უკანასკნელი მცდელობა: ირანი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს განიხილავენ
ირანი და აშშ შუამავლების მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგენილ დოკუმენტს განიხილავენ - ეს მოლაპარაკების ბოლო მცდელობაა, რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც ესკალაცია გარდაუვალია.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
- მოლაპარაკებები ირანს და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს და პროცესში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
- წყაროების ცნობით, შეთანხმების მიღწევის შანსი "არ არის მაღალი."
ჩაშლილად: ამერიკული წყაროების ცნობით, გასულ დღეებში ისლამურ რესპუბლიკას რამდენიმე წინადადება გადასცეს, თუმცა ირანელები ამ დრომდე უარზე არიან.
- დოკუმენტი, რომელსაც მხარეები ამჟამად განიხილავენ ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას 45 დღით, რა დროშიც უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი შეთანხმების მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში ზავის ვადა გაგრძელდება.
- ამასთანავე ვითარებაში გაცნობიერებული წყაროები მიუთითებენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე შეთანხმება ვერ იქნება მყისიერი და შესაძლებელია მხოლოდ დიდი შეთანხმების ნაწილი იყოს.
სტრიქონებს შორის: ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგი ირანის მთავარი სავაჭრო მონეტებია და ნაკლებად სავარაუდოა ისლამურმა რესპუბლიკამ ის 45-დღიანი ზავის ნაცვლად დათმოს.
- მიუხედავად ამისა, შუამავლებს სურთ, რომ ირანი ორივე საკითხზე ნაწილობრივ დათმობებზე შეთანხმების პირველივე ფაზაში წავიდეს.
- ირანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ღაზას ან ლიბანის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ, როდესაც ორივეგან ქაღალდზე ზავი მოქმედებს, მაგრამ ისრაელი საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში დაუსჯელად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.
კონტექსტი: დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირებში ირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს იწურებოდა, თუმცა კვირას საღამოს ამერიკელმა პრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა 20 საათით გაახანგრძლივა.
- იმავე Axios-სთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან "სიღრმისეული" მოლაპარაკებები მიმდიანრეობს და შეთანხმების მიღწევა მის მიერ დაწესებულ ვადებში შესაძლებელია.
- "თუ ისინი არ წამოვლენ შეთანხმებაზე, ირანში ყველაფერს ავაფეთქებ"- ამბობს ამერიკელი პრეზიდენტი.