გადატრიალების შიშის ფონზე პუტინის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

კრემლმა ვლადიმირ პუტინის პირადი უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გააძლიერა. ამის შესახებ გამოცემა CNN ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

რა წერია ანგარიშში: კვლევის თანახმად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღება ბოლო პერიოდში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მკვლელობების ტალღამ და სახელმწიფო გადატრიალების შიშმა გამოიწვია. 

  • როგორც მედია წერს, სათვალთვალო კამერები რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის სახლებშიც კი დამონტაჟდა.

  • დოსიეს თანახმად, მზარეულებს, პირად მცველებს და ფოტოგრაფებს, რომლებიც პუტინთან მუშაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აეკრძალათ. 

  • გარდა ამისა, პრეზიდენტთან ვიზიტზე მისული სტუმრები ორმაგ შემოწმებას გადიან, ხოლო ის პირები, რომელთაც მასთან უშუალო კონტაქტში მუშაობენ, მხოლოდ ინტერნეტის არმქონე ტელეფონებს იყენებენ.

  • ანგარიშის თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მკვეთრად შეამცირეს იმ ადგილების რაოდენობა, რომლებსაც პუტინი რეგულარულად სტუმრობს. მან და მისმა ოჯახმა შეწყვიტეს სიარული თავიანთ ჩვეულ რეზიდენციებში მოსკოვის ოლქსა და ვალდაიში - პრეზიდენტის განცალკევებულ საზაფხულო მამულში, რომელიც სანქტ-პეტერბურგსა და დედაქალაქს შორის მდებარეობს.

  • გარდა ამისა, 2026 წელს პუტინს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ მოუნახულებია. შედარებისთვის 2025 წელს რუსეთის პრეზიდენტი ასეთ ობიექტებს რეგულარულად სტუმრობდა.

  • ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში კრემლი სულ უფრო ხშირად იყენებს წინასწარ ჩაწერილ ვიდეომასალას.

  • ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი კვირაობით რჩება მოდერნიზებულ ბუნკერებში. ეს ობიექტები ხშირად მდებარეობს კრასნოდარში - შავი ზღვის სანაპირო რეგიონში, რომელიც მოსკოვიდან რამდენიმე საათის სავალზეა.

გადატრიალების შიში: "კრემლი და თავად ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულნი არიან სენსიტიური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვით, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რისკით". - ვკითხულობთ ანგარიშში.

  • ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პუტინის მთავარი მეტოქე უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუა.

  • კვლევაში წერია, რომ შოიგუ "ასოცირდება სახელმწიფო გადატრიალების რისკთან, რადგან ის კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას სამხედრო სარდლობაში".

  • ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 5 მარტს შოიგუს ყოფილი მოადგილისა და ახლო მოკავშირის, რუსლან ცალიკოვის დაკავება განიხილება, როგორც "ელიტებს შორის არსებული დაუწერელი მფარველობის შეთანხმებების დარღვევა, რაც ასუსტებს შოიგუს და ზრდის ალბათობას იმისა, რომ თავად იგი აღმოჩნდეს მსჯავრდებულთა სკამზე". 

  • კრემლის შიშზე ასევე მეტყველებს მომავალი 9 მაისის აღლუმი, რომელზეც ომის დაწყებიდან პირველად სამხედრო ტექნიკა არ იქნება.

  • კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 9 მაისის შეზღუდვები უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი "ტერორისტული თავდასხმის" საფრთხით ახსნა.

მსგავსი სიახლეები