ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მადურო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი სილია ფლორესი.

ვითარების არსი: "ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, შეწყვიტოს ვენესუელის ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის მცდელობები და ეს საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრას." - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ჩინეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ "აშშ-ის ქმედებები აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელ ძირითად ნორმებს, ისევე როგორც გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს."

ჩაშლილად: 3 იანვარს ამერიკულმა სპეცდანაყოფმა "დელტამ" ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო შეიპყრო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყვანა.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას იქამდე უხელმძღვანელებს, სანამ ქვეყანაში ხელისუფლების მკაფიო და უსაფრთხო გადაბარება არ მოხდება.
  • მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დატყვევებული ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ნიუ-იორკში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე ჩაფრინდა.

დიდი სურათი: ვენესუელის უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურმა პალატამ დაადგინა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი პრეზიდენტის შეასრულებს მოვალეობას მადუროს არყოფნის პერიოდში.

  • ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს ვენესუელის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს და მხარს უჭერს ბრძოლას ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოტრაფიკთან, თუმცა, ამავდროულად, მოუწოდებს მხარეებს, ეს პრობლემები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით გადაჭრან.

მსგავსი სიახლეები