ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ფიცომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას "სახიფათო" უწოდა - Politico
Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ 22 იანვარს, ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგანგებო სამიტისას, ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრამ და აშშ-ის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ იგი შოკში ჩააგდო.
ვითარების არსი: ორმა დიპლომატმა გამოცემას აცნობა, რომ ფიცო, რომელიც ხშირად იზიარებს ტრამპის პოზიციას ევროპის სუსტ მხარეებთან დაკავშირებით, შეშფოთებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური მდგომარეობით."
- მათი თქმით, ფიცომ გამოიყენა სიტყვა "სახიფათო," რათა აღეწერა, თუ როგორ გამოიყურებოდა აშშ-ის პრეზიდენტი მათი შეხვედრისას, რომელიც 17 იანვარს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში შედგა.
- დიპლომატების თქმით, სლოვაკეთის პრემიერმა ეს ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერთან და მაღალჩინოსანთან არაფორმალური შეხვედრისას აღნიშნა და არა ოფიციალურ მოლაპარაკებებზე.
დაეწიე ამბავს: პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ოთხი სხვადასხვა მთავრობის დიპლომატმა და ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა უთხრა ტრამპმა ფიცოს, რამაც მასში მსგავსი რეაქცია გამოიწვია.
- "ფიცოს კომენტარები განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ის ევროპაში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მხარდამჭერი პოლიტიკოსია. მარ-ა-ლაგოში შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში იგი ტრაბახობდა პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობით და მხარს უჭერდა ვაშინგტონის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ," - წერს გამოცემა.
დიდი სურათი: ფიცოს წარმომადგენელმა Politico-ს კომენტარზე მოთხოვნას არ უპასუხა. ამავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ განაცხადა, რომ "ეს არის აბსოლუტური ფეიკ-ნიუსი ანონიმური ევროპელი დიპლომატებისგან, რომლებიც ცდილობენ აქტუალურები იყვნენ. შეხვედრა მარ-ა-ლაგოში პოზიტიური და პროდუქტიული იყო."
- თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს რაიმე უხერხული მომენტი და შეხვედრა იყო "სასიამოვნო და ნორმალური."
კონტექსტი: 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ფიცომ უარი თქვა დონალდ ტრამპის მიერ ახლადშექმნილ "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებაზე.
- "ახლა ჩემი სახელით ვამბობ: მიმაჩნია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკამ დიდი მადლიერებით უნდა უარყოს ეს მიწვევა, რათა მასზე მეტი დრო აღარ დავხარჯოთ. მიუხედავად ამისა, სლოვაკეთი დარჩება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყოველთვის მოუწოდებდნენ მშვიდობისკენ," - განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.