ჰორმუზის სრუტეში ტრამპის „ჰუმანიტარულ“ ოპერაციას თეირანი მუქარით პასუხობს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ახალი, „ჰუმანიტარული“ ოპერაციის - „პროექტი თავისუფლების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. მისიის მიზანია დაეხმაროს იმ ასობით გემსა და 20,000-მდე მეზღვაურს, რომლებიც აშშ-ისრაელისა და ირანის კონფლიქტის გამო ორი თვეა ბლოკირებულნი არიან და საკვებისა და სხვა მარაგების დეფიციტს განიცდიან.

ვითარების არსი: Axios-ის ცნობით, ტრამპს სრუტის ძალით გახსნის გეგმა წარედგინა, თუმცა მან ამ ეტაპზე შედარებით ფრთხილი მიდგომა აირჩია. ორშაბათიდან აშშ-ის ფლოტი კომერციულ გემებს ნაღმებისგან თავდაცვის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და მზად იქნება ინტერვენციისთვის ირანის თავდასხმის შემთხვევაში.

  • რესურსები: CENTCOM-ის სარდლის, ადმირალ ბრედ კუპერის განცხადებით, მისიას მხარს დაუჭერს 15,000 სამხედრო, 100-ზე მეტი საფრენი აპარატი, სამხედრო ხომალდები და დრონები.

  • ტაქტიკა: ხომალდები გემებს უშუალოდ არ გააცილებენ, თუმცა მათ სიახლოვეს იქნებიან. ტრამპი დაიმუქრა, რომ ნებისმიერ ჩარევას ძალისმიერი პასუხი გაეცემა.

თეირანის პასუხი: ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა სარდლობამ აშშ-ის ძალები გააფრთხილა, არ შევიდნენ სრუტეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იერიშით დაემუქრა.

  • ალი აბდოლაჰის განცხადებით, სრუტის უსაფრთხოება ირანის ხელშია და ნებისმიერი მოძრაობა მათთან უნდა იყოს კოორდინირებული.
  • ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ებრაჰიმ აზიზიმ კი აღნიშნა, რომ აშშ-ის ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

დიპლომატია: პარალელურად, პაკისტანის შუამავლობით გრძელდება დიპლომატიური კონტაქტები. ირანმა აშშ-ის საპასუხო წინადადებები მიიღო და ამჟამად განიხილავს მათ.

  • ირანის წინადადება: თეირანი 14-პუნქტიან გეგმას სთავაზობს ვაშინგტონს, რაც ბლოკადის მოხსნასა და ომის დასრულებას გულისხმობს, თუმცა ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების გადადებას ომის შემდგომი პერიოდისთვის ითხოვს.

  • ვაშინგტონის მოთხოვნა: აშშ მოითხოვს, რომ ირანმა ომის დასრულებამდე დათმოს 400 კგ-ზე მეტი მაღალგამდიდრებული ურანი და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები.

დიდი სურათი: ამ ეტაპზე ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარის ფარგლებშია. ტრამპზე შიდაპოლიტიკური ზეწოლა იზრდება, რათა ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ბენზინზე ფასების შემცირება მოახერხოს. როგორც აშშ-ის მაღალჩინოსნები აცხადებენ, ან უახლოეს პერიოდში მიიღწევა რეალური შეთანხმება, ან ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო იერიშზე გადავა.

დაეწიე ამბავს: 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო ხომალდზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

  • სააგენტო Fars-ის ცნობით, ირანულმა მხარემ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდის მიმართულებით ორი რაკეტა მას შემდეგ გაისროლა, რაც ამ უკანასკნელმა სრუტის გადაკვეთისას ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
  • ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რომ რაკეტების მოხვედრის შედეგად ხომალდმა კურსის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის გამოც იძულებული გახდა უკან დაეხია და ტერიტორია დაეტოვებინა.
  • აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას სხვა საინფორმაციო საშუალებები არ ადასტურებენ.

მსგავსი სიახლეები