-

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც 31 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ვიზიტის ფარლგებში, მან ინტერვიუ მისცა Le Monde-ის ჟურნალისტებს, რომელსაც ქართულ ენაზე გთავაზობთ. 

რას ფიქრობთ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ დებატებზე, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდა და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საფრანგეთი თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად? 

თუკი ვინმე ყოყმანობს სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ვეპატიჟები უკრაინაში. ამ სიტუაციაში, არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინას ესტუმრა და აზრი არ შეიცვალა. 

თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ძალიან ღრმა პოლიტიკური და ფილოსოფიური დისკუსიები, მაგრამ როდესაც რაკეტა, რამდენიმე წამში ანადგურებს დნიპროში მდგარ საცხოვრებელ შენობას, ამ დროს, დებატების ნაცვლად, გამოსავლის მოძებნაა საჭირო. 

ზოგიერთი შიშობს, რომ ესკალაციის შედეგად, უკრაინის მოკავშირები და რუსეთი ერთმანეთს პირდაპირ დაუპირისპირდებიან, რას ეტყოდით მათ? 

ძვირფასო მეგობრებო, არ შეგეშინდეთ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის, ეს ისედაც ხდება. უკრაინა, თქვენი ფრონტის ხაზია. 

კითხვა, რომელიც ამ პოლიტიკოსებს მინდა დავუსვა, შემდეგნაირია - არსებობს კი ესკალაციის გაზრდის შესაძლებლობა? ჩვენ ვუყურებთ ყველაზე სასტიკ და უსამართლო ომის, რაც კი II მსოფლიო ომის შემდეგ გამართულა.

უკრაინელ ხალხში, ასეთი შიში აღარ არსებობს. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და მიწის დასაცავად. ვაპირებთ, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ერი, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით. 

თუმცა უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიოტირებისთვის არ იბრძვის. ჩვენ ასევე ვიცავთ საკაცობრიო ღირებულებს. ჩვენი ვაჟებისა და გოგოების სიცოცხლე არის ფასი, რასაც ამისთვის ვიხდით. ჩვენ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს, რომ პირდაპირი დაპირისპირება არ არის ყველაზე საშიში, თუკი სიმართლის მხარეს დგახარ.

ჩვენ ასევე ვანადგურებთ მითებს აგრესორის, "დიდი რუსეთის" შესაძლებლობებსა და ძლიერებაზე. 

ხედავთ რაიმე მინიშნებას რუსეთის ახალი, მძლავრი შეტევის შესახებ? 

ჩვენ რეგულარულად ვიღებთ და ვაანალიზებთ ინფორმაციას ასეთი იერიშის შესახებ. თუმცა იმისთვის, რომ წინ წინ წახვიდე და შეტევა წამოიწყო, ძალა და მოტივაცია უნდა გაგაჩნდეს. 

ამ მომენტისთვის, უკრაინული არმიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება იმ ნიშნულს, რაც ომის საწყის პერიოდში იყო. გასული წლის მსგავსად, ჩვენ ახლაც გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მეტოქის გეგმების ჩასაშლელად. 

მას შემდეგ, რაც გერმანიისგან და ამერიკისგან ტანკები მიიღეთ, რა ტიპის სამხედრო დახმარებას ელოდებით? 

საფრანგეთი პირველი იყო, როდესაც ტანკების მოწოდებაზე იყო საუბარი და AMX-10 RC-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის გადმოცემას დაგვპირდა.

მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ საფრანგეთს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მაგრამ ასევე ვთხოვო, რომ დახმარება გააგრძელონ, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ თანმიმდევრულები იქნებიან და მძიმე ტანკებსაც მოგვაწვდიან. 

ჩვენ ასევე გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სიტემები, ვინაიდან რუსეთი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს და თავს ესხმის უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს. 

და ბოლოს, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს გამანდგურებელი თვითმფრინავების მიწოდებას. ჩვენ გვსურს, რომ ამ საკითხზეც ვისაუბროთ. 

რას ფიქრობთ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომელმაც გამორიცხა F-16 თვითმფრინავების გადმოცემა?

ჩემი გადმოსახედიდან, აშშ-ს პრეზიდენტს ძალიან მკაფიო განცხადება არ გაუკეთებია. ეს იყო პასუხი პრესასთან საუბრის დროს.

ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა.

ომის ამ ეტაპზე, რა გეგმები გაქვთ? 

თვითმფრინავები გამარჯვებისთვის აუცილებელი ფრთებია. თანამედროვე შეტევითი იარაღის გამოყენებით, უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხებს, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.  

ევროკავშირის ლიდერებთან 2 და 3 თებერვალს კიევში სამიტი გაიმართება, რა მოლოდინი გაქვთ? 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ასრულებს იმ 7 რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში წაგვიყენა. 

ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ველოდებით გულწრფელ შეფასებებს, რათა გვქონდეს ევროკავშირის წევრობის ცხადი საგზაო რუკა. 

თუკი უკრაინა მოახერხებს ამ ომში გამარჯვებას, როდის ისურვებდით ევროკავშირში გაწევრიანებას? ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონი 20 წლიან პერიოდზე საუბრობდა? 

სიტყვა "თუკი"-ს ნაცვლად, გამოვიყენებდი სიტყვას "როდის." გასული 6 თვის განმავლობაში, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ წინსვლა ძალიან სწრაფად შეგვიძლია. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება უფრო მეტად მოტივირებული ქვეყანა, ვისაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურს. დღეს, უკრაინელების 95%-ს სურს, რომ ევროკავშირში იცხოვროს, ეს ნაბიჯი დანახულია, როგორც ევროპაში დაბრუნება. სახლში დაბრუნება უნდა მოხდეს სწრაფად და მე 2024 წლის იმედი მაქვს. 

თქვენ ითხოვთ ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში, მაკრონმა თითქოს კარი გამოხურა ამ ინიციატივის საპასუხოდ. რა ვითარებაა ახლა?

2022 წლის 30 სექტმებერს, უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მე, ნატოში გაწვრიანების მოთხოვნას ხელი მოვაწერეთ. 

უკრაინის არმია ომს აწარმოებს იმ სტანდარტითა და იარაღით, რომელიც ნატოს შეესაბამება. დღეს, ნატოს წევრი ქვეყნების არმიებისთვის, თავდაცვითი ფარი ვართ. განა რა არის კიდევ საჭირო, რომ დე ფაქტო წევრიდან, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის დე იურე  წევრი გავხდეთ? 

კარგად გვესმის, რომ დაბრკოლებების გადასალახად, წინსვლაა საჭირო. ჩვენი მიზანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ამ გზით მივდივართ. 

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, კორუფცია ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. შეიძლება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახმაურებული სკანდალები იყოს ნიშანი, რომ ეს ბრძოლა არ მიმდინარეობს იგივე მონდომებით? 

კორუფცია არ გახლავთ უკრაინული გამოგონება. მე ვიცი არაერთი სტაბილური დემოკრატია, სადაც ამ ტიპის სკანდალები ხდება. დემოკრატიას აქვს ძალა, რომ ამ ტიპის გამოწვევებს პასუხი გასცეს. 

ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ 31 წელია გასული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას მყისიერი რეაქცია აქვს, რათა ხაზი გაუსვას "ნულოვან ტოლერანტობას" ამ საკითხის მიმართ. ადამიანის ბუნება სუსტია, თუმცა უკრაინულ საზოგადოებას აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ უარი თქვას კორუფციაზე, განსაკუთრებით ომის კონტექსტში. 

ამ კუთხით, მთავრობა საკმარისად ირჯება? 

მთავრობის გასაკრიტიკებლად მიზეზები ყოველთვის არსებობს. სახელმწიფომ შექმნა ყველა საჭირო ანტი-კორუფციული სტრუქტურა, თავისუფლების შესაბამისი ხარისით.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული ძალისხმევა აჩვენებს, რომ მთავრობა სწორად მუშაობს. არსებობს ბევრი რისკი, მაგრამ მთავარია სახელმწიფოს რეაგირებისა და დასჯის სისწრაფე.

რა პოლიტიკური ლანდშაპტია უკრაინის პარლამენტში პრო-რუსული პარტიების აკრძალვისა და ოლიგარქების დასუსტების შემდეგ? 

ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვალს, შევიკრიბეთ დეპუტატები და ვთქვით, რომ ამიერიდან, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვიქნებოდით, სახელად უკრაინა.

მას შემდეგ, პარლამენტში განსხვავებები თითქმის არ არსებობს, რადგანაც ძალიან რთულია, პოლიტიკური სარგებლის მიღება მაშინ, როდესაც შეიძლება რაკეტა ნებისმიერ დროს გესროლონ. 

პარლამენტის შენობაში სხდომების გამართვა არ შეწყვეტილა. ბედნიერი ვარ, რომ რუსეთის ან სიკვდილის შიშის ნაცვლად, დეპუტატებმა პასუხისმგებლობის აღება გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები