენ კოლაბორაციისთვის; 

ФСБ-ს გეგმით, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ლიკვიდაციის ოპერაცია, რუსეთის ელიტური სადესანტო ძალებს (ВДВ) უნდა შეესრულებინათ. ძირითად შემთხვევაში, რუსების სამიზნეებს წარმოადგენდნენ უკრაინელები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2014 წლის მაიდნის რევოლუციაში. 

რაც შეეხება მეორე კატეგორიის უკრაინელებს, მათ მიმართ რუსებს მეთოდური მიდგომა ჰქონდათ, არსებობდა ამ კატეგორიაში მოაზრებული უკრაინელების სია, თუმცა იგეგმებოდა ამ სიის გადამოწმება კარდაკარ რეიდებში და მათი მოთავსება ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში. 

საფილტრაციო ბანაკებში უკრაინელების მოთავსების მიზანი, მათი დაშინება და იმ პირების გამოვლენა იყო, რომლებიც ნეიტრალიზებისთვის რუსეთში უნდა გადაეყვანათ. ამ ბანაკების ფონზე, უნდა შექმნილიყო ბაზა, რომელიც უკრაინული წინააღმდეგობის ქსელის საქმიანობას დააკვირდებოდა და ეფექტურად გაანეიტრალებდა. თავის მხრივ, უკრაინელთა "გადამზადებისთვის", რუსეთიდან გამიზნული იყო მასწავლებლების და სპეციალისტების ჩამოყვანა.

რუსეთის სტრატეგიას ჰქონდა როგორც რეგიონალური, ასევე ნაციონალური ელემენტიც - რეგიონულ დონეზე სტრატეგია ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკების იძულებას ითვალისწინებდა. ეროვნულ დონეზე, რუსეთის სტრატეგია მოიაზრებდა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერების ლიკვიდაციას და პარლამენტის შენობის აღებას. 

გეგმის მიხედვით, უკრაინის რადაში მსხდომ პრო-რუსულ პარტიას უნდა ჩამოეყალიბებინა ე.წ. მშვიდობის მოძრაობა, რომლის მხარდაჭერასაც აიძულებდნენ პარლამენტის სხვა წევრებს. აღნიშნულ 'მშვიდობის მოძრაობას' უნდა აეკრძალა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო მოძრაობა. რეგიონებს, რომლებიც ოკუპაციას შეეწინააღმდეგებოდნენ, შეუწყდებოდათ ელექტროენერგიის მიწოდება და ფულის მიწოდება ცენტრალური ბანკისგან. 

თავის მხრივ, რუსულ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა უკრაინის ატომურ ელექტრო სადგურებს - ეს ობიექტები უნდა გამხდარიყო რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის თავშესაფარი, აქ უნდა განთავსებულიყო საოკუპაციო ძალების შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საწყობები და რა თქმა უნდა, ატომურ ელექტროსადგურებზე კონტროლის დამყარება, ნიშნავდა კონტროლის დამყარებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ატომურ ელექტროსადგურებზე უკრაინის დენის ჯამური გამომუშავების 60% მოდის. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი თვალსაზრისით - ამ ნაბიჯით, რუსებს ეძლეოდათ დასავლური თანამეგობრობის შანტაჟისა და დაშინების ინსტრუმენტი. ამავდროულად, ხაზგასასმელია პროპაგანდისტული განზომილებაც - რადგანაც კრემლის პროპაგანდა, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, კულტივაციას უწევდა გზავნილებს, რომლის თანახმადაც, უკრაინა ატომური შეიარაღების პროგრამაზე მუშაობდა. 

2021 წლის შემოდგამოზე, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან გადაყვანილმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს განკარგულება, რომ თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილს, კიდევ 9 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის გეგმით, უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა 2022 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულებულიყო. 

კვლევის ავტორების აზრით, რუსეთის გეგმა იყო დეტალიზებული და იძლეოდა ყველა იმ სავარაუდო პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც შესაძლოა საოკუპაციო ადმინისტრაციას უკრაინის ტერიტორიაზე შექმნოდათ. ამ გეგმის სრული აღსრულების შემთხვევაში, რუსეთის ძალისხმევა შესაძლოა წარმატებულიც ყოფილიყო - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბაზისო დაშვება, რომ უკრაინის წინააღმდეგობა მინიმალური იქნებოდა, უკიდურესად არასწორი იყო. სამხრეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ უკრაინის მთავრობის განადგურების შემთხვევაში, რუსებს შეეძლოთ დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. 

კვლევის ავტორების მტკიცებით, რუსული გეგმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, გეგმის უკიდურესად გასაიდუმლოება იყო, რომლის ფარგლებშიც, არ შემუშავებულა სარეზერვო ქმედების გეგმა - საოკუპაციო გეგმის კომპრომეტირების შიშით, ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფებმა, მოქმედების ბრძანება, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს. 

რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობა მოქმედებდა ოპტიმისტური მიკერძოებით, არ მომხდარა გეგმის კრიტიკული ანალიზი და არ დასმულა საჭირო კითხვები, რომელიც გამოავლენდა სუსტ წერტილებს. 

"როგორც გვაჩვენებს მტკიცებულებები რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში არავის დაუსვამს კითხვა - რა მოხდება, თუ ჩვენი საკვანძო დაშვებიდან რომელიმე არ არის სწორი",- წერენ კვლევის ავტორები. 

 

მსგავსი სიახლეები