-

აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA-ის) რუსეთის პროგრამის დირექტორი მაიკლ კოფმანი, უკრაინაში მიმდინარე ომის ვრცელ ანალიზში ვარაუდობს, რომ რუსეთის იერიში მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლებად მასშტაბური იქნება. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ მაიკ კოფმანის სტატიის თარგმანს.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ომის გარდამავალ ფაზად გარდაისახა, სადაც ორივე მხარე ძალების აღდგენას ცდილობს და აქცენტს პოზიციურ ბრძოლებზე აკეთებს, სულ უფრო და უფრო მეტად იკვეთება მომდევნო თვეების და მოსალოდნელი იერიშების კონტურები. 

ხარკივისა და ხერსონის შემდეგ, ზამთრის ფონზე, რუსეთის არმია ყველაზე მოწყვლადი იყო. მობილიზაციამ რუსებს ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის, ცოცხალი ძალის სიმჭიდროვის გაზრდისა და რეზერვების ჩამოყალიბების საშუალება მისცა.

მობილიზაციის შედეგად, უკრაინას აღარ აქვს არსებითი უპირატესობა ცოცხალ ძალაში. 

გასულ თვეებში, სუროვიკინის მეთაურობის ქვეშ, რუსებმა თავდაცვითი სტრატეგიას მიმართეს - არმია ფოკუსირებული იყო ძალების აღდგენაზე, ხოლო სარაკეტო ჯარები, უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

გამონაკლისი არ ყოფილა ბახმუტი, სადაც ძირითადად ჩვკ ვაგნერის ბოევიკები და რეციდივისტები იბრძოდნენ. 

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ვწერდი იმ გაურკვევლობაზე, რაც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული და იმაზე, რომ მობილიზაციის სრული ეფექტის დასანახად, 3-4 თვე იქნებოდა საჭირო. 

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა გააორმაგა უკრაინაში განლაგებული ცოცხალი ძალის რაოდენობა. ამასთანავე, ხერსონის დატოვების შემდეგ, მკვეთრად შემცირდა დასაცავი ფრონტის ხაზის სიგრძეც.

აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცოცხალი ძალის სიმჭიდროვე საგრძნობლად გაიზარდა. 

უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაზე, უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებული რიცხვები (350 ათასი ჯარისკაცი) ოდნავ გაზვიადებულად მიმაჩნია, მაგრამ მგონია, რომ 250 ათასი რუსი ჯარისკაცი, სრულიად რეალური რიცხვია.

რუსეთს შესაძლოა დამატებით 150 ათასი რეზერვისტი ყავდეს თავის ტერიტორიაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ შენაერთების ხარისხი და მომზადების დონე საეჭვოა. 

რუსეთის ახალი თავდაცვითი ხაზების მდგრადობა, პრაქტიკაში ჯერ არ გამოცდილა. მათ ყავთ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აგრძელებენ სამხედრო საწყობების დაცარიელებას, მაგრამ ხარისხი, კვლავ შედარებით დაბალია. ეს საგრძნობლად ზღუდავს იერიშის პოტენციალს და სამხედრო შენაერთების გამოყენების ვარიანტებს. 

მოკლედ, რომ ვთქვათ, ჯამურად, ეს მობილიზებული შენაერთები არც ისეთი ბრძოლისუუნარონი არიან, როგორც ხშირად იწერება -  მათ შეუძლიათ საკმაოდ მდგრადი თავდაცვა, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად, იერიშების წარმატებით განხორციელება.

მობილიზებული შენაერთები, დაკარგული რეგულარული დანაყოფების არასრულფასოვანი ჩამნაცვლებელია. 

ფრონტის საკვანძო წერტილებში, რუსეთი კვლავ დამოკიდებულია საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვეითების შენაერთებზე - სწორედ ეს დანაყოფები ქმნიან კონტრიერიშისთვის აუცილებელ რეზერვს.

ცხადია ეს დანაყოფები ხარისხობრივად აღემატებიან მობილიზებულებს, მაგრამ დანაკარგებისა და არათანაბარი ჩანაცვლებების შედეგად, მათ არსებითად დაკარგეს შეტევის უპირატესობა. 

სოლედარის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბახმუტის ირგვლივ ვითარება არაკეთილსაიმედოა. არ იქნება მოულოდნელი, თუკი ისინი ქალაქის დატოვებას გადაწყვეტენ. უკრაინას აქვს ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები სლოვიანსკისა და კრამატორსკის ირგვლივ, ხოლო რუსეთს არ აქვს ამ დინამიკის შენარჩუნების პოტენციალი. 

ბახმუტი გეოგრაფიულად მნიშნელოვანია, მაგრამ ბრძოლის გაჭიანურების პარალელურად, გაიზარდა ქალაქის სიმბოლური მნიშვნელობაც. ბახმუტში მებრძოლი უკრაინული დანაყოფების დიდი ნაწილი ტერიტორიული თავდაცვის, ეროვნული გვარდიისა და უცხოური ლეგიონის დანაყოფებისგან შედგება. ეს მიგვანიშნებს, რომ უკრაინა ცდილობს დაზოგოს ძალები და არ დაუშვას მათი გამოფიტვა. 

იზიუმისა და ლიმანის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ობლასტში ჩრდილოეთიდან შეტევის მეორადი ღერძი დაკარგა, რუსეთის არმიამ ფრონტის გარღვევა ვერ შეძლო დონეცკის ოლქის სამხრეთშიც. შესაბამისად, ბახმუტის დაკავება რუსეთს უხსნის შესაძლებლობებს, რომლის ათვისების რესურსიც, მათ უბრალოდ არ გააჩნიათ. 

ივნისიდან მოყოლებული, სკეპტიკურად ვაფასებდი რუსეთის შანსებს სლოვიანსკ-კრამატორსკის ხაზის გარღვევასთან დაკავშირებით.

7 თვის შემდეგ, ისინი კვლავ ბახმუტთან არიან. ამის მიუხედავად, ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯერ დონეცკსა და შემდეგ ლუჰანსკში, უკრაინამ დიდწილად დათმო ინიციატივა. 

უკრაინას აქვს პროგრესი კრემინნაიასა და სვატოვეს მიმართულებით, თუმცა აქ, ისინი რუსეთის საჰაერო-სადესანტო დანაყოფების კონტრშეტევებს იგერიებენ. უკრაინისთვის სვატოვე-კრემინნაიას ხაზის გარღვევა, შესაძლოა, სტარობილსკში რუსეთის ლოჯისტიკის ჰაბის განადგურებით დასრულდეს.

ჩემი აზრით, დონბასი რუსეთის სამხედრო ოპერაციების მთავარი მიზანია, ვფიქრობ რუსები ძირითადად დონბასის სრულ ოკუპაციას შეეცდებიან. სკეპტიკურად ვაფასებ გავრცელებულ მოლოდინებს რუსეთის ფართომასშტაბიან შეტევესთან დაკავშირებით, მათ შორის ხარკივზე, სუმსა და კიევზე. 

ჩემი აზრით, რუსები შეეცდებიან კრემინნაია-ლიმანისა და კუპიანსკის დაკავებას, პარალელურად კი - შეტევას დონეცკის სამხრეთში, ვუჰლედარის დაკავების მიზნით. ვუჰლედარის ირვლივ გაზრდილი აქტივობა უკვე მიანიშნებს, რომ ეს იერიში პრაქტიკულად დაწყებულია. 

რუსეთის ყველაზე კარგად აღჭურვილი და ბრძოლისუნარიანი ნაწილები, ბოლო დღეებში ცდილობდნენ, უკრაინელები ვუჰლედარიდან განდევნონ. საზღვაო ქვეითების იმავე 155-ე ბრიგადა, ჯერ კიდევ ნოემბერში, სუროვიკინის მეთაურობის ქვეშ ცდილობდა, ფრონტის ამ მონაკვეთზე დაწინაურებას, თუმცა წარუმატებლად.

აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის არმია იგივეს ცდილობს გერასიმოვის მეთაურობის ქვეშ, რომლემაც როგორც ჩანს, არაფერი გააკეთა რუსეთის შემტევი ოპერაციების ეფექტურობის გასაზრდელად. 

ყველა გარემოების მიუხედავად, კიევზე განმეორებითი თავდასხმა უაზრობად მოსჩანს.

უკრაინის დასავლეთში მომარაგების ხაზების შევიწროება ან რივნეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება უფრო შესაძლებლად გამოიყურება, თუმცა ეს ოპერაცია გაცილებით უფრო დიდ ძალას მოითხოვს, ვიდრე რუსეთის მიერ ბელარუსში მობილიზებული ძალებია. 

ჯერ კიდევ რთული სათქმელია, თუ რამდენად მასშტაბური იქნება რუსეთის იერიში, თუმცა ვეჭვობ, რომ მასშტაბი მოსალოდნელზე გაცილებით მცირე იქნება და ძირითადად დონბასზე იქნება კონცენტრირებული.

რუსეთს შესაძლოა არ ჭირდებოდეს მობილიზაციის კიდევ ერთი დიდი ტალღა და ამის ნაცვლად, გააგრძელოს "ჩუმი მობილიზაცია", არსებული ტემპით.

შესაძლოა, უკრაინისთვის უმჯობესი იყოს რუსეთის შეტევის მოგერიება და მათი შემტევი პოტენციალის გამოფიტვა, ხოლო შეტევის გვიან გაზაფხულზე დაწყება. მეტი და უკეთესი საბრძოლო მასალის, უკეთესი სამხედრო შენაერთების და აღჭურვილობის ფონზე, რუსეთის თავდაცვა შესაძლოა გაცილებით უფრო სუსტი აღმოჩნდეს. 

მაგრამ, ვფიქრობ, კიევში სჯერათ, რომ დრო მათ მხარეს არ არის. რუსეთის თავდაცვითი ხაზების გაძლიერებისა და ბრძოლის ველზე ჩიხური ვითარებისგან თავის ასაცილებლად, მოსალოდნელია, რომ კიევი იერიშს უფრო ადრე დაიწყებს. ამ დრომდე არსებული ტენდენციაც ასეთი იყო. 

დასავლეთის მიერ გამოყოფილი შეიარაღება შესაძლოა დროულად არ ჩავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინას შეეძლება დაიწყოს იერიში გაზაფხულზე, რადგანაც ჩანაცვლება, უკვე გარანტირებული ექნება. 

ჯამურად, უკრაინას კვლავ აქვს უპირატესობა - მას მხარს უჭერენ ქვეყნები, გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკებით და სამხედრო-ინდუსტრიული შესაძლებლობებით. ამასთანავე, ეს უპირატესობა დამოკიდებულია ამ უცხოური დახმარების სტაბილურობასა და მდგრადობაზე. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბრძოლის საბოლოო შედეგს, მხოლოდ პოტენციალი არ განსაზღვრავს. 

უკრაინისთვის კვლავ გამოწვევად რჩება საკმარისი უპირატესობის უზრუნველყოფა, რომელიც მათ შეტევების წარმოების საშუალებას მისცემს. ამ გამოწვევას, ვერ გადაჭრის ვერცერთი სახის ცალკეული შეიარაღების გადაცემა.

ეს გამოწვევა შესაძლოა უფრო კომპლექსური მიდგომის, სხვადასხვა შეიარაღების კომბინაციებითა და ადგილზე მიდგომის ცვლილებებით გადაწყდეს.

მსგავსი სიახლეები