მომზადებულია BBC-ის მასალაზე დაყრდნობით.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელიწადზე მეტია ხელისუფლებაშია და ახლა ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას.
14 მაისს გასამართი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა კავშირი, ხოლო საერთო კანდიდატად ქემალ ქილიჩდაროღლუ აირჩიეს.
ერდოღანის მმართველობის პირობებში, თურქეთი მზარდად ავტორიტარული ქვეყანა გახდა, ოპოზიცია კი ამისი შეცვლის პირობას დებს.
ერდოღანის პოზიციები შესუსტებულია ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაციისა და ორი მიწისძვრის ფონზე, რომლის შედეგადაც 50,000 ადამიანი დაიღუპა. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, გამარჯვებული პირველივე ტურში გახდება. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება.
ერდოღანის საარჩევნო გამოწვევა
უკვე მრავალი წელია, რაც თურქი ამომრჩეველი პოლარიზებულია, თუმცა ამჟამად 69 წლის ერდოღანი აქამდე არნახული წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგანაც გამოკითხვების თანახმად, მის მთავარ მოწინააღმდეგეს უპირატესობა გააჩნია.
მისი პარტია 2002 წლის ნოემბრიდან ძალაუფლებაშია. ხოლო ახალ თაობას, საიდანაც 5 მილიონი ადამიანი არჩევნებზე პირველად წავა, ქვეყნის სათავეში სხვა მმართველი ჯერ არ უნახავს.
ერდოღანი თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი იყო, 2014 წელს კი პრეზიდენტი გახდა. 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა ის ქვეყანას უზარმაზარი სასახლიდან მართავს, როცა მედიის დიდ ნაწილს მისი მოკავშირეები აკონტროლებენ.
მას სულ უფრო და უფრო მეტი თურქი ადანაშაულებს მზარდი ინფლაციისთვის. ოფიციალური მაჩვენებლებით, ინფლაცია 50%-ს აღემატება, თუმცა ექსპერტების თანახმად, სინამდვილეში ეს მაჩვენებელი 100%-ზე მეტია.
პრეზიდენტ ერდოღანის მთავრობას დამანგრეველ მიწისძვრასთან არასათანადოდ გამკლავებისთვის აკრიტიკებენ
6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ერდოღანი და მისი მმართველი პარტია ბევრმა გააკრიტიკა, რისი მიზეზიც სამძებრო და სამაშველო ოპერაციების არასწორად ჩატარება, აგრეთვე წინა წლებში სამშენებლო წესების გულგრილად შემუშავება იყო. მიწისძვრების შედეგად, თურქეთის 11 პროვინციაში, მილიონობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ბევრი ადგილი, ერდოღანის პარტიის დასაყრდენად მიიჩნევა, შესაბამისად, არჩევნების ბედი შესაძლოა აღმოსავლეთზე იყოს დამოკიდებული.
მის პარტიას ფესვები პოლიტიკურ ისლამში აქვს გადგმული, მაგრამ მან ალიანსი ულტრა-ნაციონალისტურ MHP-სთან შეკრა.
ექვსი ოპოზიციური პარტია - ერთი კანდიდატი
74 წლის ქემალ ქილიჩადოღლუს ზომიერი და განათლებული ოპონენტის იმიჯი აქვს, თუმცა მის ანგარიშზე, თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის - რესპუბლიკური პარტიის ლიდერის რანგში, წარსულში რამდენიმე საარჩევნო მარცხია.
თუმცა, ახლა შესაძლოა სიტუაცია განსხვავებული იყოს, რადგანაც ის კოალიციის სახელით იბრძვის, სადაც მისი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიისა და ნაციონალისტური პარტიის გარდა, კიდევ ოთხი შედარებით მცირე ჯგუფია თავმოყრილი, რომლებიც ერდოღანის ორ ყოფილ მოკავშირეს მოიცავს. აქედან ერთ-ერთი ერდოღანის პარტიის თანადამფუძნებელია.
ქილიჩდაროღლუ დათანხმდა, რომ ალიანსის დანარჩენი პარტიების ლიდერებმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავონ
მნიშვნელოვანი ფაქტორია პრო-ქურთული პარტიის (HDP) მხარდაჭერა, რომელიც სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა და მათი სიმპათია აშკარად ქილიჩდაროღლუსკენ იხრება. მათმა ლიდერმა ამ არჩევნებს “თურქეთის ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი” უწოდა.
სასამართლოში მიმდინარე საქმის გამო, რომელიც ქურთ მეომრებთან კავშირს ეხება, ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებისა და მომავლის მემარცხენეების პარტიის სახელით მიიღებს მონაწილეობას, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ.
ქემალ ქილიჩდაროღლუს საერთო კანდიდატად არჩევა საყოველთაოდ პოპულარული არ ყოფილა, რადგან სტამბულისა და ანკარის მერები, პოტენციურად, უფრო ძლიერ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ. ისინი თანაპარტიელები არიან, რომლებმაც სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP) თურქეთის ორ ყველაზე დიდ ქალაქში მოუტანეს გამარჯვება. ეს 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ყოფილი საჯარო მოხელე ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც რელიგიური უმცირესობის, ალევიზმის წარმომადგენელია, 2017 წელს სამართლიანობისთვის გამართულ 24 დღიან მარშს უძღვებოდა. ეს, თავის მხრივ, ერდოღანის მმართველობის წინააღმდეგ გამართულ ყველაზე დიდ დაუმორჩილებლობის აქტად აღიქმება.
მისი ეროვნული ალიანსი, რომელიც ექვსთა მაგიდის სახელითაცაა ცნობილი, გაერთიანებულია საერთო სურვილი გარშემო - დააბრუნონ თურქეთი ერდოღანის მიერ შექმნილი საპრეზიდენტოდან მოდელიდან საპარლამენტოზე. სისტემის შესაცვლელად მათ 600-დან 400 პარლამენტარი დასჭირდებათ. რეფერენდუმის ინიციატივის წამოყენებას კი 360-ც ეყოფა.
ალიანსის დანარჩენი 5 წევრი პარტიის ლიდერი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დათანხმდა.
ხმის გაყოფა
მართალია, თურქეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ყოველთვის სანდო არაა, მაგრამ ბატონი ქილიჩდაროღლუს იმედმა, რომ პირველივე ტურში მოიგებდა, დარტყმა მიიღო, როდესაც მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა, მუჰამარ ინჯემ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავადაც ეყარა კენჭი.
58 წლის ინჯე 2018 წელს სახალხო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, თუმცა ორი წლის შემდეგ ქილიჩდაროღლასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა.
ის ახლა სეკულარულ ნაციონალისტურ პარტიას Homeland Party-ს უძღვება და იმ ბრალდებებთან გამკლავება უწევს, რომ ოპოზიციურ ხმებს ყოფს და ერდოღანისთვის სასარგებლო თამაშს თამაშობს.
თუმცა იგი კარგადაა წარმოდგენილი სოციალურ მედიაში - ტიკტოკზე მისი საცეკვაო მოძრაობებით ახალგაზრდა ამომრჩეველი განსაკუთრებით მოხიბლულია. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატების მცირე შანსი აქვს ულტრა-ნაციონალისტი სინარ ონანია, თუმცა გადამწყვეტი სიტყვის თქმის გარკვეული პოტენციალი მასაც აქვს.
როგორია საარჩევნო სისტემა?
600-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად პარტიას ან ხმების 7% სჭირდება, ან ისეთ ალიანსში ყოფნა, რომელიც ამას შეძლებს. ამიტომაცაა თურქეთში ალიანსები ამდენად მნიშვნელოვანი. ექვსპარტიული ოპოზიცია კი ამის შეცვლას ლამობს.
"კარგი პარტიის" ლიდერი მერალ აკშენერი ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა
პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, თურქები ხმას აძლევენ პარტიულ სიებს და არა ცალკეულ კანდიდატებს, ამიტომ საპარლამენტო წევრების რაოდენობა პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შეესაბამება და არა ალიანსებისას.
მთავარი ოპოზიციური ეროვნული ალიანსის ოთხი შედარებით პატარა ჯგუფი პარლამენტში მოხვედრას ორი დიდი პარტიის - სახალხო რესპუბლიკური პარტიისა და კარგი პარტიის ბანერის ქვეშ ეცდება.
მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტია "სახალხო ალიანსის" წევრია, თუმცა ამ ალიანსის პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე გამოდიან.
კანდიდატები, რომლებიც პრო-ქურთული პარტიის ნაცვლად მწვანე მემარცხენეების სახელით იყრიან კენჭს, ეკუთვნიან შრომისა და თავისუფლების ალიანს, რომელიც 6 პარტიისგან შედგება. ამ ექვსიდან ერთი პარტიის გარდა, ყველა მწვანე მემარცხენეების დროშის ქვეშ იბრძოლებს.
ერდოღანის რეფორმების შედეგად, მთავრობას უკვე პრეზიდენტი ირჩევს, ანუ პრემიერ-მინისტრი აღარ არსებობს. თუ მისი სახალხო ალიანსი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, მას შეიძლება გაუჭირდეს მმართველობის უცვლელი ფორმით გაგრძელება გაუჭირდეს. პრო-ერდოღანულ სახალხო ალიანსს ახლა 334 წევრი ჰყავს პარლამენტში. ერდოღანმა ორი საპრეზიდენტო ვადა უკვე მოითავა, მესამე კი არაკონსტიტუციურად გამოიყურება.
მაგრამ თურქეთის საარჩევნო საბჭომ დაადგინა, რომ ერდოღანის პირველი ვადა უნდა აითვალოს არა 2014, არამედ 2018 წლიდან, როდესაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების იგივე დღეს ჩატარებით ახალი, საპრეზიდენტო სისტემა წარმოიშვა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საარჩევნო საბჭოს ადრე მიმართეს, რომ ერდოღანის კანდიდატურა დაებლოკათ.
როგორ შეიძლება შეიცვალოს ოპოზიცია თურქეთში?
ქილიჩდაროღლუს მიერ მართულ ეროვნულ ალიანსს სურს, რომ აღადგინოს საპარლამენტო სისტემა და გარდაქმნას პრეზიდენტის თანამდებობა - სახელმწიფო მეთაურისთვის კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლების გაუქმებით, პოლიტიკურ პარტიებთან კავშირების გაწყვეტითა და ყოველ შვიდ წელიწადში პრეზიდენტის პოსტისთვის არჩევნების ჩატარებით.
ექვს პარტიას ასევე სურს, რომ განაახლოს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების ათობით წლოვანი მცდელობა და ერდოღანის მმართველობისას, წლების განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, აშშ-სთან “ორმხრივი ნდობა” აღადგინოს. მათ ასევე პირობა დადეს, რომ ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ნიშნული 10%-ს ჩამოსცდება და რომ სირიელ ლტოლვილებს სახლში ნებაყოფლობით გაგზავნიან. ამ დროისთვის, თურქეთში 3.6 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.