ნატოს გაფართოების შეწყვეტა და ბალანსი რუსეთთან - აშშ-ს ახალი სტრატეგია

ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მიხედვით, ვაშინგტონის პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება, ჩინეთის გავლენის ზრდის შეკავება და რუსეთთან ახალი სტრატეგიული ბალანსის მიღწევა.

ვითარების არსი: განახლებული დოკუმენტი რამდენიმე საათის წინ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

  • ეს არის კონგრესის მიერ უფლებამოსილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ადმინისტრაციის მიდგომა და მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები მსოფლიოს ყველა რეგიონში.

დაეწიე ამბავს: დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული სტრატეგიისგან - განახლებულ ვერსიაში აღარ არის საუბარი უკრაინის დახმარებასა და რუსეთის შეკავებაზე.

  • 2022 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, წლევანდელი ვერსია საგრძნობლად მოკლეა და 33-გვერდიანია. ასევე ამოღებულია ქვეთავი რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ევროპის მიმართ პოლიტიკის ქვეთავშია.

ჩაშლილად: დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლებში ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება და რეგიონში მთავარი მეტოქეების გავლენის სრულად აღმოფხვრა.

  • ეს მიდგომა დახასიათებულია როგორც „ტრამპის დანამატი მონროს დოქტრინაზე“ – საუბარია მე-19 საუკუნეში პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ გაჟღერებულ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ნახევარსფერო აშშ-ის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

  • „დრო, როდესაც აშშ ატლანტის მსგავსად უზრუნველყოფდა მსოფლიო წესრიგს, დასრულდა“ - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც რეგიონზე ფოკუსი ხელს შეუწყობს აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოებას, უკონტროლო მიგრაციისა და ნარკოტრაფიკის შეწყვეტას.

რასთან გვაქვს საქმე: სტრატეგია მწვავედ კრიტიკულია ევროპელი მოკავშირეების მიმართ და ნათქვამია, რომ კონტინენტი „ცივილიზაციური ეროზიის“ რისკის წინაშეა.

  • „ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგობაშია ევროპულ მთავრობებთან, რომლებსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“ - ნათქვამია დოკუმენტში.

  • ამასთანავე, ამ ქვეყნების ლიდერები დოკუმენტში დახასიათებულნი არიან როგორც „უმცირესობის, არასტაბილური მთავრობები“ - ასევე ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ევროპული ქვეყნები უწყობენ ხელს რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას.

  • „ფართო ევროპულ უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა მათი სურვილი არ ითარგმნება პოლიტიკაში, დიდწილად ამ მთავრობების მიერ ძირგამოთხრილი დემოკრატიული პროცესის გამო“ - ნათქვამია დოკუმენტში.

  • დოკუმენტში ასახულია მხარდაჭერა „ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა მხარდაჭერაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“.

სტრიქონებს შორის: 2022 წლისგან განსხვავებით, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მიერ წამოწყებულ „არაპროვოცირებულ ომზე“ და მისი შეკავება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად იყო დასახული, წლევანდელ ვერსიაში საუბარია მხოლოდ „უკრაინის ომზე“.

  • საკუთრივ რუსეთის შესახებ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ „ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს“.

  • „რუსეთისა და ევროპის ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ჩართულობა როგორც ევრაზიაში სტრატეგიული ბალანსის პირობების აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის აღმოსაფხვრელად“ - ნათქვამია დოკუმენტში.

დიდი სურათი: დოკუმენტის მიხედვით, „უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფი და ხანგრძლივი შეწყვეტა“ შეერთებული შტატების ფუნდამენტური ინტერესია.

  • „ეს საჭიროა ევროპული ეკონომიკების სტაბილიზაციისთვის, უნებლიე ესკალაციის ან ომის გაფართოების პრევენციისთვის და რუსეთთან სტრატეგიული ბალანსის დასამყარებლად, ასევე იმისთვის, რომ პოსტსაომარ პერიოდში უკრაინამ შეძლოს აღდგენა და გადარჩენა სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოდ“ - ნათქვამია სტრატეგიაში.

  • შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ნატოს შესახებ ჩანაწერს ეხებოდეს - 2025 წლის დოკუმენტი მხარს უჭერს ნატოს გაფართოების შეწყვეტას, რასაც რუსეთი თითქმის 2 ათწლეულია ითხოვს.

ახლო აღმოსავლეთი: განახლებული სტრატეგიის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი აშშ-ისთვის აღარ უნდა იყოს პრიორიტეტი, ხოლო წარსულში ამერიკის ფოკუსის მიზეზად „რეგიონის ენერგეტიკული რეზერვები“ სახელდება.

  • ამასთანავე, სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის წახალისება და თავისი პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა რეგიონული პარტნიორებისთვის და ნაკლები აქცენტი გააკეთოს ამ ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

  • „ეს უნდა იყოს მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ჩინეთი: ტრამპის სტრატეგია ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში ჩინეთის გავლენის შემცირებას და ტაივანთან მიმართებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას.

  • ამასთანავე, საუბარია ჩინეთთან ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე, რაც აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ნაწილი უნდა იყოს.

  • „ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციულ მიდგომას - ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს სტატუს-კვოს ცალმხრივ ცვლილებას ტაივანის სრუტეში“ - ნათქვამია დოკუმენტში.

კონტექსტი: განახლებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მოქმედი ადმინისტრაციები ხშირად ცდილობდნენ შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების ცნების გაფართოებას „ისე, რომ მის მიღმა არცერთი საკითხი არ დარჩენილიყო“.

  • ტრამპის დოკუმენტი მწვავედ აკრიტიკებს ასეთ მიდგომას - „ყველაფერზე ფოკუსირება ნიშნავს არაფერზე ფოკუსირებას“.

  • „შეერთებული შტატები ყველა არსებული საზომით მსოფლიოს ყველაზე ხელგაშლილი სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ძალგვიძს, ვიყოთ თანაბრად ყურადღებიანი ყველა რეგიონისა და მსოფლიოში არსებული ყველა პრობლემის მიმართ“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები