რუსეთში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი აიღეს

რუსეთში, ქალაქ ტომსკში, სტალინური რეპრესიების მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მემორიალი აიღეს.

ვითარების არსი: ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთში "წითელი ტერორის" მსხვერპლთა მემორიალი გააქრეს. აქამდე ხელისუფლების გადაწყვეტილებით რეპრესირებულთა შესახებ მხოლოდ ცალკეული მემორიალური ობიექტები აუღიათ.

  • 19 აპრილის დილას, არარეგისტრირებული პარტია "რასვეტის" ადგილობრივმა წევრმა ანტონ ისაკოვმა შეამჩნია, რომ "ნკვდ-ს მუზეუმთა" აღმართული მემორიალი ჯებირებით არის შემოღობილი.

  • მოგვიანებით თვითმხილველებმა ისაკოვს დაუდასტურეს, რომ მემორიალი აღებულია.

  • იმავე დღეს ქალაქის ადმინისტრაციამ საკუთარ საიტზე დაწერა, რომ მემორიალის აღება ახლოს მყოფი ავტოფარეხის „ჩამონგრევის საშიშროების“ გამო მოხდა. მოგვიანებით განცხადება საიტიდან წაიშალა.

  • ისაკოვმა დაწერა, რომ მერიის განცხადება ავტოფარეხის "ჩამონგრევის საშიშროების შესახებ, არადამაჯერებლად გამოიყურება".

კონტექსტი: უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის რეგიონებში რეპრესიების მსხვერპლებისადმი მიძღვნილი არაერთი ძეგლი დააზიანეს. 

  • დაზიანებული ძეგლების უმეტესობა დეპორტირებულ ან მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში დატყვევებულ პოლონელებს, ლიეტუველებსა და ფინელებს ეძღვნებოდა.

  • გარდა ამისა, დაზიანდა რეპრესირებული უკრაინელებისადმი მიძღვნილი ძეგლებიც.

  • ტომსკის შემთხვევამდე რეპრესირებულებისადმი მიძღვნილი ყველაზე მსხვილი ძეგლი 2025 წელს მოსკოვში აიღეს.

წინარე ისტორია: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ტომსკში 1992 წელს, მერიისა და საზოგადოება "მემორიალის" ინიციატივით გაიხსნა.

  • მემორიალზე მუშაობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით 1989 წლიდან მიმდინარეობდა. 

  • აღსანიშნავია, რომ ტომსკში არსებული მემორიალური კომპლექსი, რომელიც "მემორიალის" მონაწილეობით აშენდა, სულ რაღაც 10 დღეში აიღეს მას შემდეგ, რაც 9 აპრილს უზენაესმა სასამართლომ არარსებული "საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა მემორიალი ექსტრემისტულად" გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები