რა სამხედრო საშუალებები გადაჰყავს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში
ვაშინგტონში ირანთან დაკავშირებული სამხედრო სტრატეგიის განხილვა კვლავ მწვავე ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა იერიშზე უარი თქვა, ის ადმინისტრაციისგან მაინც ითხოვს ძალისმიერ - მისივე სიტყვებით, „გადამწყვეტ“ სამოქმედო გეგმებს. ეს პროცესი პარალელურად მიჰყვება ირანის შიგნით არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც რეჟიმი ათასობით მომიტინგეს სასტიკი მეთოდებით უსწორდება.
სამხედრო ძალების კონცენტრაცია რეგიონში: თეთრი სახლის რიტორიკას ზურგს უმაგრებს პენტაგონის აქტიური მანევრები. ირანის სიახლოვეს თავს იყრის აშშ-ის საზღვაო და საჰაერო დამრტყმელი დაჯგუფებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბალისტიკური რაკეტებისგან დამცავი საშუალებები.
- აზიიდან რეგიონისკენ უკვე მიემართება ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ თავის დამრტყმელ ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედის სამი გამანადგურებელი ხომალდი.
- ავიამზიდზე განლაგებულია F-35 ტიპის „სტელსის“ ავიაგამანადგურებლები, F/A-18 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები და E/A-18 ტიპის რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.
- F-35 და F/A-18 თვითმფრინავები განკუთვნილია იერიშების მისაყენებლად და საჰაერო ბრძოლებისთვის.
- E/A-18 თვითმფრინავებს სპეციფიკური დანიშნულება აქვთ - მოწინააღმდეგის სარადარო სისტემების მწყობრიდან გამოყვანა, რაც უზრუნველყოფს საჰაერო საშუალებების უსაფრთხო ფრენებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.
- დაჯგუფებაში შემავალი სამი გამანადგურებელი ხომალდი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია - აღნიშნული გემები იყენებენ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს იერიშების მისაყენებლად და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისინი აღჭურვილნი არიან SM-3 და SM-6 ტიპის ანტირაკეტებით, რომლებმაც ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტები უნდა მოიგერიონ.

საჰაერო ძალების კომპონენტი: ამ ეტაპისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში დამატებითი F-15E ტიპის გამანადგურებლები გადავიდა. ისინი იორდანიაში არსებულ ბაზებზე განლაგდნენ.
- ეს მობილიზაცია ტრამპს აძლევს საჭირო „საცეცხლე ძალას“ იმ შემთხვევაში, თუ ის ირანის ობიექტებზე, მათ შორის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბაზებზე დარტყმას გადაწყვეტს.
- აღნიშნული თვითმფრინავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საჰაერო იერიშებთან გამკლავებაშიც - 2024 წლის აპრილში მათ ირანიდან ისრაელისკენ მომავალი დრონების მოგერიებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

საპასუხო დარტყმის საფრთხე: დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის მიერ ირანზე იერიშების მიტანის გადაწყვეტილების შეცვლა გამოწვეული იყო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ საშუალებების დეფიციტით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანიდან მომდინარე ბალისტიკური რაკეტების საფრთხის განეიტრალებაზე.
- თეირანი ვაშინგტონს ღია ომით ემუქრება. პრეზიდენტმა პეზეშკიანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმა უზენაეს ლიდერზე მთელი ერის წინააღმდეგ დაწყებულ ომად ჩაითვლება.
- ამ საფრთხის ფონზე, აშშ რეგიონში, ზემოთ აღნიშნულ საშუალებებთან ერთად, დამატებით Patriot-ისა და THAAD-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, რომლებმაც უნდა დაიცვან მისი ბაზები და მოკავშირეები, განსაკუთრებით კი ისრაელი, რომელმაც ირანთან წინა შეტაკებების დროს რაკეტსაწინააღმდეგო მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურა.
- ამასთანავე, დრონებთან საბრძოლველად რეგიონში გადასროლილია EAGLS-ის სისტემები.

მნიშვნელოვანი დეტალი: აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან შეინიშნება ჰაერში საწვავით გამმართველი თვითმფრინავების აქტივობა, რომლებიც ევროპისკენ მიემართებიან. რამდენიმე მათგანი ესპანეთში არსებულ საჰაერო ბაზებზე დაეშვა.
- აღნიშნული ხომალდები საბრძოლო თვითმფრინავებს ჰაერში ამარაგებენ საწვავით, რაც ზრდის მათ საოპერაციო მანძილს.
- სწორედ ეს თვითმფრინავები უწევდნენ ჰაერში მომარაგებას B-2 „სტელსის“ ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციისას.
- აღსანიშნავია, რომ ირანის ბირთვული რეაქტორის დაბომბვისას აშშ-მა სწორედ ეს გზა აირჩია - ამერიკული ბაზებიდან აფრენილ B-2 ბომბდამშენებს საწვავით მომარაგება ესპანეთის ამ ბაზაზე განლაგებულმა თვითმფრინავებმა გაუწიეს.

დაუდასტურებელი ინფორმაცია: სხვადასხვა სამხედრო ანალიტიკოსმა და ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ჯგუფებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, რომ „ჯორჯ ბუშის“ საავიამზიდო დაჯგუფებამ ორ გამანადგურებელ ხომალდთან ერთად დატოვა დისლოკაციის ადგილი და ატლანტის ოკეანეში შევიდა.
- არსებობს ვარაუდი, რომ ეს დაჯგუფება ხმელთაშუა ზღვაში შევა და ისრაელის სიახლოვეს განლაგდება. ისევე როგორც ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ და მის დაჯგუფებაში შემავალ გამანადგურებელ გემებს, ამ შენაერთსაც ერთდროულად შეუძლია აწარმოოს როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი ოპერაციები.
.png)
პოლიტიკური დილემები და რეჟიმის ცვლილების საკითხი: თეთრ სახლში განიხილავენ როგორც ლოკალურ იერიშებს, ისე ირანის ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობას.
- თუმცა ექსპერტები, მათ შორის გენერალი დევიდ დეპტულა, აფრთხილებენ პრეზიდენტს, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმებით რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია და ეს მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას მოითხოვს.
- გარდა ამისა, არსებობს ძალაუფლების ვაკუუმის საფრთხე: გაურკვეველია, ვინ მართავს ქვეყანას რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, როდესაც ადგილზე ორგანიზებული ოპოზიციური ძალა არ ჩანს.
ეკონომიკური წნეხი vs სამხედრო ინტერვენცია: ადმინისტრაციის ნაწილი, მათ შორის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, მიიჩნევს, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე გამოიღო შედეგი და ირანის ეკონომიკის ჩამოშლაა ის მთავარი მიზეზი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
- ტრამპი კი წინააღმდეგობრივ სიგნალებს აგზავნის: ერთი მხრივ, ის ერიდება „უსასრულო ომებსა“ და დემოკრატიის ექსპორტს, მეორე მხრივ კი აიათოლა ხამენეის „ავადმყოფს“ უწოდებს და ახალი ლიდერის საჭიროებაზე საუბრობს.
სამომავლო პერსპექტივა: ამჟამად ტრამპი აკვირდება მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ამერიკული გაფრთხილების შემდეგ სიკვდილით დასჯის მასობრივი აქტი გააუქმა, თეთრი სახლი მაინც ინარჩუნებს სამხედრო მზადყოფნას.
- გადაწყვეტილების მიღებისას ტრამპს მოუწევს არჩევანის გაკეთება - შემოიფარგლოს წერტილოვანი დარტყმებით, თუ წავიდეს უფრო შორს, რასაც შესაძლოა თვეობით გაწელილი სამხედრო კამპანია მოჰყვეს.