გთავაზობთ ინტერვიუს ვლადიმერ მილოვთან, ეკონომისტთან, რომელიც 2000-იანების დასაწყისში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი გახდა, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია. მილოვთან ინტერვიუ სტრასბურგში ჩავწერეთ, სადაც ორგანიზაცია თავისუფლი რუსეთის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ.
თქვენი აზრით, როგორია ვლადიმერ პუტინის მიერ თვალით დანახული რუსეთი, როგორ უყურებს ის საკუთარ ქვეყანას? ფიქრობთ თუ არა, რომ მისი გეგმების რეალობაში მოყვანა შესაძლებელია?
პუტინი რუსეთს ხალხისგან შემდგარ ქვეყანად არ განიხილავს, მისთვის ეს არის ტერიტორია, რომლის რესურსებიც მას საკუთარი ძალაუფლების განვრცობისთვის და გეოპოლიტიკური თამაშებისთვის ესაჭიროება. არ ვიქნები ორიგინალური, თუკი ვიტყვი, რომ დღევანდელი რუსეთი, კლასიკური მაფიოზური სახელმწიფოა, რაც არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. ორგანიზებულმა ჯგუფმა, მაფიამ, ხელში ჩაიგდო ქვეყანა, დაიმორჩილა საზოგადოება და რესურსების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება დაიწყო, შემდეგ კი, მოხდა ის, რაც მსგავს შემთხვევებშია ხდება - ძალაუფლების განმტკიცებათან ერთად, მადა გაიზარდა.
თავდაპირველად, პუტინს სურდა რუსეთში სრული დომინირება, შიდა ასპარეზზე სიტუაციის გადატეხვა. მას შემდეგ, რაც ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა, ყურადღება საზღვარგარეთ გადაიტანა. აქვე, ხაზგასასმელია, რომ მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით ან ახლო საზღვარგარეთით (ближнее зарубежье) არ შემოიფარგლება. ვფიქრობ, რომ რუსეთის ზომისა და რესურსების გათვალისწინებით, ის გლობალურ კონკურენციაში ხედავს თავს, გავლენის ზონების გადასანაწილებლად.
პრინციპში, პუტინი ამას საჯაროდ დიდი ხანია ამბობს. არაერთი მისი ხელქვეითი, ღიად აცხადებდა, რომ კრემლისთვის იდეალურია მე-19 საუკუნის მსგავსი სამყარო, როდესაც მსოფლიო დიდი სახელმწიფოების გავლენის ზონებად იყო დაყოფილი. თავად პუტინმა, ამაზე, ვალდაის კლუბში გამოსვლისას ისაუბრა.
მე ვახსენე ძალაუფლების ხელში ჩაგდება, სრული დომინირება, რესურსებზე კონტროლი და პირადი სიმდიდრე, რაც მოგვიანებით - ერთგვარ უსასრულო ციკლად გადაიქცა. ამ ციკლში, რაშიც პუტინია გაჭედილი, მუდმივად მეტი ძალა, მეტი ფული, მეტი რესურსი და სხვებთან დაუსრულებელი ჭიდილია საჭირო.
ეს არის მისი მსოფლმხედველობა, და რუსეთი, როგორც ქვეყანა, სამწუხაროდ, ამ ამბიციების მძევალია. რუსი ხალხის კეთილდღეობა, მას არასდროს ადარდება. უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც რუსეთში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ დაფიქისრებულა, არადა, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, შედარებით კონკურენტული არჩევნების გზით, მისი მთავარი დაპირება ეკონომიკის სტაბილიზაცია და ზრდის უზრუნველყოფა იყო.
პუტინის გამოსვლა "ვალდაის" საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის XXII ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე, 2 ოქტომბერი, 2025 წელი
რადგანც ამ საკითხს შეეხეთ, 1990-იანი წლების ტურბულენტობის გათვალისწინებით, სამართლიანია თუ არა იმის თქმა, რომ ეს ნარატივი [ეკონომიკური სტაბილურობის] განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად?
დიახ, მაგრამ მან სრულად დაივიწყა ეს დაპირება. მისი ერთადერთი გზავნილი, ბოლო წლების განმავლობაში არის ის, რომ თქვენ, ანუ რუს ხალხს, მოგიწევთ ტანჯვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ჩვენ სიდიადეს დავიბრუნებთ, შესაბამისად - ისიამოვნეთ ამ სიდიადით. თუმცა, ეკონომიკურად, ცხოვრება შესაძლოა არ იყოს დიდად სასიამოვნო.
მეორე საკითხია ის, რომ რუსეთი საშინლად იყენებს საკუთარ რესურსებს, საუბარი მხოლოდ ადამიანურ რესურს არ ეხება, მათ შორის ბუნებას და წიაღისეულს. მაგალითად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობა მასობრივად ახორციელებს დერეგულაციას და აუქმებს გარემოს დაცვის წესებს, რათა ოლიგარქებმა ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლუატაცია შეძლონ. ეს იმ ფონზე, როდესაც პუტინი გამუდმებით იმეორებს, თუ როგორ უყვარს რუსული ბუნება. პრინციპში, იგი მართალია, თუკი რუსულ ბუნებაში, რამდენიმე კონკრეტულ და ექსკლუზიურ კურორტს გულისხმობს, სადაც ის და მისი გარემოცვის წევრები სასიამოვნო დროს ატარებენ.
მას არასოდეს ადარდებს რუსეთი, მისთვის ეს რესურსია, საკუთარი პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ჩვენთვის [ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთი] ეს სრულიად სხვაგვარადაა - ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ნორმალური, სიცოცხლისუნარიანი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ფოკუსირებულია თავისი ხალხის კეთილდღეობაზე, ჰარმონიულ და მდგრად განვითარებაზე, სადაც ხალხიც და ბუნებაც დაცულია.
ამ კონტექსტში, პუტინი 180 გრადუსით საპირისპიროდ იქცევა, იგი რუსეთის დიდ რესურსებსა და შესაძლებლობებს, სულ სხვა მიმართულებით იყენებს, რითიც აუარესებს რიგითი რუსების ცხოვრებას.
დამეთანხმებით თუ არა, რომ უკრაინაში ომადე, კრემლსა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის არსებობდა ერთგვარი სოციალური კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა უზრუნველყოფდა პენსიების დარიგებას და საბაზისო ეკონომიკურ სტაბილურობას, ხოლო საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციები უმეტესწილად უხილავი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოუთხარა თუ არა ძირი ამ უხილავ შეთანხმებას უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რადგანაც ნეგატიური ეკონომიკური გამოვლინებები, ან ხალხის მობილიზაცია რიგითი რუსის ცხოვრებაში პრობლემა გახდა?
შეიძლება ასეც ითქვას - როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, მასსა და საზოგადოებას შორის გარკვეული სოციალური კონტრაქტი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ "შეთანხმების" ძალა მცირდებოდა, რაც კორელაციაში იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდებასთან. ასე რომ, რაც უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდა რუსულ საზოგადოებას მთავრობაზე, მით ნაკლებად ზრუნავდა პუტინი ამ ან სხვა სახის სოციალური "კონტრაქტის" შესრულებაზე. ბოლოს, ეს ფორმალურ საკითხად გადაიქცა.
პუტინის პირველად არჩევის დროს, საზოგადოების ნაწილი მართლაც ამბობდა, რომ მათ არ მოსწონდათ რაღაცები, მაგრამ სურდათ კრიზისიდან გამოსვლა, რისი მიღწევაც პუტინის საშუალებით წარმოედგინათ, ამიტომ რაღაცებზე უკან დაიხიეს და მისცეს ძალაუფლების კონსოლიდირების საშუალება. თუმცა, რა წამსაც ხელისუფლებამ ძალაუფლების კონსოლიდაცია წარმატებით შეძლო, მოსახლეობის კეთილდღეობა დღის წესრიგიდან მოიხსნა. პუტინმა, ეს შესაძლებლობა საკუთარი სარგებლის მოხვეჭისთვის გამოიყენა, ხოლო ხალხმა ვეღარაფერი შეძლო, რადგანაც პუტინზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა უკვე დაკარგული ჰქონდათ.
ყველაზე მეტად თვალსაჩინოდ ეს 2011-2012 წლების ზამთრის პროტესტების დროს გამოჩნდა, როდესაც რუსებმა პირველად თქვეს პუტინის მმართველობის წლებში "არა". რუსულმა საზოგადოებამ მაშინ საჯაროდ გააკრიტიკა არსებული კურსი, არ მოსწონდათ პუტინის დაბრუნების იდეა და ზოგადად ტრაექტორია - რა გზითაც ქვეყანა მიდიოდა, თუმცა მათი წინააღმდეგობა სასტიკი მეთოდებით ჩაახშეს. ამის შემდეგ, პირველად ვნახეთ სისხლის სამართლის საქმეები კრემლის კრიტიკოსების წინააღმდეგ, როდესაც პუტინმა ეს სადამსჯელო მექანიზმი აქტიურად გამოიყენა, მანამდე, ჩვენ არ გვყოლია პოლიტპატიმრები საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.
ასე რომ, ე.წ სოციალური კონტრაქტის ზომა მცირდებოდა და საბოლოოდ გაქრა, პუტინის მიერ საშინაო ასპარეზზე სრული დომინაციის ზრდასთან ერთად. 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ კი ის შეიცვალა, რომ პუტინმა საბოლოოდ მოიხსნა რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა, უფრო სწორად პასუხისმგებლობის ნარჩენები და ღიად თქვა, რომ ომის დროს, ყველა რუსი სახელმწიფოს მხარეს უნდა დადგეს, ამიტომაც, ხალხი უნდა გაჩუმდეს და ბრძანებები შეასრულო, ხოლო თავად, ამ კონტრაქტის მეორე მხარედ, საკუთარ თავს ფორმალურადაც აღარ მიიჩნევს.
ვლადიმირ რიჟკოვი, მიხაილ კასიანოვი, ბორის ნემცოვი და ვლადიმირ მილოვი (მარჯვნივ), დემოკრატიული კოალიციის "რუსეთისთვის თვითნებობისა და კორუფციის გარეშე" შექმნის დღე, 16 სექტემბერი, 2010 წელი
პუტინის ძალაუფლების საძირკველზე როდესაც ვსაუბრობთ, აქვს თუ არა აზრი რამდენიმე ძირითადი ჯგუფის გამოყოფას? ვგულისხმობ - უსაფრთხოების სამსახურებს, კრიმინალურ სამყაროს და პოლიტიკური ელიტებს/ოლიგარქებს. არის თუ არა ეს ის ძალები, რაზეც პუტინის მმართველობია დაფუძნებული?
ეს გონივრული და მისაღები კლასიფიკაციაა. თუმცა, დავამატებდი, რომ არსებობს ალბათ მეოთხე ჯგუფიც, რომელიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს პუტინის პერსონალისტური რეჟიმის ხელშემწყობად (enablers), ესენი არიან საზოგადოებრივი პირები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც იღებენ მაღალ ანაზღაურებას, ხოლო სანაცვლოდ, საკუთარ სოციალურ კაპიტალს იყენებენ საზოგადოების "დასაწყნარებლად."
ისინი ცდილობან, რომ პუტინის ნარატივები ისე თარგმნონ, რომ თუ ხალხი მას მხარს არ დაუჭერს, კარგად მაინც ჰქონდეთ გააზრებული, თუ რა სურს მთავრობას და მორჩილებაში დარჩნენ. ასე რომ, საზოგადოებრივი პირები, ე.წ საჯარო სპიკერები და მათი მსგავსი ადამიანები, რომლებიც ხშირად ერთმანეთში არიან გადახლართულები, წარმოადგენენ ამ მეოთხე ჯგუფს, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნცქია აკისრია.
თუკი სიმბოლურ კლასიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ჯამში ეს ოთხი ჯგუფია, რაზეც პუტინის დიქტატურა დგას.
კრემლის გარდა, მსურს რომ რუსულ ოპოზიციაზეც ვისაუბრობთ. საქართველოში, ბევრი ადამიანი წუხს, რომ ქართული ოპოზიცია დაყოფილია, რითიც საბოლოოდ ხელისუფლება ხეირობს. ფიქრობთ თუ არა, რომ იგივე ხდებოდა რუსეთში, ოპოზიციურ ჯგუფებს არ ჰქონდათ საკმარისი ხარისხის ერთობა, რითიც პუტინთან ბრძოლა მნიშვნელოვნად გართულდა?
ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ავტორიტარების წინააღმდეგ ბრძოლაში, ოპოზიციის დაყოფა გარდაუვალია, თუკი არ ვსაუბრობთ ფანტაზიებსა და მითოლოგიაზე. არ არსებობს მაგალითი - იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია თუ სხვა რეგიონის დიქტატურები, სადაც ოპოზიცია დაყოფილი არ იყო, რაც ახსნადია: როდესაც არ გაქვს წარმატების ხელშესახები გამოცდილება, ეს ასე ხდება. რეჟიმი წესების დაცვის გარეშე გებრძვის, რა დროსაც ფრაგმენტაცია გარდაუვალია.
მაშინ, როდესაც რეჟიმებს უამრავი ინსტრუმენტი აქვს, ხალხის დაშინებიდან - მოსყიდვამდე, ხოლო ოპოზიციის ხელში ლიმიტირებული შესაძლებლობებია, კამათის დაწყება და გამარჯვების გზაზე ერთმანეთის მოსაზრებების გაკრიტიკება ნორმალური მოვლენაა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ბუნდოვანია. ეს ბრძოლა ძალიან ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას.
არსებითად ფუნდამენტურია იმის გააზრებაც, რომ ღია და დემოკრატიულ საზოგადოებაში, ერთმანეთის კრიტიკა ნორმალური მოვლენაა. ადამიანები, რომლებიც ბედავენ რეჟიმთან დაპირისპირებას, იმიტომ არიან ოპოზიციაში, რომ ეწინააღმდეგებიან ლიდერის მიერ გაცემული ბრძანების უსიტყვოდ შესრულებას. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ - ზოგადად, ოპოზიციონერებს გვსურს, მეტიც - ზუსტად ამას ვუპირისპირდებით. ამიტომ, ურთიერთკრიტიკა და კამათი ნორმალური მოვლენაა.
მთავარი ის კი არაა, რომ განსხვავებული ადამიანები მაინცდამაინც ერთად შევკრიბოთ, არამედ იმ პრინციპის გააზრება, რაზეც თანამედროვე ცივილიზაციაა აშენებული: ვგულისხმობ, შრომის დანაწილების საფუძველს. მნიშვნელოვანია ყველამ თავისი საქმე გააკეთოს, ნაცვლად გაუთავებელი წუწუნისა და ლანძღვისა.
ალექსეი ნავალნი ხშირად ეკითხებოდა მის კოლეგებსა თუ მომხრეებს, მათ შორის ციხიდან თუ "რა გააკეთე დღეს იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმი დაგესუსტებინა?"ჩემი აზრით, უნდა შეწყვიტოთ იმის ყურება, თუ რამდენადაა ოპოზიცია ფრაგმენტირებული, ხოლო სანაცვლოდ საქმის კეთებაზე ორიენტირდით.
ასევე, ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ეს ისტორიული ტრაექტორია შეიცვლება. პოზიტიური გზავნილი, რომ გავუგზავნოთ იმ ხალხს, ვინც ახლა პესიმისტურადაა განწყობილი, ვეტყვი, რომ დადგება მომენტი, როდესაც დემოკრატიულ ოპოზიციას აუცილებლად მოუწევს გაერთიანება, რადგანაც გამარჯვება უფრო ახლოს იქნება მოსული, ხოლო მათ სხვა გზა არ ექნებათ. ახლა, ეს მომენტი შორეულ ჰორიზონტზეა.
ოპოზიციური ძალების დაახლოების მოტივაცია დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას აკეთებენ დემოკრატიის მხარდამჭერები - აქტივისტები თუ სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად. მიეცემიან თუ არა დეპრესიას, რათა მათმა ლიდერებმა საერთო ენა ვერ გამონახეს თუ გააგრძელებენ ბრძოლას, ხელს შეუწყობენ "გრასრუთ მოძრაობების" შექმნას, რათა მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ პროცესს. თუკი ასეთი ტალღა შეიქმნება, მას პოლიტიკური ლიდერები ვერ გაექცევიან და მოუწევთ იმ გზით სიარული, რასაც ეს ხალხი მათ განუსაზღვრას.
სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობებს, გაერთიანებებს, აქტივისტებს - ყოველდღიურ რეჟიმში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ავტოკრატიული რეჟიმის დასასუსტებლად. თუ ეს ტალღა დაიძვრება, მას პოლიტიკური ლიდერებიც გაყვებენიან და ბოლოს საერთო ენასაც გამონახავენ. შესაბამისად, თუკი სახეზე გაქვთ დაქუცმაცებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია, ეს ამ იმპულსის ნაკლებობის ან არარსებობის შედეგიცაა. შექმენით ასეთი პოლიტიკური პროცესი, ხოლო დანარჩენი თავისით დალაგდება.
თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, გადავიდეთ ეკონომიკაზე: შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ, რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ახლა? ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და კოლაფსი გარდაუვალია, თუმცა ბევრი, მათ შორის საქართველოშიც, ხედავს, რომ რუსეთი ინარჩუნებს საომარ ტემპს და სახელმწიფო სისტემა, თითქოს, ჩვეულებრივ მუშაობს. მარტივად რომ ავხსნათ — როგორ შეიძლება ეს ორი დებულება ერთდროულად იყოს მართალი?
წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რამდენიმე ძლიერი ეკონომიკური კრიზისი მოხდა. ამ კრიზისებს ჰქონდა საერთო მახასიათებელი - კოლაფსამდე მცირე ხნით ადრე, ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმით პროგნოზი გაკეთება სწორი არ არის.
იმისთვის, რომ დავინახოთ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, გავაანალიზოთ რამდენიმე ინდიკატორი. დავიწყოთ ეკონომიკის დინამიკით: პუტინი და მისი ხელქვეითები ბოლო პერიოდამდე ტრაბახობდნენ მშპ-ს ზრდით, თუმცა - სად არის ახლა ეს ზრდა? რა დაემართა მშპ-ს ზრდას 2025 წელს? რა გეგმაა მომავალი წლისთვის? ამ კითხვებზე პასუხი მარტივია - საუკეთესო შემთხვევაში, ეს ზრდა ნულთან ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდში, ეს მაჩვენებელი ნეგატიურ სივრცეში გადავა.
თავად პუტინმა, მინისტრებთან შეხვედრისას, რომელიც სექტემბერში იყო, იკითხა, რამდენად საკმარისი იყო მეორე კვარტალში არსებული ზრდა, რომელიც 0.4%-ს შეადგენდა. არადა, გასულ წელს, თვითონ საუბრობდა 4%-იან ზრდაზე, რაც რელობისგან ძალიან შორს აღმოჩნდა.
მეორე საკითხია საბიუჯეტო დეფიციტი. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მომდევნო სამ წელს მოიცავს (2026-2028) და ეს არის პირველი შემთხვევა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც კრემლს უწევს აღიარება, რომ დეფიციტის დასასრული განსაზღვრული არ არის.
ადრე ისინი ამბობდნენ, რომ დეფიციტთან მიმართებით მოგვიწევდა მოთმინება, რამდენიმე წლის განმავლობაში, რის შემდეგაც, ეკონომიკას დასავლეთისგან დამოუკიდებლად განავითარებდნენ, რაც იმპორტის ჩანაცვლების საფუძველი გახდებოდა. ასევე, იყო საუბარი ჩინეთის მიერ ხელის გამოწვდენასა და დახმარებაზე. თუმცა, ახლა ისინი ამას აღარ იმეორებენ. სახეზეა უწყვეტი და ძალიან ძლიერი საბიუჯეტო დეფიციტი, ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში. უფრო თვალსაჩინო, რომ იყოს ეს მაჩვენებელი, შეგვიძლია უახლესი ისტორია გავიხსენოთ: ბოლოს, ასეთი დეფიციტი 90-იანებში, უფრო კონკრეტულად 1992-1999 წლებში გვქონდა. ამის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება თქმა, რომ საკმარისი ფული აღარ არის.
ამ ფონზე, ისინი აგრძელებენ გადასახადების ზრდას, რაც ამ მაჩვენებელების გათვალისწინებით, კარგი იდეა არ არის. სულ რამდენიმე წლის წინ, მოგების გადასახადი 20% იყო, ხოლო დღგ - 18%-ს შეადგენდა. ახლა, მოგების გადასახადი 25%-მდეა გაზრდილი, ხოლო დღგ 22%-ს შეადგენს. ამ პარამეტრის გათვალისწინებითაც, ვუახლოვდებით 90-იანი წლების მდგომარეობას, როდესაც დღგ 28%-ზე იყო, ხოლო მოგების გადასახადი 36%-ს შეადგენდა. ვფიქრობ, ტრაქტორია ნათელია.
მესამე საკითხი, ინფლაცია: რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ინფლაციის კონტროლი, რისთვისაც ყველაფერი სცადეს. ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთით რუსეთი სულ ახლახანს ბოლოდან მე-12 ადგილზე იყო, მხოლოდ ზიმბაბვე, არგენტინა, ირანი, ვენესუელა და მსგავსი ქვეყნები გვისწრებდნენ. ინფლაცია კვლავ იზრდება ქვეყანაში, რის გამოც ცენტრალურმა ბანკმა გადახედა საპროცენტო განაკვეთის შემცირების იდეას. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ინფლაციის მოლოდინები ძალიან მაღალია, შესაბამისად შეუძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირება.
ასე რომ, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ის გვპირდებოდა, რომ ჩვენ ვაპირებდით ყველაფრის წარმოებას: რუსული თვითმფრინავების, რუსული მანქანების, რუსული სმარტფონების და ა.შ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
მილოვი (მარცხნივ) 2002 წელს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, 2001-02 წლებში კი ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი იყო
თუმცა, უნდა ითქვას, რომ კრემლი კვლავ იმეორებს ამ ჩვენებას და ახლაც ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი ყველაფერს თვითონ მიხედავს, სხვების გარეშე...
არა, არა და არა. ჩინეთიც არ გვეხმარება, ფულს არ გვაწვდის. სულ ცოტა ხნის წინ, საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა ფინეთის ბანკის განვითარებადი ეკონომიკების ინსტიტუტის მიერ, რომლის თანახმადაც, ჩინეთმა შეამცირა ინვესტიციები რუსეთში, უკრაინაში დაწყებული სისხლისღვრის შემდეგ. ეს მაჩვენებელი, იქამდეც ძალიან დაბალი იყო.
ფულთან ერთად, იმედიც აღარ არის. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა გადასახადების ზრდისა, რათა უკეთესად დააბალანსონ ბიუჯეტი, თუმცა ამ ფონზეც კი, სახეზე გვაქვს დეფიციტი.
პარალელურად, მაღალია ინფლაცია, ხოლო დაბალია ეკონომიკური ზრდა. ერთი წლის წინ, სიტყვა რეცესია რუსეთში წარმოუდგენელი იყო, ხოლო ახლა, კამათი იმაზე მიდის, ვართ თუ არა რეცესიაში უკვე.
სამართლიანი იქნებოდა თუ არა იმის თქმა, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ეჭვით უყურებს ასეთ განცხადებებს, რადგანაც, როგორც უკვე გითხარით, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ეკონომისტების მიერ გაკეთებული პროგნოზები და რეალობა, ერთმანეთთან თავსებადი არ არის ხოლმე?
ნამდვილად ასეა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმე კარგ ხასიათზე დავაყენო. რეცესიაა, როდესაც მშპ ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში მცირდება, წინა კვარტლებთან შედარებით. პირველ კვარტალში, ჩვენ უკვე გვქონდა ნეგატიური მაჩვენებელი (მშპ-თან მიმართებით ზრდა), ხოლო მეორე კვარტალში ისინი ტრაბახობდნენ, რომ ამ მაჩვენებელმა 0.37% შეადგინა, რითიც რეცესიას თავი აარიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელიც სათუოა, ჯანდაბას, დავუჯეროთ - 0.37%, სწორად ეს არის პუტინის პოლიტიკის ეკონომიკური ფასი.
რუსეთის ეკონომიკა ძლიერი შტორმის წინაშეა, იქნება ეს საბიუჯეტო დეფიციტი, მუდმივი ინფლაცია თუ ძვირი კრედიტი, რადგანაც ცენტრალურ ბანკს სხვა გზა არ აქვს. ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, რის ფონზეც ეკონომიკა ნულდება. უბრალოდ, მოუსმინეთ რუსულ დებატებს, სადაც ვერ გაიგონებთ ოპტიმიზმის ბევრ მიზეზს.
სულ ცოტა ხნის წინ, მათ მნიშვნელოვნად შეცვალეს 2026 წლის პროგნოზები. კიდევ ერთხელ - ინვესტიციების მაჩვენებელი ნეგატიურია, მშპ-ს ზრდა ნულთანაა ახლოს, რეალური ხელფასები დაახლოებით 3%-ით იზრდება, რაც ძალიან ცოტაა, იზრდება გადასახადებიც, ხოლო დეფიციტი მაღალია. შესაბამისად, ვინმემ თუ იცის რაიმე იმედისმომცემი რუსულ ეკონომიკაზე, სიამოვნებით მოვისმენ, მე ასეთი ინფორმაცია ვერსად ვნახე.
ამ ფონზე, მინდა გკითხოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, სადაც მძიმე ეკონომიკური პირობებისა თუ ომის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია პუტინით. მაშინ რა გამოდის, რომ ეს ციფრები რეალური არ არის?
ერთ რჩევას მოგცემთ რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებზე მუშაობისას: გაანალიზეთ დიდ სურათში და გაითვალისწინეთ ნიუანსები, რადგანაც ნიუანსების გარეშე, სწორი დინამიკის აღქმა შეუძლებელია.
ჩვეულებრივ, ასეთი გამოკითხვების დროს, ხალხს ეკითხებიან - მხარს უჭერენ თუ არ პუტინის ე.წ სპეციალურ ოპერაციას, რაზეც დიდი უმრავლესობას დადებითი პასუხი აქვს, თუმცა იგივე ხალხს, შემდგომი კითხვის ფარგლებში სურს, რომ ეს ომი მალე დასრულდეს.
ასევე, მნიშვნელოვანია კითხვა, არიან თუ არა მზად, რომ პირადად მიიღონ რამე სახის მონაწილეობა ამ ომში, რაზეც პასუხი უარყოფითია. ალბათ იცით, ე.წ ზეტ (Z) ბლოგერები, უკიდურესად შოვინისტი, სისხლსმოწყურებული რუსი გენოციდისტები, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდას ასხივებენ, განსაკუთრებით ტელეგრამში. ბოლო დროს, ისინი ხშირად წუწუნებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარებები, მოსახლეობის მხრიდან, ფაქტობრივად სრულად გაჩერდა. არავინ აღარ ახორციელებს დონაციას, რაც მნიშვნელოვანი ნიუანსია.
ეს იმ ფონზე, როდესაც ომის სწრაფად დასრულების მსურველები, ორჯერ აღემატაბიან საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებს. ამავდროულად, კითხვაზე, ადარდებთ თუ არა მათ ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიები, პასუხი გულგრილია, უმრავლესობას არ ადარდებს. რუსების დიდი ნაწილი, სიამოვნებით გაცვლიდა ამ ტერიტორიებს რაიმე ხელშესახებსა და პოზიტიურში. უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს მიწები დამატებითი ეკონომიკური წნეხია, რადგანაც მათი შენახვა, მხოლოდ ძლიერი სუბსიდიის გზითაა შესაძლებელი. ტრილიონობით რუბლია საჭირო რუსეთის ბიუჯეტიდან ამ ტერიტორიებისთვის, მაშინ, როდესაც, პირადად არავის არაფრის გაღება სურს.
მე არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს პუტინს ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს, არა - მყარი მესამედი, შესაძლოა 40%-იც კი მისი მხარდამჭერია, რისი მიზეზიც იმპერიალიზმი, შოვინიზმი და სხვა მიზეზებია. კარგი ამბავი ისაა, რომ მათ უმრავლესობას, არაფრის გაკეთება სურს, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არიან, გეგონება, ტელევიზორში უცქერენ რაიმეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავ ამ ციფრებისა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ პუტინს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
პუტინის მხარდამჭერებში შოვინისტებისა და იმპერიალისტების გარდა, შედიან კონფორმისტები, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. ეს ადამიანები, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, დასაქმებულები არიან სახელმწიფო ორგანოებში, სადაც ინდოქტრინაციას ყოველდღიურ რეჟიმში გადიან. ამის გარდა, მათ მაღალი შემოსავლები აქვთ სისტემისგან, რის სანაცვლოდაც პოლიტიკურ არჩევნს თმობენ.
თუმცა, ეს ხალხი, ამავდროულად ოპორტუნისტია. დაიცავენ თუ არა საკუთარ არჩევანს, თუკი სიტუაცია შეიცვლება ან წინააღმდეგობა შეხვდებათ? უმალ პოზიციას შეიცვლიან და საპირისპირო ბანაკში გადავლენ.
თქვენს მიერ აღწერილი სურათი, სადაც უმცირესობაში მყოფ ჯგუფს, სრულად უზურპირებული აქვს ხელისუფლება, რელევანტურია საქართველოშიც. ამის გარდა, არაერთი ადამიანი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სწრაფ დაახლოებაზე, რაც მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულის ზრდად მოჩანს. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს სამწუხარო გამოცდილება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნით გამოყენების. ამის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს?
მე ვფიქრობ, ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული, ფარულად და შეუმჩნევლად განხორციელებული პოლიტიკა — ეკონომიკური ბერკეტებით, ეტაპობრივად დაებრუნებინა საქართველო თავისი გავლენის ქვეშ. ვგულისხმობ, როგორც ზოგად ეკონომიკურ ურთიერთობებისს, ასევე კორუფციას. მგონია, რომ ამაში 2008 წლის ომმაც თავისი წვლილი შეიტანა, რადგანაც თუ გადახედავთ NDI-ის ან სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, ერთ უცნაურ მოვლენას დაინახავთ, რასაც სხვა ქვყენების მაგალითზე ვერ შევხდებით:
ვგულისხმობ იმას, რომ პასუხი მკვეთრად დადებითია ორივე კითხვაზე - გინდათ თუ არა კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან? და გინდათ თუ არა კარგი ურთიერთობა რუსეთთან? რაც ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნების შემთხვევაში იშვიათია.
მე ვფიქრობ, ომს თავისი წვლილი შეაქვს ამ პარადოქსში, რადგან ადამიანებს, ბუნებრივია, ომი არ სურთ. ამ იმპულსებს იყენებენ ხელისუფლებები, რისი დასტურიც უნგრეთია, სადაც ვიქტორ ორბანის კამპანიის ძირითადი მესიჯი იყო, რომ თუ სახელისუფლებო პოზიციას არ დაუჭერდნენ მხარს, მაშინ ქვეყანას ომში ჩაითრევდნენ.
ზუსტად იგივე სიტყვები, ფრაზები, კამპანიის ფორმები და საჯარო კომუნიკაციის მეთოდები გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების მიერ...
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება ამ მდგომარეობით სარგებლობს. ამას ემატება ეკონომიკური სარგებელიც: რუსეთის იზოლაციის ფონზე გაძლიერებულმა ვაჭრობამ ქართულ ბიზნესებს მოკლევადიანად მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და რაღაც მომენტში გაქრება. რუსეთის დღევანდელი ეკონომიკური მოდელი არამდგრადია და ის დაიშლება, როგორც დიდი, მოძველებული მონსტრი. მასთან ერთად ნაგრევებში მოყვება ყველა, ვინც იგვლივ იქნება, რაც საქართველოზეც მძიმედ იმოქმედებს. ამიტომ, ამჟამინდელი დამოკიდებულება რუსეთზე, სამომავლოდ ძალიან სარისკოა, თუმცა, შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს, რადგანაც ამ პრობლემის ფონზე, ბევრი კითხვა გაჩნდება ივანიშვილთან. მაგალითად, იყო თუ არა სწორი, მის მიერ არჩეული კურსი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?
რუსეთზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ ევრაზიული კავშირი, ყველა ქვეყანამ, ვინც თავი ამ გაერთიანებას დაუკავშირა, გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელი ვერ მიიღო. ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როდესაც კრახი გარდაუვალი იქნება. ეს საკითხი, ბმაშია ზემოთ დასმულ კითხვასთან, რომელიც ოპოზიციის ფრაგმენტაციას უკავშირდება. დღეს შეიძლება რეალობა მძიმეა, მაგრამ ძალისხმევა მომავალში ჩადეთ.
ივანიშვილის "დამსახურებით", საქართველოს ბევრი გამოწვევა დაუდგება წინ, რაც ოპოზიციისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ესაუბროს იმ ხალხს, ვინც ახლა თავს იკავებს პოლიტიკისგან.
კრიზისი, რამდენადაც გამოწვევაა, იმდენად შესაძლებლობად უნდა დავინახოთ, მათ შორის მძინარე ხალხის გამოსაფხიზლებლად. ის გზა, რომელიც ივანიშვლმა აირჩია, საქართველოს კატასტროფამდე მიიყვანს, ამიტომ, ოპოზიციას დაუდგება მომენტი, როდესაც განახლებული გზით შეეძლება ხალხთან საუბარი. მოვა მომენტი, როდესაც ხალხისთვის სხვა არჩევანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.