WaPo: აშშ ტაივანს $11 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანს 11 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, საარტილერიო დანადგრებს და დრონებს. 

ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა - გადაწყვეტილებას პეკინის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

  • აღნიშნული პაკეტის ფარგლებში ტაივანი 4 მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ის ტიპის სისტემებს მიიღებს, ამდენივე თანხაა გამოყოფილი თვითმავალ ჰაუბიცებზე, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ALTIUS-ის ტიპის დრონებზე. 

ჩაშლილად: თვითმმართველი კუნძულის პრეზიდენტის, ლაი ცინგ-ტეს კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანი გულწრფელად მადლიერია ამერიკის მთავრობის განგრძობადი მხარდაჭერისთვის."

  • ტაივანის თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული შესყიდვისთვის თანხები ცოტა ხნის წინ ინიცირებული თავდაცვის სპეციალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია პარლამენტს. 

  • "გარიგება ემსახურება შეერთებული შტატების ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს და გააუმჯობესებს მიმღები მხარის მზაობას არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

მეორე მხარე: გარიგებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ შეთანხმება "ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და აზიანებს მშვიდობას და ეკონომიკურ სტაბილურობას ტაივანის სრუტეში." 

  • უწყების პრესსპიკერის თქმით, შეთანხმება არასწორ სიგნალს აგზავნის "ტაივანის სეპარატისტულ ძალებთან" და პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება და გმობს მსგავს გარიგებებს. 

დაეწიე ამბავს: ბოლო თვეების განმავლობაში ეს ტაივანსა და აშშ-ს შორის გაფორმებული უკვე მეორე მსხვილი სამხედრო კონტრაქტია - ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ტაივანისთვის 1.3 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიყიდვა. 

  • პენტაგონის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათ უკვე აცნობეს გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციის დასაწყებად საჭირო 30-დღიანი ვადის ათვლა უკვე დაიწყო. 

კონტექსტი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თავდაცვის არასკმარისი ხარჯების კრიტიკის ფონზე გასულ თვეებში ტაივანის მმართველმა პარტიამ თავდაცვის დამატებითი ბიუჯეტის შექმნის შესახებ გამოაცხადა. 

  • ლაი ცინგ-ტეს ცნობით, დამატებით ბიუჯეტში აკუმილირებული 40 მილიარდი დოლარი აუცილებელია კუნძულის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, იმ ფონზე, რომ ჩინეთი ეტაპობრივად ზრდის სამხედრო კონცენტრაციას კუნძულის ირგვლივ. 

  • "ტაივანი არ უნდა გახდეს რეგიონული უსაფრთხოების სუსტი რგოლი. ჩინეთის მიერ ტაივანის ანექსირების სცენარებიდან ყველაზე საშიში არა ძალის გამოყენება, არამედ ჩვენიი დანებებაა"- განაცხადა ლაიმ. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი: ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერლის, ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

  • ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს ის თუნდაც ძალის გამოყენებით. 

  • ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

  • ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს - მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.

  • ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

მსგავსი სიახლეები