ირანი ესკალაციაზე ფიქრობს, რადგან აშშ-ის ბლოკადამ ნავთობის ექსპორტი შეაჩერა - WSJ
აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ამან გამოაჩინა მისი სტრატეგიის პრობლემურობა, რომელიც ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენებასა და ნავთობის ექსპორტის "ჩრდილოვანი ფლოტის" გამოყენებით გაგრძელებას გულისხმობდა.
ვითარების არსი: თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად ჩანდა, რომ ირანმა მოიპოვა უპირატესობა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის შეფერხებით - მარშრუტით, რომელზეც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის.
- თუმცა, ამას შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადით უპასუხა, რამაც დარტყმა მიაყენა ტანკერების იმ ქსელს, რომლითაც სანქციების მიუხედავად, ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გრძელდებოდა.
- "არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ირანული ნავთობის გადამზიდმა რომელიმე ტანკერმა აშშ-ის ბლოკადა გაარღვია და ჩინეთამდე ან სხვა მყიდველებამდე მიაღწია," - წერს გამოცემა ანალიტიკურ კომპანია Kpler-ზე დაყრდნობით.
- სტატიის თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 44 კომერციულ გემს, რომელიც ირანის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, უკან გაბრუნება ან პორტში დაბრუნება უბრძანეს.
სტრიქონებს შორის: ალტერნატიული მარშრუტები შეზღუდულია. ირანის გადამზიდავთა ასოციაციის განცხადებით, ბლოკირებული პორტებიდან ვაჭრობის მხოლოდ 40%-ის გადამისამართებაა შესაძლებელი.
- ბლოკადამ გააღრმავა განხეთქილება ირანის მმართველ სისტემაში: ზომიერი ფრთა მოლაპარაკებებს ემხრობა, ხოლო რადიკალები ამტკიცებენ, რომ ბლოკადა ომის ტოლფასი აქტია და სამხედრო პასუხს საჭიროებს.
- "თეირანში ბლოკადას სულ უფრო ხშირად განიხილავენ არა როგორც ომის შემცვლელს, არამედ როგორც მის ერთ-ერთ გამოვლინებას," - განუცხადა გამოცემას ბერლინში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის, SWP-ის მეცნიერ-თანამშრომელმა, ჰამიდრეზა აზიზიმ.
დიდი სურათი: სტატიაში ნათქვამია, რომ ირანელი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ შესაძლო ესკალაციას ისეთი იარაღით, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ.
- ამავდროულად, რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულმა სააგენტო Tasnim-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტეში არსებული წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელების რუკა, რაც რეგიონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ გაფრთხილებად არის აღქმული.
- WSJ-ის ცნობით, გასულ უქმეებზე თეირანმა რეგიონულ შუამავლებს შესთავაზა წინადადება სრუტეში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, რის სანაცვლოდაც ითხოვდა ომის დასრულებას, აშშ-ის ბლოკადის მოხსნას და ბირთვული მოლაპარაკებების გადადებას.
- თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, მოემზადონ ხანგრძლივი ბლოკადისთვის, რომელიც მანამ შენარჩუნდება, სანამ ირანი მის მოთხოვნებს არ დათანხმდება.
- "ბლოკადა გენიალურია, ბლოკადა 100%-ით საიმედო აღმოჩნდა," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კონტექსტი: გამოცემის თანახმად, ომის და საზღვაო ბლოკადის გამო, ირანში მილიონზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, გაიზარდა ფასები სურსათზე და დოლარის გაცვლით კურსი 1.81 მილიონი რიალი გახდა.
- ირანის სტატისტიკის სამსხურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 21 მარტიდან 20 აპრილამდე სამომხმარებლო ფასები გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 73.5%-ით გაიზარდა.