უკრაინა ფრონტზე ინიციატივის მოპოვებას იწყებს - The Economist
თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში უკრაინამ, როგორც ჩანს, ფრონტზე ინიციატივა პირველად მოიპოვა. The Economist-ი ამას სამხედრო ანალიტიკოსებსა და ბრძოლის ველის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე უპირატესობას ეუფლებიან. რუსული შეტევა ტემპს კარგავს, უკრაინული დრონები კი სულ უფრო ღრმად ურტყამენ რუსეთის ზურგს.
- გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის საგაზაფხულო იერიში ჩავარდა, ოკუპანტების დანაკარგები იზრდება, უკრაინა კი შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის სიღრმეში სულ უფრო ხშირად ახორციელებს.
დეტალები: ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, აპრილში რუსულმა ჯარებმა, 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, პირველად დაკარგეს ტერიტორიები. ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთმა კონტროლი 113 კვ. კმ-ზე დაკარგა.
- უკრაინის წარმატებას ექსპერტები კონტრშეტევებს, საშუალო მანძილის დრონების დარტყმებს, რუსული ძალებისთვის Starlink-ის გათიშვასა და რუსეთში „ტელეგრამის“ მუშაობის შეფერხებას უკავშირებენ.
- ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორმა, ლოურენს ფრიდმანმა მიმდინარე მოვლენებს ომის „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, თუ რუსული არმია შედეგს ვერ აჩვენებს, „ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა ფრონტი ჩამოიშალოს“.
რუსეთის დანაკარგები: ჟურნალის ცნობით, რუსული არმიის ყოველთვიური დანაკარგი 35 ათას ადამიანს აღწევს, რაც ახალი კონტრაქტორების აყვანის ტემპს აჭარბებს.
- თუ გასულ წლამდე რუსეთის ერთ დაღუპულ სამხედროზე ორი-სამი დაჭრილი მოდიოდა, ახლა ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთი ყოველ ერთ დაჭრილზე თითქმის ორ მოკლულს კარგავს.
- The Economist-ი ამას FPV-დრონების მასობრივ გამოყენებას უკავშირებს. სავარაუდოდ, ფრონტზე დანაკარგების 80% სწორედ უპილოტო აპარატებზე მოდის.
- ასაფეთქებელი დრონები არა მხოლოდ თავს ესხმიან ჯარისკაცებს, არამედ დაჭრილთა ევაკუაციასაც უკიდურესად ართულებენ.
დარტყმები ზურგში: ფრიდმანის თქმით, დრონების სამიზნე ზონა რუსეთის სიღრმეში გადაინაცვლებს. ლოჯისტიკასა და ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშები რუსულ არმიას შეტევით ოპერაციებს უმძიმებს.
- მარტში უკრაინამ შორ მანძილზე დრონებით შეტევების რაოდენობით რუსეთს პირველად გადაასწრო. რეგულარული დარტყმების სამიზნე ახლა უკრაინის საზღვრიდან 2000 კმ-მდე დაშორებული ობიექტებია.
- უკრაინული დრონების წვდომის ზონაში რუსეთის მოსახლეობის 70% აღმოჩნდა. სეთ ჯონსი, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან, აცხადებს, რომ ეს შეტევები რუსეთს „ფსიქოლოგიურ ზიანს“ აყენებს.
გამოცემის მთავარი კითხვა: მეტყველებს თუ არა რუსეთის წარუმატებლობა კრემლის რესურსების ამოწურვაზე? ფრიდმანი მიიჩნევს, რომ ბევრი რამ უახლოეს თვეებზე და იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინული დრონების სწრაფ განვითარებასთან გამკლავებას.