ბლოკადის გამო, სპარსეთის ყურეში 1 500-მდე გემია ჩაკეტილი - IMO

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ირანული ბლოკადის გამო, სპარსეთის ყურეში დაახლოებით 1 500 გემი და მათი ეკიპაჟები არიან ჩაკეტილი.

ვითარების არსი: ირანმა სრუტის ბლოკირება თებერვლის ბოლოს, აშშ-სა და ისრაელთან ომის დაწყებისთანავე დაიწყო. ეს სრუტე ნავთობისა და გაზის გლობალური მომარაგების საკვანძო მარშრუტია.

  • "ამჟამად ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 000 მეზღვაური და 1 500-მდე გაჭედილი გემი," - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა.
  • მისი თქმით, მსოფლიოში მოხმარებული პროდუქციის 80%-ზე მეტი სწორედ საზღვაო გადაზიდვებზე მოდის.

სტრიქონებს შორის: დომინგესმა ინდუსტრიის ხელმძღვანელებსა და IMO-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ეკიპაჟის გაჭედილი წევრები "არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს სხვა ქვეყნების სასიკეთოდ, თუმცა ისინი აღმოჩნდნენ მათგან დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სიტუაციის ტყვეობაში."

  • მოგვიანებით მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ ხომალდებზე განხორციელებული 30-ზე მეტი თავდასხმის შედეგად "ათი მეზღვაური დაიღუპა."
  • IMO-ს ხელმძღვანელმა კომპანიებს მოუწოდა, თავი აარიდონ გემების სპარსეთის ყურეში გაგზავნას, რათა არ გაიზარდოს მეზღვაურებს შორის მსხვერპლი და თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ეკონომიკური ზარალი.

დიდი სურათი: გუშინ ღამით, შეერთებული შტატების ავიაციამ ირანის ტერიტორია დაბომბა, მათ შორის ჰორმუზის წყლებში მდებარე კუნძული კემში, ხოლო ირანმა 3 ამერიკული სამხედრო გემისკენ რაკეტები და დრონები გაუშვა.

  • ამასთანავე, ამერიკაში ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ მოქმედებს - თეირანმა ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (СENTCOM) ცნობით, საჰაერო დარტყმები ირანის მხრიდან "არაპროვოცირებულ შეტევებზე" პასუხი იყო, ხოლო მათი გემებისკენ გაშვებული რაკეტები და დრონები ჰაერშივე ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები