იანვრიდან დღემდე უკრაინამ 480 კმ² ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა - სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, იანვრის ბოლოდან დღემდე, უკრაინამ ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში 480 კმ² ტერიტორია დაიბრუნა.

დეტალები: ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ სირსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ კონტროლი აღადგინა დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 დასახლებულ პუნქტზე, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში 4 დასახლებაზე. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ასევე ამბობს, რომ უკრაინის წარმატების მიუხედავად, რუსული ჯარები გაზაფხულის შეტევას განაგრძობენ.

  • „რუსული მხარე არ ცვლის სამომავლო შეტევით გეგმებს და ამჟამად ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადაჯგუფების პროცესშია.“ - დაწერა სირსკიმ „ტელეგრამზე“ 5 აპრილს.

ვითარების არსი: სირსკი ასევე აცხადებს, რომ „ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ მიზნად ისახავენ უკრაინული ტერიტორიების ხელში ჩაგდებასა და დნეპროპეტროვსკის ოლქში "ბუფერული ზონის" შექმნას“.

  • მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები თავდაცვით პოზიციებს "სტაბილურად" ინარჩუნებენ და "ანადგურებენ ოკუპანტების ცოცხალ ძალას, შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას."

ამავე თემაზე ისაუბრა გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან განაცხადა, რომ 2025 წლის შუა პერიოდიდან ფრონტზე არსებული ვითარება ქვეყნისთვის ყველაზე ხელსაყრელია.

მსგავსი სიახლეები