აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერი უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკოსი გახდა

აშშ-ის სენატში რესპუბლიკური ფრაქციის ახალი ხელმძღვანელი სამხრეთ დაკოტას სენატორი ჯონ თუნი იქნება, რომელიც უკრაინის აქტიური მხარდამჭერია.

63 წლის თუნმა სენატში რესპუბლიკელების ლიდერის არჩევნების მეორე ტურში 29 ხმით გაიმარჯვა ტეხასის სენატორის, ჯონ კორნინის წინააღმდეგ.

ფლორიდის სენატორმა რიკ სკოტმა, რომელსაც დონალდ ტრამპის მომხრეების რადიკალური ფრთა უჭერდა მხარს, როგორიცაა Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი, პირველ ტურში მხოლოდ 13 ხმა მიიღო.

ჯონ თუნი 2004 წლიდან სენატის წევრია და ბოლო დრომდე იყო რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, მიჩ მაკკონელის მოადგილე, რომელიც თანამდებობას ტოვებს. თუნი გამოცდილ კანონმდებლად ითვლება, რომელიც უფრო ცენტრისტულ პოზიციებს იკავებს.

2024 წლის სენატის არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურ პარტიას სენატში უმრავლესობა აქვს (100-დან 52 მანდატი). რესპუბლიკელებმა დემოკრატი კანდიდატები დასავლეთ ვირჯინიის, მონტანას და პენსილვანიის შტატებში დაამარცხეს.

თუნი უკრაინის გულმხურვალე მხარდამჭერია. მარტში, უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის გადაცემაზე მსჯელობისას მან განაცხადა, რომ "ამერიკა მსოფლიო სცენიდან ვერ გავა."

"ამერიკის ლიდერობა ახლა იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე უახლეს ისტორიაში ოდესმე და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას ექნება იარაღი და რესურსები, რაც საჭიროა რუსების დასამარცხებლად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ გავუგზავნით მათ ამერიკულ იარაღს და ისინი წარმატებას მიაღწევენ უკრაინაში, შევლენ ნატოს წევრ ქვეყნებში, რის შემდეგაც ჩვენ ომში ამერიკელი კაცების და ქალების გაგზავნა მოგვიწევს." - თქვა მან.

"და მე მირჩევნია იარაღი, საბრძოლო მასალა გავგზავნო და უკრაინელებს გამარჯვების საშუალება მივცეთ, რომლებიც მართლაც კარგად იბრძვის რუსებთან, რათა ამ ბრძოლაში გაიმარჯვონ." - აღნიშნა სენატორმა. 

მსგავსი სიახლეები