მოჯთაბა ხამენეის ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და სახეზე დამწვრობა აქვს - NYT
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ალი ხამენეის რეზიდენციის დაბომბვიდან ორი თვის შემდეგ, ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ვითარების არსი: The New York Times-ის ვრცელი სტატიის თანახმად, მოჯთაბა ხამენეი კვლავ მძიმედ არის დაშავებული, იმყოფება იზოლაციაში და ქვეყანას უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების პირობებში მართავს.
- უმცროს ხამენეისთან წვდომა აღწერილია, როგორც "უკიდურესად რთული და შეზღუდული."
- იგი გარშემორტყმულია სპეციალური სამედიცინო გუნდით, რომელშიც შედიან ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი (პროფესიით კარდიოქირურგი) და ჯანდაცვის მინისტრი.
- "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდლები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები თავს არიდებენ მასთან პირად ვიზიტებს იმის შიშით, რომ ისრაელმა შესაძლოა მათ გადაადგილებას თვალი მიადევნოს და ლიდერის სამალავის მდებარეობა დაადგინოს.
ჩაშლილად: ხამენეის ფიზიკური მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა სტაბილური.
- ირანული ოფიციალური წყაროების ცნობით, რომლებმაც The New York Times-ს ინფორმაცია მიაწოდეს, მას ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პროთეზირებას ელოდება.
- ხამენეის ოპერაცია ჩაუტარდა ხელზეც, რომლის ფუნქციაც თანდათან აღდგება.
- მას სახესა და ტუჩებზე მძიმე დამწვრობა აქვს, რაც საუბარს ურთულებს. მოსალოდნელია, რომ მომავალში მას პლასტიკური ოპერაციების სერია დასჭირდება. თუმცა, დაზიანებების მიუხედავად, ოთხი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ის "გონებრივად ფხიზლადაა და მიმდინარე მოვლენებში ჩართულია."
სტრიქონებს შორის: ხამენეიმ უარი თქვა ვიდეორგოლებსა თუ აუდიოჩანაწერებში გამოჩენაზე, რათა საზოგადოების თვალში "სუსტად ან მოწყვლადად" არ გამოჩნდეს.
- ლიდერთან კომუნიკაცია "იატაკქვეშა" სტილის სისტემით მიმდინარეობს: შეტყობინებები მხოლოდ ხელნაწერის სახით, ხელმოწერილი და დალუქული კონვერტებით გადაიცემა კურიერების მეშვეობით, რომლებიც ავტომობილებითა და მოტოციკლებით მეორეხარისხოვანი გზებით მიდიან სამალავამდე. მისი ინსტრუქციებიც იმავე გზით ბრუნდება.
დიდი სურათი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხამენეიმ უფლებამოსილებები "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" გენერლებს გადაუნაწილა. ქვეყანა ახლა "საბჭოს" მოდელით იმართება, სადაც ცენტრალური ფიგურები არიან ჰოსეინ ტაები, მოჰსენ რეზაი და პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი.
- ეს სამეული აღწერილია, როგორც "ძალაუფლების სამკუთხედი."
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში რეფორმისტული ფრაქციის წევრებიც მონაწილეობენ, გადამწყვეტი ხმა სამხედროებს აქვთ. ეს გავლენა ამ კვირაშიც გამოჩნდა, როდესაც პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ირანული დელეგაციის ვიზიტი მოულოდნელად გაუქმდა.
- მაშინ, როცა პრეზიდენტი ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკურ ზარალზე (დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი) საუბრობდნენ და სანქციების მოსახსნელად შეთანხმების მიღწევას ითხოვდნენ, გენერლები ამტკიცებდნენ, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და ჰორმუზის სრუტის ირგვლივ არსებული დავის ფონზე.
- "საბოლოოდ, გენერლებმა გაიმარჯვეს და მოლაპარაკებები ჩაიშალა." - ნათქვამია სტატიაში.