შავ ზღვაში "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერზე აფეთქება მოხდა

შავი ზღვის აუზში, თურქეთის სანაპიროსთან, რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ერთ-ერთ ტანკერზე აფეთქება მოხდა.

ჩაშლილად: ნოვოროსიისკის პორტიდან გამოსულ რუსულ ტანკერს 140 000 ტონა ნავთობი გადაჰქონდა.

  • გემი ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული.
  • 2025 წლიდან გემი თურქეთის მფლობელობაშია.
  • თურქული მედიის ინფორმაციით ტანკერს საზღვაო დრონი დაეჯახა.
  • ადგილზე მუშაობს თურქეთის საზღვაო უსაფრთხოებისა და სანაპირო დაცვის სამსახურები, ასევე მრავალფუნქციური სამაშველო გემი.

წინარე ისტორია: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერებზე იერიში მიაქვთ.

  • 13 იანვარს თავდასხმა მოხდა ბერძნული კომპანიის მფლობელობაში მყოფ 3 ტანკერზე.
  • 2025 წლის 28 ნოემბერს იერიში მიიტანეს გამბიის დროშის ქვეშ მოძრავ ორ ტანკერზე. ორივე გემი ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იყო.
  • თურქეთის სანაპიროსთან ახლო წარსულში გემ Elbus-ზე მოხდა აფეთქება.

კონტექსტი: ე.წ. ჩრდილოვანი არის მოძველებული ტანკერების ქსელი, რომელსაც მოსკოვი დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით იყენებს.

  • ეს გემები ხშირად რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში, ატარებენ ისეთი ქვეყნების დროშებს, რომლებსაც საზღვაო რეგულაციებზე სუსტი კონტროლი აქვთ, და მათი რეალური მფლობელების ვინაობა რთული სქემებით არის შენიღბული.
  • მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ პერიოდულად აფართოებენ სანქციებს კონკრეტული ტანკერების წინააღმდეგ, რუსეთი განაგრძობს ამ ქსელის შევსებას გლობალურ ბაზარზე მეორადი გემების შესყიდვით.

მსგავსი სიახლეები