აშშ-ირანის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები
აშშ დათანხმდა ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომლის ინიციატორიც პაკისტანი იყო - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს ღამით.
ვითარების არსი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაადასტურა თეირანის თანხმობა და განაცხადა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ირანი უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის „უსაფრთხო გავლის“ შესაძლებლობას „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით“.
- „ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა! ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო მიზანს. გარდა ამისა, ძალიან წინ წავედით ირანთან გრძელვადიან მშვიდობაზე და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“ - განაცხადა ტრამპმა.
- ეს ორკვირიანი პერიოდი უნდა იქნას გამოყენებული უფრო ფართო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, რომელმაც, შესაძლოა, ომი დაასრულოს.
- მოსალოდნელია, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს პარასკევს, ისლამაბადში გამართავენ. სავარაუდოდ, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უხელმძღვანელებს, ხოლო ირანულ დელეგაციას პარლამენტის სპიკერი ყალიბაფი.
- აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე ამოქმედდა და აშშ-მა ყველა საჰაერო იერიში შეაჩერა.
დეტალები: გამოცემა Axios-ის თანახმად, ორშაბათს, ტრამპის ულტიმატუმის მოახლოებასთან ერთად, ამერიკისა და ისრაელის ოფიციალური პირებისთვის ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალი: უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, მისცა მითითება თავის მომლაპარაკებლებს, რომ შეთანხმებისკენ გადაედგათ ნაბიჯი.
- ორშაბათს ღამით შუამავლებმა აშშ-სგან მიიღეს თანხმობა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის განახლებულ წინადადებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ხამენეისზე იყო დამოკიდებული, რომელიც, წყაროების თქმით, ორშაბათსა და სამშაბათს აქტიურად იყო ჩართული პროცესში.
- მასალის თანახმად, ორშაბათსა და სამშაბათს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხამენეის მეშვეობით გადიოდა: „მისი მწვანე შუქის გარეშე შეთანხმება არ შედგებოდა“, - აცხადებს რეგიონული წყარო.
- ირანს ჩიხიდან გამოსავლის პოვნისკენ ჩინეთიც მოუწოდებდა.
ისრაელი: პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა გავრცელდება ლიბანზეც, სადაც ისრაელი სამხედრო ინტერვენციას ახორციელებს.
- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ ისრაელი დაიცავს ამ რეჟიმს ირანთან მიმართებით.