-

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, ხელახლა გადაწყვიტეს ე.წ რუსული კანონის მიღება, ისინი ხშირად იმეორებენ, რომ მსგავსი შეზღუდვები დასავლეთის ქვეყნებშიც მოქმედებს, მაგალითად - ამერიკაში, საფრანგეთსა თუ სხვაგან.

საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები ხშირად იყენებენ ფრანგულ კანონპროექტს, რისი მიზეზიც, ალბათ, ის გახლავთ, რომ კანონპროექტის რეგისტრაცია და განხილვები, დროში, თითქმის ჩვენთან დაწყებულ დისკუსიას დაემთხვა.

ვინმემ მართლაც შეიძლება მსგავსებებზე იფიქროს, რადგანაც ფრანგული კანონპროექტის შემთხვევაშიც, საქმე უცხო ქვეყნის გავლენის ძალების აღრიცხვას ეხება. თუმცა, შინაარსის განცობის შემდეგ, განსხვავები იმდენად თვალსაჩინო და ფუნდამენტური ხდება, რომ იოლი დაკვირვებითაც შეიძლება ოცნების დეპუტატების მხრიდან გაჟღერებული მანიპულაციის ამოცნობა. 

მოდით, მარტივად ვნახოთ ორი ფუნდამენტური განსხვავება, რაც ფრანგულ კანონპროექტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ, რუსეთიდან გადმოკოპირებულ ინიციატივას შორის არსებობს. 

მოქმედების არეალი 

ეროვნულ ასამბლეაში მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც ემანუელ მაკრონის პოლიტიკური გუნდის წევრებმა წარადგინეს, მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტართა ბაზის შექმნას, სადაც მოხვდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. 

თუმცა, პირველ და უმნიშვნელოვანეს განსხვავებას სწორად აქ ვაწყდებით. ეს ვალდებულება არ ეხებათ პირებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არიან დაკავშირებული. შესაბამისად, ფრანგულ ბაზაში შესაძლოა მოხვდეს ყველა, გარდა იმისა, ვინც ევროკავშირის ქვეყნებთან ან ამ სახელმწიფოებში არსებულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. 

მეტიც, კანონპროექტის რეგისტრაციას, წინ უძღვოდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის, ორი სხვადასხვა კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევა, რომელიც გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საიდანაც დადგინდა, რომ "ახალ ცივი ომის ფაზაში," საფრანგეთისთვის ციფრული საფრთხეები გაზრდილია, რისთვისაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ხოლო მთავარ წყაროდ, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს, რუსეთია დასახელებული. ასევე, ამ კონტექსტში დაფიქსირებულია ჩინეთი, ირანი, თურქეთი და სხვა ქვეყნები. 

საგარეო ჩარევის მცდელობა და უცხო ძალებთან კავშირის დადგენა, 2023 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა საფრანგეთში. ამ კონტექსტში, გაიმართა 50-ზე მეტი მოსმენა, სადაც, მაგალითისთვის დადგინა, რომ მარინ ლე პენი და მისი პარტია, პირდაპირ იყო დაკავშირებული კრემლთან. საუბარი ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებაზე, რა დროსაც, ფრანგი ოპოზიციონერი თითქმის იდენტური შინაარსის მქონე გზავნილებს აგზავნიდა, რასაც კრემლი. 

ამავე გამოძიებების პერიოდში გამოიკითხა საფრნაგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი და კიდე ბევრი სხვა საზოგადოებისთვის ნაცნობი პერსონა. 

შესაბამისად, როდესაც კანონპროექტის სულისკვეთებაზეა საუბარი, ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვით, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა (შემდგომი ეტაპი სენატში განხილვაა), პირველ რიგში ანტი-კრემლისტურ შინაარს ატარებს, რადგანაც რისკები, პირველ რიგში პუტინის რუსეთს უკავშირდება. 

ამ დასკვნის საფუძველს იძლევა თავად კანონპროექტი და ინიცირებამდე ჩატარებული შრომატევადი და მრავალმხრივი საქმიანობა, რაც მოკლედ, უკვე აღვწერეთ. 

ლობიზმის კონტროლი თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციების განადგურება?

საქართველოს ხელისუფლების წევრების მსგავსად, ფრანგი კანონმდებლებიც ამბობენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული FARA-ს მსგავსია.

განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგი დეპუტატები არ ტყუიან, განსხვავებით ქართველი კოლეგებისგან, რადგანაც მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტში, ფოკუსი ლობისტურ საქმიანობაზეა მომართული. 

აქედან გამომდინარე, სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირება იმ ორგანიზაციებს მოუწევს, რომლეთა მიზანსაც საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს, რისთვისაც ლობიზმს (იქნება ეს საკანონმდებლო თუ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა) მიმართავენ. 

თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობასთან შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონის შედარება, ალბათ ყირგიზეთია, სადაც რამდენიმე დღის წინ, თითქმის ანალოგიური, კრემლიდან გადმოწერილი კანონპროექტი საბოლოოდ დაამტკიცეს. 

ასევე ყველა არადემოკრატიული ან ნახევრად დემოკრატიული ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი კანონმდებლობის დამტკიცება გადაწყვიტეს, იმას მოწმობს, რომ საკომუნიკაციო ნაწილში "დასავლური ანალოგიებს" იშველიებენ, ხოლო რეალურად, დამოუკიდებელი საზოგაოდებრივი თუ მედია ორგანიზაციების კონტროლი აქვთ დაგეგმილი. 

მარტივი ექსპერიმენტი

და ბოლოს, ყველაზე მარტივად, განსხვავებების აღქმა, ალბათ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით იქნება.

ფრანგული კანონის საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, იმ გამოცემას, რომელსაც თქვენ ახლა ეცნობით, არ მოუწევდა სპეციალირ ბაზაში რეგისტრაცია, რადგანაც დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენს. 

გარდა ამისა, რეალპოლიტიკას ფინანსები გამჭირვალეა და სრულადაა დაკავშირებული ევროკავშირიდან მომავალ წყაროებთან, რაც კიდევ ერთი მიზეზი იქნებოდა, ამ ბაზაში დარეგისტრირების საწინააღმდეგოდ. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენი გამოცემა, ბიუროს საფრანგეთში გახსნიდა, მსგავსი რეგულაცია არ შეგვეხებოდა, რადგანაც, თვისობრივად განსხვავებული საქმიანობის გამჭირვალეობას უკავშირდება. 

და რა იქნება რუსული კანონის მიღების შემთხვევაში? სამწუხაროდ, 180 გრადუსით განსხვავებული სურათი. რეალპოლიტიკას მოუწევს სპეციალურ ბაზაში რეგისტრირება, უცხოეთის გავლენის აგენტის მარკის მოწეპება და საქმიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს პროცესი რუსეთშიც მსგავსად დაიწყო, ხოლო ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დეკლარაციის შეუვსებლობის მიზეზით, სულ ცოტა ხნის წინ, რუსს ჟურნალისტ დენის კამალიაგინს, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები