Reuters: ტრამპის და პუტინის შეხვედრა მოსკოვის ხისტი პოზიციის გამო გადაიდო

ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრა მოსკოვის უკომპრომისო პოზიციის გამო გადაიდო.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- "მოსკოვის პოზიციამ - ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინააღმდეგ - საფრთხე შეუქმნა ბუდაპეშტში პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრას"- ნათქვამია მასალაში.
- გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თავის მხრივ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის თარიღის გადატანა იმაზე მოწმობს, რომ კრემლის უკომპრომისო პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში სამიტი საერთოდაც არ ჩატარდება.
- "ვფიქრობ რუსებმა ზედმეტი მოინდომეს და ამერიკელებმა მკაფიოდ დაინახეს, რომ ბუდაპეშტში შეთანხმება ვერ მოხდება"- ამბობს წყარო.
ჩაშლილად: მოგვიანებით შეხვედრის გადატანის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურეს თეთრ სახლში და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს მომავალში არ გეგმავს შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან.
- განცხადებაში ამის მიზეზად რუბიოსა და ლავროვის "პროდუქტიულ" სატელეფონო საუბარს ასახელებენ, რომლის შემდეგაც "პრეზიდენტების პირადი კონტაქტის აუცილებლობა არ არსებობს."
- გაურკვეველი ვადით გადაიდო სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრაც, რომელიც დასავლური მედიის ცნობით 23 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო და პრეზიხენტების სამიტის მოსამზადებლად იყო საჭირო.
დიდი სურათი: 17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი დაუყოვნებლივი ზავის და კონფლიქტის ფრონტის არსებულ ხაზებზე გაყინვის იდეას დაუბრუნდა.
- Washington Post-ის ინფორმაციით, წინა დღით ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარში ზავის სანაცვლოდ პუტინმა დონეცკის არაოკუპირებული ნაწილიდან უკრაინული არმიის გაყვანა მოითხოვა.
- 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივი ზავი რუსეთისთვის მიუღებელია, რადგანაც კვლავ მოუგვარებელი დარჩენა კონფლიქტის პირველადი მიზეზები.
კონტექსტი: თავის მხრივ ბუდაპეშტში შეხვედრის შესახებ ლიდერები 16 ოქტომბერს გამართული რიგით მერვე სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ - ამერიკელი პრეზიდენტი ამბობდა, რომ სამიტი უახლოეს 2 კვირაში შედგებოდა.
- შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა 17 ოქტომბერს კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
- მეტიც, მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინი ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანსაც ესაუბრა.
სიღრმისეულად: ალასკაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპი პუტინის ისტორიულმა ლექციამ გააღიზიანა