ამერიკული ფლოტის მიახლოების ფონზე ტრამპი ამბობს, რომ ირანს გარიგება სურს

რეგიონში ამერიკული ფლოტის გადასროლისა და ირანთან მიახლოების ფონზე დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს სურს გარიგება შეერთებულ შტატებთან. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა Axios-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ტრამპის თქმით, ვითარება რეგიონში სწრაფად იცვლება. 

  • "ჩვენ ირანთან ახლოს ძალიან დიდი არმადა გვყავს, უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან"- თქვა ტრამპმა. 

  • ამერიკელი პრეზიდენტი არ საუბრობს მისთვის წარდგენილი კონკრეტული სამხედრო მოქმედებების გეგმაზე ან მის პრეფერენციებზე. 

  • ტრამპის თქმით, ის კვლავ ღიაა დიპლომატიისთვის - "მათ (რედ. ირანი) სურთ გარიგება, მათ არაერთხელ დარეკეს."

დაეწიე ამბავს: გასულ კვირებში ირანში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდაჭერის შემდეგ, ტრამპი ახლოს იყო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ავტორიზებასთან, თუმცა თანაშემწეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება გადადო. 

  • პარალელურად რეგიონში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კონცენტრაციის ზრდა დაიწყო. 

  • ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, პრეზიდენტს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და მიმდინარე კვირაში ამ საკითხზე დამატებით კონსულტაციებს გამართავს. 

დიდი სურათი: იმავე Axios-ის წყაროების ცნობით, ადმინისტრაციაში პოზიციები გაყოფილია: ზოგი მაღალჩინოსანი ტრამპს ურჩევს დაიცვას მის დაწესებული წითელი ხაზები, ხოლო სხვებს აეჭვებთ საჰაერო დარტყმების ეფექტურობა და მიაჩნიათ, რომ კარგი დროა ახალი ბირთვული შეთანხმებისთვის. 

  • "თუ მანთ ჩვენთან კონტაქტი სურთ, მათ იციან პირობები და მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება გვქონდეს საუბარი"- განაცხადა ტრამპმა. 

კონტექსტი: ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე. 

  • თავის მხრივ ირანში ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ოფიციალურ დონეზე კატეგორიულად გამორიცხავენ ვაშინგტონის მიერ წაყენებულ პირობებზე დათანხმებას. 

სიღრმისეულად: რა სამხედრო საშუალებები გადაჰყავს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში

მსგავსი სიახლეები