დასავლეთთან დაპაუზებული სამხედრო პარტნიორობა - რა და რატომ შეჩერდა

9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მა, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩარა.

“პირველი მსხვერპლი, ვისაც ეს გადაწყვეტილება შეეხეო, არის საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

2023 წელს, ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის მიმართულებით.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია - „თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. [ევროკავშირის ლიდერები] შეთანხმდნენ უკრაინის დაცვის მიმართ მტკიცე ვალდებულებებზე, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“.

მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ურჩევდნენ არ მიეღოთ ე.წ. რუსული კანონი - „ თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიიღეს. ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დროა“.

საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დახმარების გამოყოფის თხოვნით ევროკავშირს 2023 წლის 8 თებერვალს თავად მიმართა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა მაშინ განაცხადა, რომ რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მათ საქართველოსა და მოლდოვის დახმარება გადაწყვიტეს - „რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი [საქართველოსა და მოლდოვის] ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის ზრდაში“ – განაცხადა ბორელმა.

2023 წლამდე, ევროპის მშვიდობის ფონდმა (EPF) დახმარების ორი პაკეტი გამოიყო: 20 მილიონი ევროს დახმარება 2022 წლის დეკემბერში, ხოლო 12,75 მილიონი ევროს დახმარება 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ.

ცრუ ბრალდებებში იგულისხმება ის ნარატივი, რომლის თანახმადაც, თითქოს, აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

შეერთებული შტატების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - "დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ კარპენტერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დიდი ნაწილი გადახედვის პროცესშია - “საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან”.

კარპენტერის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები შეუსაბამოა დასავლურ სტანდარტებთან - “გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ნატოს ალიანსი ემყარება. ასევე, არ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან".

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) პირველად 2015 წელს, ვაზიანში ჩატარდა. ქართულ-ამერიკულ წვრთნებში 300 ქართველი და 300 ამერიკელი ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, საქართველოში გამართულ სამხედრო წვრთნებში ამერიკული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა - 14 ერთეული Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. წვრთნების მიზანი, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული და ამერიკული სამხედრო კონტინგენტების თავსებადობის ზრდა წარმოადგენდა.

სწავლებებს ესწრებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი განცხადებით, სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ - „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელი სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთ-თავსებადობის გაზრდას“.

საქართველოს თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ამბობდა, რომ საქართველოს ისე, როგორც არასდროს, ესაჭიროება პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა - „დღევანდელი სწავლება და ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ მდგომი 300 ამერიკელი ჯარისკაცი საუკეთესო დემონსტრირებაა თქვენი თანადგომის, პარტნიორობის და გულშემატკივრობის ჩვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მიმართ“ - აღნიშნავდა ხიდაშელი.

პენტაგონის განცხადება შეეხებოდა წვრთნების Agile Spirit-ის ჩატარებასაც - „ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის მათ შორის წვრთნების, Agile Spirit-ის ჩატარებას“ - აცხადებს პენტაგონი. 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit)

აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში "მტკიცე სული" პირველად 2011წელს ჩატარდა. ამერიკულ მხარეს მონაწილეობდნენ რუმინეთში, კონსტანცაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი და ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტი-ტერორისტული ბატალიონი; ხოლო ქართული მხრიდან მასში შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო იყო ჩართული. 2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა. უკვე 2023 წლის 22 აგვისტოს, რიგით მეთერთმეტე სწავლება “Aigile Spirit”-ი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული იყო 22 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურე.

 

მსგავსი სიახლეები