სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ფრანც-სტეფან გადი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოახლოებული კონტრ-იერიშის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ორიგინალური ვერსია Foreign Policy-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
მოახლოებული კონტრიერიშის პირველი 24 საათი, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება.
უკრაინის მოახლოებული კონტრიერიშის პირველი 24 საათი შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე გრძელი დღე იყოს. როგორც ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანელმა ფელდმარშალმა, ერვინ რომელმა თავის თანაშემწეს უთხრა: "იერიშის პირველი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე, გერმანიისთვის. ეს იქნება ყველაზე გრძელი დღე."
რომელის ეს სიტყვები ამავე სახელწოდების (The Longest Day) ჰოლივუდურმა ფილმმა უკვდავყო.
რომელმა იცოდა, რომ როგორც წესი, შეტევის გამხსნელი ფაზა ხშირად განსაზღვრავს შემდგომი ბრძოლის ხასიათს, ეს წყვეტს გამარჯვებას და დამარცხებას და განსაზღვრავს იერიშის სტრატეგიულ გავლენას.
ყველაზე მეტ სპეკულაციას იწვევს ისეთი კითხვები, როგორიცაა: სად და როდის დაიწყებენ შეტევას უკრაინელები, რამდენად დიდი შემტევი ძალა შეაგროვეს მათ და რამხელა გავლენა ექნება დასავლეთის მიერ ცოტა ხნის წინ გადაცემულ შეიარაღებას.
ნაკლებ სარწმუნოა უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლების წრის გარდა, ვინმემ იცოდეს, აქვს თუ არა უკრაინას გადამწყვეტი საცეცხლე უპირატესობა, უპირატესობა აღჭურვილობაში, ცოცხალ ძალასა და ბრძოლის ველის ლოჯისტიკაში.
ცნობილი ჩვენთვის ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ომი ძირითადად გამოფიტვით ხასიათდებოდა - როგორც ჩანს, არცერთ მხარეს ჰქონდა გადამწყვეტი უპირატესობა და ისინი ერთმანეთის დაქანცვას ცდილობდნენ. რაც უნდა მოხდეს უკრაინის D-დღეზე, სავარაუდოა, რომ უკრაინისთვის არ იქნება მარტივი თავი, აარიდოს ომის გამოფიტვით ხასიათს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი რიცხვი დიდია, არიან კარგად მომზადებულები და ექნებათ კარგი აღჭურვილობა.
გამოფიტვის მახისგან თავის დასაღწევად შესაძლოა უკრაინას მხოლოდ ერთი გზას ჰქონდეს: იერიშის საწყის საათებში რუსეთის სამხედრო სარდლობის პარალიზება და პანიკის დათესვა რუს ჯარისკაცებში. უკრაინას წარმატების ყველაზე დიდი შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ შეშინებული რუსი ჯარისკაცები მძიმე ბრძოლებში ჩართვას მოკურცხვლას ამჯობინებენ.
იმ შემთხვევაშიც, თუკი ძალთა თანაფარდობა ხელსაყრელი იქნება უკრაინისთვის, მხოლოდ ეს ფაქტორი ამგვარი ეფექტის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ იერიშის პირველი 24 საათის განმავლობაში გადამწყვეტი გავლენა ექნება ისეთ არამატერიალურ ფაქტორებს, როგორებიცაა: ტაქტიკური მოულოდნელობის ელემენტი, ეფექტური სარდლობა ბრძოლის ველზე და საბრძოლო სულისკვეთება.
არა შეიარაღებით, არამედ სწორედ ამ არამატერიალური ფაქტორებით იქნება განპირობებული, შეძლებს თუ არა უკრაინა რუსების პანიკაში ჩაგდებას, სამეთაურო ჯაჭვის პარალიზებას შედეგად მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოშლას.
მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარში უკრაინის ჯავშანტექნიკის კოლონები შეძლებენ სწრაფად გაარღვიონ მტრის ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეები და დაწინაურდნენ რუსეთის არიერგარდში. ამ შემთხვევაში უკრაინელები შეძლებენ მყისიერი საფრთხე შეუქმნან რუსეთის ჯარის მართვისა და კონტროლის კვანძებს, სამეთაურო შტაბებს და ლოჯისტიკურ ცენტრებს. ამ ყველაფრის თანმხლები კი მტრის რიგებში გავრცელებული პარალიზი და პანიკა იქნება.
რუსეთის მხარეს სწორედ ამგვარ ჩამოშლას ჰქონდა ადგილი ხარკივის ოლქში უკრაინის ელვისებური იერიშის დროს, 2022 წლის სექტემბერში. უკრაინელებმა საარტილერიო დარტყმებით იერიშისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნეს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა დროულად შეამჩნიეს უკრაინული ძალების კონცენტრაცია, მოიერიშეებმა მაინც მიაღწიეს ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტს, დამატებითი ძალების გადასროლით გაინაღდეს რიცხობრივი უპირატესობა, მათ დათესეს პანიკა მტრის რიგებში და საბოლოოდ, ჩამოშალეს რუსეთის მართვის და კონტროლის სისტემა.
ამ ფაქტორებმა კიდევ უფრო გააჭიანურა რუსეთის მხრიდან რეზერვების მობილიზება, რასაც პოტენციურად ფრონტის ხაზის კონსოლიდაცია შეეძლო. ოპერაციის შედეგად უკრაინამ 10 დღის განმავლობაში 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა.
გადამწყვეტი კი იერიშის პირველი 24 საათი იყო - საწყის საათებში რუსეთის თავდაცვის ხაზებში სუსტი წერტილების გამოკვეთამ და უკრაინელების სწრაფმა დაწინაურებამ რუსეთის მხარეს პანიკა და ქაოსი გამოიწვია. სავარაუდოა, რომ გაზაფხულზე მოახლოებული კონტრიერიშის დროს უკრაინა ხარკივის ელვისებური იერიშის ეფექტის გამეორებას შეეცდება.
იერიშის საწყის საათებში ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტის შექმნას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. ამან შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საცეცხლე უპირატესობა ლოკალურ მონაკვეთებზე და ძალთა ხელსაყრელი თანაფარდობა მცირე დროით მაინც. ამგვარი ეფექტის მისაღწევად უკრაინას არ ჭირდება საკუთარი ძალების კონცენტრაციის დამალვა - ამის გაკეთება სატელიტური დაკვირვებისა და ბრძოლის ველზე მოქმედი იაფი დრონების ეპოქაში ისედაც თითქმის შეუძლებელია.
უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება მაქსიმალურად გაწელოს რუსეთის ძალები ფრონტის ხაზზე და თავიდან აირიდოს თავდაცვაში მყოფი ძალების კონცენტრაცია. უკრაინამ უნდა შეძლოს რუსეთის დატოვება სიბნელეში იმ გაგებით, თუ როდის და სად მიიტანენ დარტყმას შეგროვილი ძალები.
ამავდროულად, უკრაინამ ფრონტის ხაზის გარღვევისთვის უნდა შეარჩიოს მონაკვეთი, რომელიც მათ სწრაფად გაფართოების საშუალებას მისცემს და შესაძლებელს გახდის უფრო ღრმა პენეტრაციას მტრის ზურგში. მათ უნდა შეძლონ რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალები, საგზაო და სარკინიგზო კვანძები.
პირველ რიგში, უკრაინელებმა უნდა დაძლიონ რუსების თავდაცვის ხაზები. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ქვეყნის სამხრეთში რუსების მიერ აგებული ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეების სატელიტური ფოტოები. ეს არის დანაღმული ველების ფართო სივრცე, პირამიდის ფორმის, ე.წ დრაკონის კბილის ბარიერების, თხრილებისა და სანგრების დატოტვილი ქსელი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარკივში განცდილი მარცხისა და ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსებმა გაცილებით უფრო მეტი ჯარისკაცს მოუყარეს თავი მნიშვნელოვნად შემცირებული ფრონტის ხაზის პერიმეტრზე.
უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება საცეცხლე სიმძლავრეში დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება, რაც აუცილებელია ეშელონირებული ხაზების გასანადგურებლად. ასევე, რთული იქნება საკმარისი ცოცხალი ძალის მობილიზება ამ პოზიციების დასაკავებლად.
მძიმე საარტილერიო ცეცხლის პირობებში უკრაინელებისთვის რთული იქნება მომენტუმის განვითარება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათ უნდა შეძლონ გაწმინდონ დანაღმული ველები, გაწმინდონ ე.წ. დრაკონის კბილის ბარიერების სისტემა და განდევნონ რუსების სანგრებიდან. ეს ყველაფერი მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას, შეიარაღებასა და შესაბამის უნარებს.
წარმატების უფრო მეტი შანსი იქნება, თუ უკრაინელები აიძულებენ რუსებს გაიქცნენ და მიატოვონ პოზიციები მძიმე ბრძოლებში ჩართვის გარეშე. თავის მხრივ, ამ ეფექტის შესაქმნელად, რუსებს უნდა ჰქონდეთ საფრთხის განცდა, რომ ისინი ფლანგებიდან მოჭრეს და მყისიერი ალყის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
ამისთვის საჭირო იქნება რუსეთის თავდაცვის ხაზებში სუსტი წერტილის პოვნა, მათი გამოფიტვა ლოკალიზებული და ეტაპობრივი საცეცხლე უპირატესობით და მტრის ზურგში სწრაფი დაწინაურებით. ეს შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს უკრაინელებისთვის, მიაღწიონ სწრაფ და სტრატეგიულ გარღვევას.
ამ საწყის ფაზაში კრიტიკული იქნება სარდლობის მოქმედება ტაქტიკურ დონეზე. განსაკუთრებით კი გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების თავისუფლება უმცროსი საოფიცრო შემადგენლობის დონეზე. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გამოიყენონ ბრძოლის ველზე წარმოქმნილი შესაძლებლობები.
ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია გარკვეული აზრით ორგანიზებული ქაოსია. ეს აზრი კიდევ უფრო მართალია მოიერიშე ძალისთვის. შესაძლოა დანაყოფები არასწორად შესახვევში შევიდნენ, რადიო-ელექტრონული ბრძოლის გამო რთულდება კომუნიკაცია, ამასთანავე განსაკუთრებით რთული მტრის ზუსტი მდებარეობის დადგენა მოძრაობაში.
მტკიცე სარდლობა ტაქტიკურ დონეზეა აუცილებელია ამ სირთულეების დასაძლევად და გარდაუვალი ზიანის მინიმიზაციისთვის.
მტკიცე და ეფექტური ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია უშუალოდ ბრძოლის ველზეც, რადგანაც ამას გადამწყვეტი გავლენა აქვს ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებაზე. თუ ჯარისკაცები დაინახავენ დათრგუნულ მეთაურებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან დასახულ ამოცანებს, მათ შესაძლოა უცაბედად აღმოაჩინონ, რომ საბრძოლო სულისკვეთება აორთქლებულია.
სწორედ უმცროსმა ოფიცრებმა უნდა გამოავლინონ სუსტი წერტილები მტრის თავდაცვაში ჯავშანტექნიკის სწრაფი ამოქმედებით. მათ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოახდინონ ამ სისუსტის ექსპლუატირება რუსების ზურგში შესაღწევად. ეს ყველაფერი კი უზარმაზარი რისკების გაწევას მოითხოვს.
მაგალითად, გარკვეული დროით საჰაერო თავდაცვის ქოლგის მიღმა მოქმედებას. ეს მოითხოვს მაღალი მოტივაციის მქონე მებრძოლების მარაგს. მხარე, რომელიც იერიშის საწყის, გამხსნელ საათებში შეინარჩუნებს უკეთეს ტაქტიკურ ხელმძღვანელობას და საბრძოლო სულისკვეთებას, მიიღებს ტაქტიკურ უპირატესობას, რომელიც, მაღალი ალბათობით, პირველი 24 საათის შემდეგაც გაგრძელდება.
ტაქტიკური მოულოდნელობისა და ხელმძღვანელობის, საბრძოლო სულისკვეთების გარდა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონტრიერიშს ბედს. მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად სწრაფად შეძლებს რუსეთი საკუთარი ოპერაციული რეზერვის მოქმედებაში მოყვანას. ესეც დიდწილად კონტრიერიშის პირველი 24 საათით იქნება ნაკარნახევი. თუკი რუსებში პანიკა დაისადგურებს და გზები გამოქცეული რუსული დანაყოფებით დაიფარება, რეზერვს გაუჭირდება ფრონტის ხაზთან იმ მომენტისთვის მისწრება, როდესაც რღვევა დაიწყება.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსებს ასეთი რეზერვები საერთოდ გააჩნდეთ.
მოახლოებული იერიშის პირველი 24 საათი, მართლაც, შესაძლოა ყველაზე გრძელი დღე იყოს უკრაინის ისტორიაში. გრძელვადიანი პერსპექტივაში, უკრაინელებს გაუჭირდებათ თავი აარიდონ გამოფიტვას ომში, რომელიც ძირითადად კვლავ მძიმე საარტილერიო და სახმელეთო ბრძოლაზეა ფოკუსირებული.
უკრაინელები მიაღწევენ ტაქტიკურ წარმატებას თუკი შეძლებენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის პარალიზებას და სამხედრო ნაწილების პანიკაში ჩაგდებას, რაც იერიშის საწყის საათებში მათი გაქცევით და ფრონტის ჩამოშლით შეიძლება დასრულდეს.
თუ რამდენად საკმარისი იქნება ეს უკრაინისთვის, მიაღწიოს გრძელვადიანი სტრატეგიულ შედეგებს, რომ არაფერი ვთქვათ ომში საბოლოო გამარჯვებაზე, ეს რთული სათქმელია.