აშშ-ის ბლოკადის ფონზე, თეირანმა ომის დასრულების გეგმაზე პასუხი წარადგინა - Axios
Axios-ის რეგიონული წყარო ადასტურებს, რომ ირანმა ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით აშშ-ის ბოლო შესწორებებზე პასუხი უკვე წარადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აქვეყნებს.
ვითარების არსი: ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავს, თეირანის ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ დიპლომატიური პროცესი სრულად არ გაყინულა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კვლავ ინარჩუნებს საზღვაო ბლოკადას და ირანის წინააღმდეგ ახალ სამხედრო მოქმედებებსაც განიხილავს.
- ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, პასუხი ვაშინგტონს ხუთშაბათს, პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა.
დაეწიე ამბავს: შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ომის დასრულების წინადადება შესთავაზა, სადაც ბირთვული მოლაპარაკებები შემდგომი ეტაპისთვის იყო გადადებული.
- თუმცა, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, Axios-ი წერს, რომ ორშაბათს სტივ ვიტკოფმა შესწორებების სია გააგზავნა, რომლის მიზანიც პროექტში ბირთვული საკითხის დაბრუნება იყო.
- ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში ირანმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დაბომბილი ობიექტებიდან გამდიდრებულ ურანს არ გაიტანს და ამ ლოკაციებზე საქმიანობას არ განაახლებს.
- პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანელებს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არიან იქ რეალური ლიდერები.
- ირანული მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ შეთანხმებაზე თავად ტრამპია დამოკიდებული.
კულისებს მიღმა: ბარაკ რავიდი აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს ტრამპმა თეთრი სახლის სათათბირო ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან 45-წუთიანი შეხვედრა გამართა.
- შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი.
- ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, CENTCOM-ის (აშშ-ის ცენტრალური სარდლობა, რომლის პასუხისმგებლობაში შედის ირანი) სარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა და გენშტაბის უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა, პრეზიდენტსა და მის გუნდს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ახალი გეგმები გააცნეს.