ისრაელი: ირანული ტერორისტული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და "შინ ბეთის" (შიდა დაზვერვა - რედ.) ერთობლივი განცხადებით, ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა ირანული ტერორისტული ქსელი, რომელიც თავდასხმას გეგმავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე და სხვა ობიექტებზე.
ვითარების არსი: ქსელის წამყვანი ოპერატიული მუშაკები ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს მოკლეს.
- აზერბაიჯანმა მარტში განაცხადა, რომ აღკვეთა ირანული ტერორისტული თავდასხმების სერია მის ტერიტორიაზე, მათ შორის ბაქოში ისრაელის საელჩოზე, სინაგოგასა და ებრაული თემის ლიდერებზე.
- აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ მათ "აღკვეთეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები და სადაზვერვო ოპერაციები აზერბაიჯანში."
- სამიზნეებს შორის ასევე იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც საქართველოზე და თურქეთზე გადის და ისრაელის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მესამედს ატარებს. ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანის მინიმუმ შვიდი მოქალაქეა დაკავებული.
ჩაშლილად: ისრაელის განცხადების თანახმად, დაჯგუფებამ აზერბაიჯანში ასაფეთქებელი დრონები შეიტანა და ირანელი კურატორების პირდაპირი მითითებით პოტენციურ სამიზნეებზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. ამ დაკავებებმა გამოიწვია ტერორისტული ქსელისა და მისი იერარქიის სრული გამოაშკარავება.
- რაჰმან მოყადამი, გუშაგთა კორპუსის დაზვერვის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს (4000) ხელმძღვანელი, რომელიც ამ ქსელს კურირებდა, ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისშივე მოკლეს.
- ის ახორციელებდა აგენტების რეკრუტირებასა და წვრთნას ირანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სთხოვდა მათ ინფორმაციის შეგროვებას ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებზე, უსაფრთხოების მაღალჩინოსნებზე, ისრაელისა და დასავლეთის სამხედრო ობიექტებზე, პორტებსა და ისრაელის გემებზე მთელ მსოფლიოში.
- მოყადამი მუშაობდა გუშაგთა კორპუსის დაზვერვის მაღალჩინოსნის, მაჯიდ ხადემის დაქვემდებარებაში, რომელიც ასევე მოკლა ისრაელმა ომის დროს.
დიდი სურათი: ქსელის კიდევ ერთი ცენტრალური ფიგურა იყო მოჰსენ სური, რომელიც ტერორისტულ უჯრედებს ირანის გარეთ ხვდებოდა და ლიკვიდირებულია გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად.
- მაჰდი იექე-დეჰღანი, ზედმეტსახელად "ექიმი", ხელმძღვანელობდა ქსელს აზერბაიჯანსა და მის მიღმა.
- მისი როლი იანვარში გამოიკვეთა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ ხუთ პროვინციაში ჩატარებული რეიდების შედეგად ექვსი პირი დააკავა ირანის სასარგებლოდ პოლიტიკურ და სამხედრო ჯაშუშობაში ბრალდებით.
- იექე-დეჰღანი პირდაპირ მართავდა ამ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა დრონების კონტრაბანდას ირანიდან, თურქეთის გავლით კვიპროსზე და აგროვებდა მონაცემებს ინჯირლიქის ბაზაზე მყოფ აშშ-ის ძალებზე.
კონტექსტი: ისრაელის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე, ირამმა გააორმაგა ძალისხმევა საზღვარგარეთ ტერორისტული უჯრედების შესაქმნელად და თავდასხმების განსახორციელებლად.