აშშ-ის რა ძალებია განლაგებული ახლო აღმოსავლეთში
ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
ვითარების არსი: ირანში მიმდინარე დემონსტრაციებმა, რომლებიც ორი კვირის წინ ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო, კულმინაციას შაბათს, ინტერნეტის ორდღიანი ბლოკადის ფონზე მიაღწია. აქციებმა ირანის 31-ვე პროვინციის ასობით ქალაქი მოიცვა.
- საპროტესტო აქციების მასშტაბის ზრდასთან ერთად, ისლამურმა რესპუბლიკამ რეპრესიები გაამკაცრა და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთა შესახებ ცნობები, სხვადასხვა წყაროსა თუ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიხედვით, ხუთი ათასიდან ოცი ათასამდე მერყეობს.
გამოხმაურება: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა უპასუხოდ არ დარჩება.
- 13 იანვარს, საკუთარ სოციალურ ქსელში, ამერიკელმა პრეზიდენტმა „ირანელ პატრიოტებს“ პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
- „ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი სახელმწიფო ინსტიტუტები! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA!!! (გახადეთ ირანი კვლავ დიადი!!!)“ - დაწერა პრეზიდენტმა.
- ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანის ლიდერები არ გამოიჩენენ ჰუმანიზმს დაკავებული მომიტინგეების მიმართ და მათ სიკვდილით დასჯიან, აშშ „იმოქმედებს ძალიან ძლიერად“.
ბოლო ცნობები: როგორც სამმა დიპლომატმა განუცხადა სააგენტო Reuters-ს, გარკვეულ პერსონალს მიეცა რეკომენდაცია, ოთხშაბათს საღამომდე დატოვონ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის სამხედრო-საჰაერო ბაზა; ეს ხდება ვაშინგტონის იმ გაფრთხილებების ფონზე, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა აშშ ირანში მომიტინგეების დასაცავად ჩაერიოს.
- კატარის ალ-უდეიდის აშშ-ის სამხედრო ბაზა ყველაზე დიდია ახლო აღმოსავლეთში და იქ განთავსებულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) შტაბი.
- მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ირანის ტერიტორია.
- ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე მზადყოფნის დონე გაიზარდა, რაც, როგორც წესი, მოსალოდნელი თავდასხმების პერიოდში ცხადდება.
სამხედრო შესაძლებლობები: ამ დროისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში ახლო აღმოსავლეთში არცერთი ავიამზიდი და, შესაბამისად, არც საავიამზიდო დაჯგუფება არ იმყოფება, თუმცა მთელ რეგიონში გაშლილია სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები და, ამასთანავე, ავტონომიურად განთავსებულია სამი გამანადგურებელი ხომალდი.
