რუბიო: ირანის ლიდერებში განხეთქილებაა, თუმცა სრული ძალაუფლება 'რადიკალებს' აქვთ
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ამ დროისთვის მშვიდობის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება ირანის ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილებაა.
ვითარების არსი: ამის შესახებ რუბიომ, რომელიც პარალელურად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიცაა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
- რუბიოს თქმით, ირანის ხელმძღვანელობა 2 ბანაკად გაიყო: ლიდერებად, რომლებიც ხვდებიან, რომლებსაც ესმით ვითარების სირთულე და ეკონომიკური აღდგენის საჭიროება და ლიდერებად, რომლებიც მხოლოდ თეოლოგიური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ.
- "სამწუხაროდ ამ ქვეყანაში (რედ. ირანი) აბსოლიტური ძალაუფლება აქვთ ე.წ. მკაცრი ხაზის მიმდევრებს მომავლის აპოკალიპტური ხედვით"- თქვა რუბიომ.
ჩაშლილად: სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანელები, რომლებთანაც ამერიკელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს იძულებულები არიან მოლაპარაკებები აწარმოონ ქვეყნის შიგნით სხვა, მათზე გავლენიან ლიდერებთან.
- მკაცრი ხაზის მიმდევრებს რუბიოს აზრით მიეკუთვნებიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები, ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი და მასთან დაკავშირებული საბჭო.
- მეორე ბანაკს რუბიომ მიაკუთვნა პრეზიდენტი ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.
- ამასთანავე რუბიოს აზრით, ეს შიდა ფრაქციული დაპირისპირება ისლამურ რესპუბლიკაში ყოველთვის არსებობდა, თუმცა ბოლო კვირებში ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა.
დიდი სურათი: ირანის ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილების შესახებ გასულ დღეებში აქტიურად წერდა როგორც ირანული, ასევე დასავლური მედიაც.
- წყაროების ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები ეწინააღმდეგებიან აშშ-სთან დათმობებს და ასევე ქვეყნის ბირთვული პროგრამის პარამეტრების განხილვას.
- ამ დაპირისპირების ფონზე პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა.
კონტექსტი: გასულ დღეებში პაკისტანში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, საიდანაც ომანში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
- გამოცემა Axios-ის ცნობით, არაღჩიმ შუამავლებს ირანის ახალი გეგმა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინების ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანისთვის დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნას და ბირთვული პროგრამის საკითხის მომავლისთვის გადადებას.
სიღრმისეულად: WSJ: ირანის მმართველ წრეებში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მზარდი განხეთქილებაა