ეკოლოგიური კატასტროფა შავი ზღვის აუზში: ტუაფსეს სანაპიროსთან მაზუთი დაიღვარა
16 აპრილის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ტუაფსეს პორტზე პირველი იერიში მიიტანა.
ჩაშლილად: პირველი იერიშის შედეგად შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა.
- ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
- 20 აპრილს უკრაინამ ტუაფსეზე მეორე იერიში მიიტანა. რასაც პორტში ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
- ხანძრის გამო ჰაერის ხარისხი გაუარესდა, მოგვიანებით კი ე.წ. ნავთობის წვიმა მოვიდა — ნალექი, რომელიც ნავთობის წვის პროდუქტებს შეიცავდა.
- ასეთი ტიპის ხანძრის ბოლი შეიცავს ტოქსიკურ აირებს, ქიმიურ ორთქლს, ზეთის წვეთებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.
- გარდა ამისა, 24 აპრილს, ძლიერი წვიმების შედეგად მიწაზე დაღვრილი ნავთობპროდუქტები ზღვაში ჩაიღვარა.
ახლო ხედით: 21 აპრილს რეგიონალური ოპერატიული შტაბის განცხადების თანახმად, ჰაერში დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ბენზოლი და ჭვარტლი არის აღმოჩენილი. მოსახლეობას ფანჯრების გაღებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
- ამის შემდეგ სტატისტიკის გამოქვეყნება შეჩერდა. თუმცა კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის მტკიცებით, "ჰაერი რეგულარულად მოწმდება".
- ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან. მათი თქმით, ხელისუფლება არ აწვდის მაცხოვრებლებს საკმარის მონაცემებს.
- დაბინძურების მსხვერპლნი გახდნენ უსახლკარო ცხოველები, რომლებსაც მხოლოდ მოხალისეები ეხმარებიან. "თითქმის ყველა ცხოველი ქუჩაში მაზუთით არის მოსვრილი", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
- ქალაქის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, 26 აპრილისთვის უკვე გაწმენდილი 2.5 კუბუმი მეტრი გრუნტი. კატასტროფის ლიკვიდაციაში ჩართულია 132 ადამიანი და 26 ერთეული ტექნიკა.
სტრიქონებს შორის: გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი"-თან კომენტარში ეკოლოგები ამბობენ, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ სანაპიროდან მაზუთი არ გაიტანა და დაბინძურებული ნაწილი ახალი ქვიშით დაფარა.
- ახალი ქვიშის დაყრა არამიზანშეწონილია, ვინაიდან მაზუთი კიდევ უფრო ღრმად, მიწის ქვეშ ჩადის. სპეციალისტების თქმით, სანაპიროს დაბინძურებული მონაკვეთები სპეციალური მანქანებით უნდა გაითხაროს, მაზუთიანი ქვიშა კი ზღვისგან მოშორებით უნდა გადამუშავდეს.
- გარდა ამისა, გამოცემა "ნემოსკვას" დაკვირვებით, ხელისუფლება მხოლოდ ცენტრალური სანაპიროს გაწმენდას ცდილობს.