ჩინეთში დაიწყო გამოძიება არმიის "დარჩენილი" 2 გავლენიანი მეთაურის წინააღმდეგ
ჩინეთში მიმდინარეობს გამოძიება სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის 2 უკიდურესად გავლენიანი გენერლის წინააღმდეგ - ორივე მათგანი არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობის რიგებში ჩატარებულ წმენდების წინა ტალღებს გადაურჩა.
ვითარების არსი: გავლენიანი გენერლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოეძიების შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
- საუბარია გენერალ ჭანგ იოუსიასა და ლიუ ჭენლიზე: ჭანგი სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ცენტრალური კომისიის უფროსი ვიცე-თავმჯდომარეა, ხოლო ლიუ ამავე კომისიის გაერთიანებული შტატების სამსახურის უფროსი, კომისიას თავად სი ძინფინგი თავმჯდომარეობს.
- თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარია "სერიოზულ დისციპლინურ დარღვევებზე" - აღნიშნული ტერმინი ჩინეთში ძირითადად კორუფციის ბრალდებასთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში წმენდა დაკავშირებულია შიდა ფრაქციულ დაპირისპირებებთანაც.
ჩაშლილად: ჭანგი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში მეორე პოზიციით ჩინეთის უმაღლესი რანგის სამხედრო პირად მიიჩნეოდა, გარდა ამისა ის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრიცაა, რომელსაც სულ 24 წევრი ჰყავს.
- ჩინეთის სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ССTV-ის ცნობით, ჭანგი და ლიუ არ ესწრებოდნენ გასულ კვირას სი ძინფინგის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის პარტიულ სემინარს, რამაც საფუძველი დაუდო სპეკულაციების გენერლების პოლიტიკური ბედის შესახებ.
- ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post-ის წყაროს ცნობით ჭანგი დაკავებულია - მას ადანაშაულებენ, რომ ვერ შეძლო კორუფციული ინტერესების აღმოფხვრა მის უახლოეს წრესა და ნათესაობაში.
- ამავე წყაროს ცნობით, ჭანგ იოუსიას ბრალად ედება, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არმიაში არსებული პრობლემების შესახებ.
სტრიქონებს შორის: ამგვარად ცენტრალურ სამხედრო კომისიაში გასულ წლებში განხორციელებული წმენდების შედეგად ამჟამად თავად სი ძინფინგის გარდა, მხოლოდ ერთი გენერალი დარჩა.
- სინოლოგების ცნობით, ეს სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ცენტრალურ სამხედრო კომისია წესდების მიხედვით 7 წევრისგან შედგება.
- საყურადღებოა, რომ ჭანგი ამ კომისიის ერთადერთი წევრი იყო, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა - ის 1970-იანი წლების მიწურულს ვიეტნამთან ომის გმირია.
- ამასთანავე, ცნობილია ჭანგისა და სი ძინფინგის ახლო პერსონალური ურთიერთობების შესახებ - მათი ოჯახები წარმოშობით ერთი და იმავე რეგიონიდან არიან, ხოლო მათი მამების მეგობრები იყვნენ, ისინი ერთად მონაწილეობდნენ ჩინეთის სამოქალაქო ომში.
- კომენტატორების ცნობით, ჭანგი არმიაში სის ყველაზე ახლო მოკავშირედ და სანდო პირად მიიჩნეოდა და სწორედ მას დაეკისრა არმიის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც სიმ 2012 წელს გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ დააინიცირა.
- 2012-2017 წლებში ჭანგი ცენტრალური სამხედრო კომისიის აღჭურვისა და შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
- ის საკვანძო ფიგურა იყო სის მიერ 2015 წელს ინიცირებულ რეფორმაშიც, რომლის ფარგლებში სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ხელმღვანელობის სტრუქტურა საბჭოთა სტილიდან უფრო ამერიკულ, გაერთიანებულ შენაერთთა ოპერაციების კონცეფციაზე უნდა გადასულიყო.
- 2017 წლიდან ჭანგი ცენტრალური სამხედრო კომისიის უმცროს ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა - ამ პოსტზე მისი მთავარი მოვალეობა სის მიერ დასახული მოდერნიზაციისა პროგრამის აღსრულება და მეთვალყურეობა იყო.
- გარდაქმნის ამოცანა 2049 წლისთვის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის "მსოფლიო კლასის ძალად" ქცევა იყო, ხოლო 2027 წლიდან არმიას უნდა შეძლებოდა "ძალის სტრატეგიული პროეცირება."
- სამხედრო კომისიის უფროს ვიცე-თავმჯდომარედ ჭანგი 2022 წლის ყრილობის შედეგად, 72 წლის ასაკში დაინიშნა - მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე გადაჭარბებული ჰქონდა პენსია გასვლის ოფიციალური ასაკი (68 წელი).
დიდი სურათი: გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სი ძინფინგის მიერ ინიცირებული "ტოტალურ ანტი-კორუფციულ" კამპანიას სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმღვანელობის დიდი ნაწილი ემსხვეპლა.
- 2023 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადააყენეს თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი, ლი შანგფუ - ამას მოჰყვა გამოძიებები სახმელეთო, სარაკეტო, საზღვაო და პარამილირატურ ძალების მაღალი რანგის მეთაურების წინააღმდეგ.
- დაპატიმრებულებს შორის აღმოჩნდნენ ტაივანის მიმართულებაზე პასუხისმგებელი სამხედრო ოლქის მეთაურები, ასევე შეიარაღებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების დირექტორები.
- გასულ თვეებში გამართულ პლენუმზე სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ანტი-კორუფციული ძალისხმევა მომდევნო თვეებში უკომპრომისოდ გაგრძელდებოდა და განმარტა, რომ "არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კორუფცია შერჩება."
კონტექსტი: კომენტატორების შეფასებით, ამგვარად სი ძინფინგმა სრული და მტკიცე კონტროლი დაამყარა არამხოლოდ ცენტრალურ სამხედრო კომისიაზე, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე.
- ამასთანავე ისინი აღნიშნავენ, რომ 2-კაციანი ცენტრალური სამხედრო საბჭო ფუნქციური ვერ იქნება და სი საკმაოდ მოკლე ვადებში მოუწევს ახალი მეთაურების დანიშვნა.