Reuters: ტრამპი განიხილავს ირანზე დარტყმებს საპროტესტო გამოსვლების გასაახლებლად
დონალდ ტრამპი განიხილავს საჰაერო დარტყმების განხორციელებას ირანის წინააღმდეგ, მათ შორის საუბარია ძალოვანი უწყებებისა შტაბებსა და მათ ხელძღვანელობაზე - ამერიკელი პრეზიდენტის აზრით, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალ საპროტესტო გამოსვლებს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- შიდა განხილვებში გაცნობიერებული ამერიკული წყაროების ცნობით, ტრამპს სურს რეჟიმის ცვლილებისთვის "საჭირო პირობების" შექმნა.
- ამ კონტექსტში ამერიკელი პრეზიდენტი განიხილავს წერტილოვან დარტყმებს იმ უწყებებისა და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობდნენ.
- "მიზანია, დემონსტრანტებს ჰქონდათ თავდაჯერება, რომ მათ შეუძლიათ ძალოვანი უწყებების შტაბებისა და სამთავრობო შენობების დაკავება"- ნათქვამია მასალაში.
- ამასთანავე, წყაროები მიუთითებენ, რომ ტრამპს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება არც კონკრეტულ სამხედრო ნაბიჯებზე და არც ზოგადად პირდაპირი სამხედრო ჩარევის შესახებ.
ჩაშლილად: პარალელურად, ტრამპის გუნდი განიხილავს უფრო მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს, რომლის მიზანიც ირანის დარჩენილი ბირთვული ობიექტები და შორეული ბალისტიკური რაკეტების საწარმოები და საწყობები იქნება.
- ამერიკის რეგიონული მოკავშირეების აზრით, მათ შორის ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნების აზრით, საჰაერო დარტყმები არ იქნება საკმარისი რეჟიმის შესაცვლელად, მეტიც მათი აზრით, საჰაერო დარტყმებმა დასუსტების ნაცვლად შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ისლამური რესპუბლიკა.
- რეგიონის არაბული ქვეყნები, ასევე არ ემხრობიან ესკალაციას და მიიჩნევენ, რომ სამხედრო მოქმედების რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური სარგებელი.
- ისრაელში, ასევე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, განხეთქილებას რეჟიმის უმაღლეს ეშელონებში და ფიქრობენ, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ალი ხამენეი მტკიცე კონტროლს ინარჩუნებს.
მეორე მხარე: ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან სამხედრო კონფრონტაციისთვის და აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ნებისმიერი კინეტიკური ქმედება, იქნება ეს წერტილოვანი დარტყმა თუ სხვა შეფასდება როგორც სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადება.
- ამასთანავე, ირანში ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა გამორიცხავენ ამერიკული ადმინისტრაციის მიერ წაყენებული პირობების დაკმაყოფილებას.
კონტექსტი: 28 იანვარს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს და განაცხადა, რომ დრო იწურება.
- "ჩვენ ირანთან ახლოს ძალიან დიდი არმადა გვყავს, უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან"- თქვა ტრამპმა.
დაეწიე ამბავს: გასულ კვირებში ირანში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდაჭერის შემდეგ, ტრამპი ახლოს იყო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ავტორიზებასთან, თუმცა თანაშემწეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება გადადო.
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.