ათწლეულზე მეტია, ვენესუელის სასტიკი ავტორიტარული რეჟიმი ამერიკის კონტინენტის უმთავრეს გეოპოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ღერძის მხარდაჭერით, ნიკოლას მადურომ ძალაუფლების განმტკიცება შეძლო, რამაც კარაკასის სრული ეკონომიკური და სოციალური კოლაფსი გამოიწვია - ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ჯერ კიდევ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში (2016-2020 წლები), დონალდ ტრამპი აქტიურად დაუპირისპირდა მადუროს ადმინისტრაციას „მაქსიმალური წნეხის“ სტრატეგიით, რაც ეკონომიკურ ემბარგოსა და დიპლომატიურ იზოლაციას გულისხმობდა. თუმცა, დრომ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის, კუბისა და ირანის მრავალმხრივი დახმარებით მადურომ შეინარჩუნა პოზიციები, ხოლო მის ოპონენტებს ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ.
დღევანდელი მოცემულობა რადიკალურად განსხვავდება 2019 წლის კრიზისისგან. უკრაინის ომით ბოჭილი რუსეთი ვენესუელისთვის ნაკლებ სამხედრო რესურსს იმეტებს, რაც ვაშინგტონისთვის მანევრირების ახალ სივრცეს ქმნის.
ამავდროულად, ირანი რჩება რეჟიმის „ტექნოლოგიურ ფილტვებად“, რომელიც კარაკასს ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის კრიტიკულ რესურსებს აწვდის, ხოლო კუბის სპეცსამსახურები (G2) მადუროს უსაფრთხოების მთავარ გარანტად გვევლინებიან.
მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ტრამპმა დადო პირობა, რომ „ვენესუელის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებდა“. გარდამტეხი მომენტი 2025 წლის მარტში დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა: „კარტელები ამერიკის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ და დადგა დრო, ამერიკამ თავად გამოუცხადოს ომი კარტელებს“.
იმავე წლის სექტემბრიდან ვაშინგტონმა საბოლოოდ უარყო ტრადიციული დიპლომატია და პროცესი აქტიურ, კინეტიკურ კონფლიქტში გადაიყვანა.
ჩაშლილი დიპლომატია: 21 ნოემბრის ულტიმატუმი
სამხედრო ფაზის დაწყებამდე, ვაშინგტონი საკითხის მოლაპარაკებებით გადაჭრას ბოლოჯერ შეეცადა. Reuters-ის ინფორმაციით, გარდამტეხი მომენტი 2025 წლის 21 ნოემბერს დადგა, როდესაც ტრამპსა და მადუროს შორის პირდაპირი სატელეფონო საუბარი შედგა:
-
მადუროს ვაჭრობა: დიქტატორმა გამოხატა მზადყოფნა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ოჯახთან ერთად წასულიყო ქვეყნიდან, თუმცა სანაცვლოდ დაწესებული სანქციების გაუქმებას და საკუთარი გარემოცვის დაახლოებით 100 წევრისთვის სამართლებრივი ამნისტიის გარანტიას ითხოვდა.
-
ულტიმატუმი: პრეზიდენტმა ტრამპმა არ დააკმაყოფილა მადუროს მოთხოვნა და მას ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.
-
წერტილი დიპლომატიას: აღნიშნული ვადა 28 ნოემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც ტრამპმა ვენესუელის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გამოაცხადა და სპეციალურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს, კარაკასთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა უბრძანა.
სტრატეგიული შემობრუნება - „ახალი ქვემეხების დიპლომატია“
2025 წლის სექტემბრიდან თეთრმა სახლმა სრულიად ახალი დოქტრინა აამოქმედა, რომელსაც ანალიტიკოსებმა „ახალი ქვემეხების დიპლომატია“ უწოდეს. ეს გულისხმობს სამხედრო ფლოტის მასიურ კონცენტრაციას პოლიტიკური კაპიტულაციის მისაღწევად. შემოდგომის დასაწყისიდან, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყეს იმ ე.წ. „სწრაფი კატარღების“ სისტემატური განადგურება, რომლებსაც ადმინისტრაციის მტკიცებით, აშშ-ში ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.
22 დეკემბრის მონაცემებით, ამ ტიპის დარტყმებს უკვე 90 ადამიანამდე ემსხვერპლა. ოპერაციები უმეტესწილად Reaper-ის ტიპის დამრტყმელი დრონებითა და Hellfire-ის რაკეტებით ხორციელდება.

საზოგადოებრივი და საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა 2 სექტემბრის „ორმაგ დარტყმას“, როდესაც ადმირალ ბრედლის ბრძანებით, პირველი იერიშის შემდეგ, კატარღასა და გადარჩენილებზე განმეორებითი დარტყმა მიიტანეს. ინციდენტმა ომის დანაშაულის ბრალდებებიც კი წარმოშვა.
ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ცნობებმა ომის მდივან პიტ ჰეგსეტის ზეპირი დირექტივის შესახებ - „დაეხოცათ ყველა“. მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეტი ამას „ყალბ ამბებს“ უწოდებს, მან ბრედლის „ამერიკელი გმირი“ უწოდა და 16 დეკემბერს უარი თქვა ინციდენტის ვიდეომასალის გასაჯაროებაზე.
ოპერაცია „სამხრეთის შუბი“ (Southern Spear) და სრული ბლოკადა
2025 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა დაპირისპირება კულმინაციურ ფაზაში გადაიყვანა, რაც ყველაზე ნათლად ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ დაანონსებით გამოიხატა. სანაპირო დაცვის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ომის დეპარტამენტის კოორდინირებული მოქმედებით მიმდინარეობს. ოპერაციას სამი გაცხადებული მიზანი აქვს:
- სამშობლოს დაცვა: ნარკოტრაფიკის აღკვეთა აშშ-ის საზღვრებამდე;
- ბრძოლა ნარკო-ტერორიზმთან: იერიშები ტერორისტულ საზღვაო ტრანსპორტზე;
- რეგიონული უსაფრთხოება: ამერიკული ჰეგემონიის განმტკიცება და გარე ძალების განდევნა.
აღნიშნულის ფარგლებში, ტრამპმა ოფიციალურად გამოიყენა „ტერორიზმთან ომის“ (War on Terror) პრინციპები, რამაც მას ლეტალური და ფარული ოპერაციების განხორციელების სამართლებრივი თავისუფლება მისცა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს აშშ-ის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგია, სადაც მკაფიოდ გაიწერა ახალი გეოპოლიტიკური ვექტორი: მომდევნო წლების განმავლობაში ვაშინგტონის უმთავრეს პრიორიტეტად დასავლეთ ნახევარსფერო და ლათინური ამერიკა ცხადდება.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკული ინტერესების დაცვა უპირველესად საკუთარ საზღვრებთან და უშუალო რეგიონში უნდა დაიწყოს, რათა აღიკვეთოს გარე ძალების (რუსეთი, ჩინეთი, ირანი) დესტაბილიზაციური გავლენა. ვენესუელის გარშემო სამხედრო მობილიზაცია სწორედ ამ ახალი დოქტრინის პირველი და ყველაზე მასშტაბური გამოხატულებაა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ აშშ აღარ დაუშვებს მტრულად განწყობილი რეჟიმების არსებობას თავის სტრატეგიულ სიახლოვეს.

ვითარება სრულად ახალ ფაზაში 10 დეკემბერს გადავიდა, როდესაც ავიამზიდ Gerald R. Ford-იდან აფრენილმა სპეცრაზმმა ელვისებური რეიდი განახორციელა და დააკავა გიგანტური ტანკერი Skipper.
მალევე ამას მოჰყვა ტრამპის განცხადება: ვენესუელა ნავთობის მიტაცებაში იქნა დადანაშაულებული, რეჟიმი კი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად (FTO) გამოცხადდა.
„ჩვენი აქტივების მოპარვის, ტერორიზმის, ნარკოკონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. დღეს მე გავცემ ბრძანებას ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადის შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსმა შექმნა პრეცედენტი პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვის და ვაშინგტონს ნებისმიერი ეჭვმიტანილი გემის დაკავების ლეგიტიმაცია შესძინა.
სანქცირებულ ტანკერებზე ნადირობა: დაკავებული ხომალდები
ამერიკელი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „სრული ბლოკადა“ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ რიტორიკით და ახალ ფაზაში გადავიდა, რაც სანქცირებული ხომალდების წინააღმდეგ ნადირობაში გამოიხატება.
აშშ-ის საზღვაო ძალები აქტიურად აკონტროლებენ საზღვაო არტერიებს, რათა სრულად გადაკეტონ რეჟიმის შემოსავლების წყაროები და ნავთობის კონტრაბანდული გზები. ამ დროისთვის, დაკავებულია სამი გემი, რომელთა საშუალებითაც ვენესუელა ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებდა:
- Skipper (10 დეკემბერი): გიგანტური ტანკერი, რომელიც გაიანის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა;
- Centuries (20 დეკემბერი): პანამური გემი, რომლის დაკავებაც სტრატეგიის მაქსიმალურ გამკაცრებაზე მიუთითებს;
- Bella 1 (21 დეკემბერი): ირანულ ქსელებთან დაკავშირებული ტანკერი, რომელიც დევნის შედეგად იქნა შეჩერებული.

გარდა ამისა, დღეისთვის, ვენესუელის წყლებში ბლოკირებულია 18 სანქცირებული ტანკერი, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასის 1%-იანი ზრდაც კი განაპირობა.
სამხედრო კონცენტრაცია: ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ არსენალი
აშშ-ის მიერ რეგიონში მობილიზებული სამხედრო რესურსის მასშტაბი უპრეცედენტოა და თავისი მოცულობით მხოლოდ 1962 წლის „კარიბის კრიზისს“ თუ შეედრება.
2025 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, კარიბის ზღვის აუზში, რომელიც აშშ-ის სამხრეთ სარდლობის (SOUTHCOM) პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს, კონცენტრირებულია ამერიკული საზღვაო ფლოტის თითქმის მესამედი.
.png)
მე-12 საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვის აკვატორიაში ამერიკის წამყვან ძალას წარმოადგენს, რომლის ფლაგმანია მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი, რომლესაც თან ახლავს Arleigh Burke-ის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი სამი საესკადრო ნაღმოსანი (გამანადგურებელი): Winston S. Churchill, Mahan და Bainbridge.

- Gerald R. Ford: წარმოადგენს მობილურ ავიაბაზას, რომლის გემბანზეც განთავსებულია მე-8 საავიაციო ფრთა. მისი შემადგენლობა მოიცავს F/A-18 Super Hornet-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად, ისე ზუსტი სახმელეთო დარტყმებისთვის.

- გამანადგურებლები (Churchill, Mahan, Bainbridge): ეს ხომალდები აღჭურვილნი არიან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაანადგურონ სტრატეგიული სახმელეთო სამიზნეები ასეულობით კილომეტრის მოშორებით. ამასთანავე, მათი Aegis-ის ტიპის საბრძოლო სისტემები და SM-6 საზენიტო რაკეტები ქმნიან გაუმტარ საჰაერო ფარს მთელი ფლოტისთვის.
_launches_a_Tomahawk_Land_Attack_Missile_(TLAM)_toward_Iraq.jpg)
ამავე ზონაში დამატებით ოპერირებს სამი დამოუკიდებელი გამანადგურებელი: Thomas Hudner, Jason Dunham და Gravely, ასევე ორი სარაკეტო კრეისერი: Gettysburg და Lake Erie, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სრულ საზღვაო ბლოკადას.

გარდა ამისა, კარიბის ზღვის აკვატორი მობილიზებულია საექსპედიციო და სადესანტო ძალები, შვეულმფრენმზიდი USS Iwo Jima-ს სახელით ცნობილი სადესანტო დაჯგუფება.
- ფუნქცია: ეს ხომალდი, დამხმარე ორ სატრანსპორტ-სადესანტო ხომალდებთან ერთად, მუშაობს როგორც მცირე ავიამზიდი, რომლის გემბანზე განთავსებულია ვერტიკალური აფრენის თვითმფრინავები, სატრანსპორტო შვეულმფრენები და მძიმე ტექნიკა.
- 22nd MEU (22-ე საზღვაო საექსპედიციო, სწრაფი რეაგირების რაზმი): გემებზე დისლოცირებულია 2,300-კაციანი ელიტარული ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს სპეციალური ოპერაციების წარმოების სტატუსი. ეს არის ძალა, რომელიც მზად არის სანაპირო ზოლზე დესანტირებისთვის, ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის ან მაღალი რისკის რეიდებისთვის. მათ მხარდამხარ მოქმედებენ MARSOC-ის (საზღვაო ქვეითთა სპეციალური ოპერაციების სარდლობა) რეიდერები.

სახმელეთო და სადესანტო ძალების მობილიზაცია - სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი აშშ-ის არმიის XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსი:
- 82nd Airborne Division (10,800 სამხედრო): ცნობილია როგორც „ამერიკის მცველი“. მისი დანიშნულებაა მტრის ზურგში პარაშუტებით დესანტირება და სტრატეგიული პლაცდარმების დაკავება ბრძანებიდან 18 საათში.
- 101st Airborne Division (18,000 სამხედრო): საჰაერო-მოიერიშე დივიზია, რომელიც სპეციალიზებულია ვერტმფრენებით სწრაფ გადასროლაზე. მათი ამოცანაა რთული რელიეფის პირობებში მტრის თავდაცვის გარღვევა.
- 7th Special Forces Group („მწვანე ბერეტები“): დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია ლათინურ ამერიკაში არატრადიციულ ომსა და ადგილობრივ ძალებთან კოორდინაციაზე.
საჰაერო უპირატესობა და რადიოელექტრონული ბრძოლა: პუერტო-რიკოს ავიაბაზა „რუზველტ-როუდსი“ რეგიონის უმთავრეს „ჩაუძირავ ავიამზიდად“ გადაიქცა. პენტაგონმა აქ თავი მოუყარა უახლეს ტექნოლოგიებს:
- F-35 Lightning II (სტელს-გამანადგურებლები): ადგილზეა საზღვაო ქვეითთა კორპუსის F-35B (ესკადრილია VMFA-225 "Vikings") და აშშ-ის საჰაერო ძალების F-35A (გადმოისროლეს ვერმონტის ეროვნული გვარდიის 158-ე ავიაფრთიდან). მათი ფუნქციაა შეუმჩნევლად შეაღწიონ ვენესუელის საჰაერო სივრცეში და გაანადგურონ სტრატეგიული სამიზნეები.

- E/A-18G Growler (რადიოელექტრონული ბრძოლა): გარდა ავიამზიდ „ფორდზე“ განთავსებული ჯგუფისა, პენტაგონმა ვაშინგტონის შტატიდან დამატებით გადმოისროლა 132-ე საავიაციო ესკადრილიის 6 ერთეული Growler.
კრიტიკული ინდიკატორი 1: Growler-ის გადასროლა არ არის მხოლოდ ძალის დემონსტრირება. ამ თვითმფრინავს აქვს უაღრესად ვიწრო და სპეციფიკური დანიშნულება - მტრის რადარების, კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების სრული ჩახშობა (Electronic Jamming). მათი სახმელეთო ბაზირება იმის პირდაპირ ინდიკატორად შეიძლება გამოდგეს, რომ აშშ ემზადება რეალური საჰაერო იერიშისთვის, სადაც ვენესუელის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მასში შემავალი კომპლექსები „დაბრმავებული“ უნდა იყოს.

სტრატეგიული მხარდაჭერა და ლოჯისტიკა: ოპერაციის გამართულობას უზრუნველყოფს მძლავრი ლოჯისტიკური ზურგი და სტრატეგიული ავიაცია, რომელიც მუდმივ წნეხში აქცევს რეჟიმის თავდაცვის სისტემებს:
-
სტრატეგიული ავიაცია: B-52H და B-1B სტრატეგიული ბომბდამშენები - მათი მთავარი შეტევითი ძალა JASSM ტიპის მაღალი სიზუსტის სტელს-რაკეტებია, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაანადგურონ სტრატეგიული სამიზნეები ვენესუელის საჰაერო თავდაცვის მოქმედების რადიუსში შესვლის გარეშე;
-
მომარაგების ჯაჭვი: ჰაერში საწვავის გამმართველი KC-135 Stratotanker-ები (სალვადორსა და დომინიკის რესპუბლიკაში) ბომბდამშენების ჰაერში ხანგრძლივ პატრულირებასა და მათ ოპერატიულ მზადყოფნას უზრუნველყოფენ.
-
ლოჯისტიკური ხერხემალი: სადაზვერვო აეროსტატები და გიგანტური სატრანსპორტო C-5M Super Galaxy-ები რეგიონს უწყვეტ რეჟიმში ამარაგებენ საჭირო ამუნიციითა და რესურსებით.
კატარღებზე ნადირობის ტაქტიკა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები საზღვაო ბლოკადისა და კარტელების სწრაფმავალი კატარღების წინააღმდეგ ორ ძირითად საავიაციო პლატფორმას იყენებენ - AC-130J Ghostrider და MQ-9 Reaper. მათი მოქმედების პრინციპი ეფუძნება დაზვერვისა და ცეცხლის მართვის ინტეგრირებულ სისტემას.
MQ-9 Reaper (დამრტყმელი დრონი):
- ფუნქცია: უწყვეტი მეთვალყურეობა, სამიზნის იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, განადგურება.
- ტექნიკური მხარე: აღჭურვილია მულტისპექტრული სამიზნე სისტემით, რაც საშუალებას აძლევს, დიდ მანძილზე, დღისა და ღამის პირობებში, მოახდინოს მცირე ზომის მოძრავი ობიექტების ფიქსაცია.
- შეიარაღება: საჭიროების შემთხვევაში იყენებს AGM-114 Hellfire რაკეტებს წერტილოვანი დარტყმებისთვის.
.jpg)
AC-130J Ghostrider (საავიაციო საარტილერიო პლატფორმა):
- ფუნქცია: პირდაპირი ცეცხლის მხარდაჭერა და სამიზნის განადგურება.
- შეიარაღება: აღჭურვილია 30-მმ-იანი ავტომატური ქვემეხით და 105-მმ-იანი ჰაუბიცით.
- მოქმედების პრინციპი: თვითმფრინავი სამიზნის გარშემო ასრულებს წრიულ მანევრს , რაც საშუალებას აძლევს ბორტზე არსებულ შეიარაღებას, განუწყვეტელი ცეცხლი აწარმოოს ერთი კონკრეტული წერტილის მიმართულებით.
.jpg)
ეს ტაქტიკური წყვილი უზრუნველყოფს სანაპირო ზოლისა და საზღვაო არტერიების სრულ კონტროლს, სადაც, ხშირად, MQ-9 ასრულებს საძიებო, ხოლო AC-130J - უშუალო დამრტყმელ ფუნქციას.
ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში მობილიზებული სპეციალური ოპერაციების ავიაცია მიუთითებს, რომ პენტაგონი, შესაძლოა, უშუალო მოქმედების ეტაპზე გადავიდეს. ამ კომპონენტის მთავარი რგოლებია:
-
CV-22 Osprey და 160-ე პოლკი: ნიუ-მექსიკოს ბაზიდან გადმოისროლეს 10 ერთეული CV-22 Osprey, რომლებიც ელიტარულ 160-ე საავიაციო პოლკთან (Night Stalkers) ერთად, უზრუნველყოფენ სპეცრაზმელების ფარულ შეღწევას (ინფილტრაციას) მტრის ზურგში;

-
75-ე რეინჯერთა პოლკი: მათი ჩართულობა ნიშნავს მზადყოფნას სტრატეგიული აეროდრომების დაკავებისა და ისეთი ელიტარული ქვედანაყოფების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა SEAL Team Six ან Delta Force. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პროცესი შეაფასა, როგორც „საზღვაო პროგრამის ხმელეთზე გაგრძელება“;
-
კრიტიკული ინდიკატორი 2: HH-60W Jolly Green II: რეგიონში სამაშველო შვეულმფრენების გამოჩენა კრიტიკული ინდიკატორია. ეს ნიშნავს, რომ იგეგმება აქტიური საბრძოლო მოქმედებები და მომზადებულია Combat SAR (საბრძოლო სამძებრო-სამაშველო) ჯგუფები ჩამოგდებული პილოტების ან დაჭრილი სპეცრაზმელების სწრაფი ევაკუაციისთვის.

გვიანაში განთავსებული სპეცოპერაციების საკოორდინაციო შტაბი და 14,000 მობილიზებული სამხედრო ადასტურებს, რომ კარაკასის ირგვლივ რკინის ალყა საბოლოოდ შეიკრა. ვაშინგტონს ყველა ბერკეტი აქვს მომზადებული, რათა კრიზისი ნებისმიერ წამს გადავიდეს დასკვნით ფაზაში.
სტრატეგიული ანალიზის მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის ხელში ამჟამად მოქცეულია სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების ფართო პალიტრა. მობილიზებული რესურსი მას საშუალებას აძლევს, მოვლენათა განვითარების დინამიკა საკუთარი შეხედულებისამებრ მართოს.
ექსპერტები გამოყოფენ სამ ძირითად არჩევანს, რომელთა შორის მანევრირებაც თეთრ სახლს შეუძლია:
- ლოკალური დარტყმები: ეს არის „ქირურგიული“ ჩარევის სცენარი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღისა და დრონების გამოყენებას რეჟიმის სამხედრო და ეკონომიკური წერტილების (სამხედრო ობიექტები, საწყობები, ტანკერები, კატარღები) გასანადგურებლად. ეს მინიმუმამდე ამცირებს ამერიკული მხარის დანაკარგებს და მადუროს აიძულებს, მუდმივი შიშის რეჟიმში იმოქმედოს;
- ტოტალური ეკონომიკური და საზღვაო ბლოკადა: მოვლენათა განვითარების ეს გზა მიზნად ისახავს ვენესუელის სრულ „დახშობას“ გარე სამყაროსგან. ამ შემთხვევაში, საზღვაო ფლოტი ფიზიკურად კეტავს ყველა სავაჭრო გზას, რაც რეჟიმს რესურსების გარეშე ტოვებს და აიძულებს მას, შიდა კოლაფსის თავიდან ასაცილებლად კაპიტულაციაზე წავიდეს;
- პირდაპირი ინტერვენცია და რეჟიმის დემონტაჟი: ეს არის ყველაზე რადიკალური არჩევანი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმების, საზღვაო ქვეითებისა და საჰაერო-სადესანტო დივიზიების გამოყენებით რეჟიმის „მოკვეთას“ გულისხმობს.
სამხედრო მობილიზაციის ფონზე, Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევა ვაშინგტონისთვის საყურადღებო სურათს ხატავს.
ამერიკული საზოგადოების უდიდესი ნაწილი რეგიონში ვითარების ყოველგვარ შემდგომ ესკალაციას მკვეთრად უარყოფითად აფასებს.
მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს შორის ნებისმიერი სახის სამხედრო დაპირისპირების გაღრმავება მზარდ პროტესტს იწვევს, რაც პრეზიდენტ ტრამპს რთული დილემის წინაშე აყენებს - დააბალანსოს თავისი რადიკალური სტრატეგია ქვეყნის შიგნით არსებულ ამ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ განწყობებთან.

საბოლოო ჯამში, ამ შესაძლებლობათაგან რომელი იქნება რეალიზებული, მხოლოდ და მხოლოდ დონალდ ტრამპის პერსონალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სამხედრო მანქანა სრულ მზადყოფნაშია და ელოდება ერთადერთ ბრძანებას მთავარსარდლისგან, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წამს შეცვალოს რეგიონის მომავალი.