მერცთან კამათის ფონზე ტრამპი გერმანიაში ჯარების შემცირებას განიხილავს
გერმანიის კანცლერთან დისტანციური კამათის ფონზე დონალდ ტრამპის თქმით ქვეყანაში განლაგებული ამერიკის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს.
ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს.
- "შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განლაგებული ჯარების რაოდენობის შემცირებას. გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ. მადლობა ყურადღებისთვის"- ნათქვამია ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
წინარეისტორია: გერმანიის კანცლერსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 აპრილს სტუდენტებთან საუბარში, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის დასრულების ეფექტური სტრატეგია არ აქვს.
- "ირანელი ლიდერები და რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამცირებენ ამერიკელ ხალხს"- თქვა მერცმა.
- ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპმა პირველად მომდევნო დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ "მერცმა არ იცის რაზე ლაპაკობს."
დიდი სურათი: გერმანია კონტინენტურ ევროპაში ამერიკის უმსხვილეს სამხედრო ინფრასტრუქტურას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების ლოჯისტიკის უზრუნველყოფაში მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც.
- ქვეყანაში ამერიკის მსხვილი სამხედრო და საწვრთნელი ბაზის გარდა მოქმედებს უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც მათ შორის ირანთან მიმდინარე ომში დაშავებულ ჯარისკაცებს მკურნალობენ.
- ამ დროისთვის გერმანიაში 30-დან 35 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
კონტექსტი: საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე საუბრობს.
- მეტიც, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს 2020 წელს ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცის გამოყვანის ბრძანება გასცა - მიზეზი კანცლერ მერკელის მთავრობასთან თავდაცვის ხარჯებისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე არსებული უთანხმოება იყო.
- ტრამპის გადაწყვეტილება მალევე კონგრესმა დაბლოკა, ხოლო 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა ბრძანება საბოლოოდ გააუქმა.