ისრაელი მზად არის უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემები მიაწოდოს - Axios

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ისრაელმა პირველად დაამტკიცა საექსპორტო ლიცენზიები უკრაინისთვოს იარაღის შესაძლო მიწოდებისთვის - ეს შეიძლება იყოს დრონებისგან თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ ამერიკული საინფორმაციო პორტალი Axios 15 მარტს, ისრაელისა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ასეთი ლიცენზია ორმა კომპანიამ მიიღო, რომლებიც დრონების საწინააღმდეგო სისტემებს აწარმოებენ - Elbit და Rafael. ისინი იყენებენ რადიოელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაახლოებით 40 კილომეტრის რადიუსში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების საშუალებას იძლევა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ლიცენზიების გაცემა იგეგმებოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელს შემოთავაზებული სისტემების გასაცნობად ესტუმრა, მაგრამ მიწოდების ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა.

ისრაელის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით

28 იანვარს, ისრაელის ელჩმა გერმანიაში რონ პროსორმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას ეხმარება, "მაგრამ კულისებში და ბევრად მეტად, ვიდრე ცნობილია" და მოუწოდა გაგებით მოეკიდონ მისი ქვეყნის თავშეკავებულ პოზიციას. დიპლომატმა ეს ახსნა "რუსების სირიაში" ყოფნით, ასევე რუსეთში დიდი ებრაული თემის არსებობით.

ბოლო დრომდე ისრაელი კატეგორიულად ამბობდა უარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ და ცალსახად დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია.  

მსგავსი სიახლეები