გასულ წელს აშშ-მა უკრაინისგან ანტი-დრონების შეთავაზება უარყო - axios
შვიდი თვის წინ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა სცადეს აშშ-ისთვის მიეყიდათ ირანული უპილოტო დრონების ჩამოსაგდებად აუცილებელი, ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგია, თუმცა ვაშინგტონმა შეთავაზება უარყო.
ვითარების არსი: გამოცემა Axios-ის თანახმად, უკრაინულმა მხარემ ამერიკელი კოლეგებისთვის სპეციალური პრეზენტაციაც კი მოამზადეს, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები, თუ როგორ შეეძლო ამ ტექნოლოგიას აშშ-ის ძალებისა და მათი მოკავშირეების დაცვა ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელი ომის დროს.
- ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინელებს უარი უთხრა, თუმცა გასულ კვირას, ირანის მხრიდან დრონების მოულოდნელად მასშტაბური იერიშების გამო, პოზიცია შეიცვალა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინის შეთავაზების უგულებელყოფა ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაქტიკური შეცდომაა 28 თებერვალს ირანზე დაბომბვების დაწყების შემდეგ.
- ირანულ იაფფასიან „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკავშირდება შვიდი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე და ამერიკასა და მის მოკავშირეებს რეგიონში მათი ჩამოგდება მილიონობით დოლარი უჯდებათ.
დეტალები: უკრაინა მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ქვეყანაა „შაჰედებთან“ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი ყიდულობს, აწარმოებს და „გერანის“ სახელით ათასობით იყენებს უკრაინაში შეჭრისთვის.
- უკრაინამ შეიმუშავა დაბალბიუჯეტიანი გადამჭერი/ჩამომგდები დრონი და სხვადასხვა საშუალება „შაჰედების“ გასანადგურებლად.
კულისებს მიღმა: 18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა გადამჭერი დრონები, როგორც ორმხრივი კავშირების გაძლიერების საშუალება და, როგორც ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, მადლიერების ნიშანი რუსული აგრესიის წინაშე აშშ-ის მხარდაჭერისთვის.
- შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია ახლო აღმოსავლეთის რუკითა და წინასწარმეტყველური გაფრთხილებით: „ირანი აუმჯობესებს თავისი „შაჰედის“ დიზაინს“.
- მათ შესთავაზეს თურქეთში, იორდანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც აშშ-ის ბაზებია, „დრონების საწინააღმდეგო კედლების“ შექმნა.
ინტრიგა: „აგვისტოს შეხვედრაზე ტრამპმა თავის გუნდს დაავალა ამაზე მუშაობა, მაგრამ მათ არაფერი გაუკეთებიათ“, - აცხადებს უკრაინელი ოფიციალური პირი.
- აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც პრეზენტაცია ნახა, დაადასტურა, რომ ზელენსკის გუნდმა ის ადმინისტრაციას წარუდგინა, თუმცა ივარაუდა, რომ ტრამპის გარემოცვაში ეს ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან მორიგ „თვითპიარად“ აღიქვეს და მიიჩნიეს, რომ ის დიდ პატივისცემას არ იმსახურებდა
- „ვიფიქრეთ, რომ ეს ზელენსკის ჩვეული საქციელი იყო. ვიღაცამ გადაწყვიტა, არ გვეყიდა“, - განაცხადა წყარომ.
- თუმცა, გასულ ხუთშაბათს, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა ოფიციალურად სთხოვა ზელენსკის დახმარება დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით.
სურათი სრულად: ტექნოლოგიების საჭიროება მწვავედ დგას პენტაგონში, სადაც აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს, „დრონების კაცსაც“ კი ეძახიან. ტრამპის ვაჟებმა ორშაბათს ახალი ბიზნესის წამოწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც პენტაგონს უკრაინული დრონების ტექნოლოგიით მოამარაგებს.
ციფრებში: „შაჰედის“ ღირებულება 20-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს, უკრაინული გადამჭერები კი უფრო იაფია. ასეთი იაფი სამიზნეების მრავალმილიონიანი რაკეტებით განადგურება დიდი პრობლემაა.