ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში "პროექტი თავისუფლება" შეაჩერა
დონალდ ტრამპმა, ჰორმუზის სრუტეში ოპერაცია "პროექტი თავისუფლება" შეაჩერა.
დეტალურად: აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პროექტი "მცირე დროით" შეჩერდა, რათა თეირანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობები განიხილოს.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტრამპს უპასუხა, რომ თეირანი მხოლოდ "სამართლიან და ყოვლისმომცველ წინადადებას" დათანხმდება.
- ტრამპის განმარტებით პროექტი პაკისტანის თხოვნით ჩერდება, რომელიც ქვეყნებს შორის მომლაპარაკებლის როლს ასრულებს.
- "ბლოკადა ძალაში რჩება, ხოლო "პროექტი თავისუფლება" მცირე დროით გაჩერდება, რომ გავიგოთ, მიღწევადია თუ არა შეთანხმება".
ნარატივი: 4 მაისს დონალდ ტრამპი ირანს "მიწისაგან პირისა აღგვით" დაემუქრა, თუ თეირანი ამერიკული გემების გადაადგილებას შეაფერხებს.
- ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება.
- "ჩვენ გვირჩევნია მშვიდობის გზა. პრეზიდენტი შეთანხმების დადებაზე თანახმაა". - თქვა რუბიომ.
კონტექსტი: "პროექტი თავისუფლება" აშშ-ს მიერ შემუშავებული სამხედრო ოპერაციაა, რომლის მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენაა.
- გეგმის მიხედვით, სამხედრო კონტინგენტმა სრუტეში გაჩერებული გემები უნდა გააცილოს და შესაძლო ირანული თავდასხმებისგან დაიცვას.
- ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასმა ოდნავ, დაახლოებით 1.7%-ით დაიწია.